Accessibility links

logo-print

როგორ შეძლო შეუძლებელი მატიას რუსტმა?


მოსკოვში ზუსტად 20 წლის წინ გაუგნარი რამ მოხდა: მაშინდელ საბჭოთა დედაქალაქში, თან შუაგულ მოსკოვში, წითელ მოედანზე დაეშვა კერძო თვითმფრინავი,

რომელსაც არათუ ამის ნებართვა არ ჰქონია - თვითმფრინავში დასავლეთ გერმანიის მოქალაქე იჯდა, ვინმე მატიას რუსტი. მას თვითმფრინავი ფინეთში დაექირავებინა და შეუმჩნევლად შეჭრილიყო კლასობრივი მტრის - საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში.

19 წლის დასავლეთგერმანელი მატიას რუსტის სახელი ერთ დღეში გახდა ცნობილი მთელს მსოფლიოში. მან მართლაც შეუძლებელი შეძლო: გაარღვია მძლავრი საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ფარი ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩა და, რომ იტყვიან, ლომის ბუნაგში შეაღწია - წითელ მოედანზე დაეშვა.

[მუსიკა: გერმანული ჯგუფი “რობოკოპ კრაუსი”]

მატიაშ რუსტის ამბავი, რომელიც ახლაც კი, 20 წლის შემდეგაც აოცებს კაცს, რამდენიმე სიმღერაშია უკვდავყოფილი. გერმანულმა ჯგუფმა “რობოკოპ კრაუსმაც” უმღერა ახალგაზრდა იდეალისტს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მომცრო თვითმფრინავით წითელ მოედანზე დაჯდა და გაოგნებულ გამვლელებს გამოუცხადა, რომ მოსკოვში სამშვიდობო მისიით იყო ჩასული. მატიას რუსტს, მისივე განმარტებით, სურდა ამ სიმბოლური ჟესტით წარმოსახვითი ხიდი გაედო ცივი ომით გახლეჩილ დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის.

მაგრამ კეთილშობილური ჟესტი მას ძვირად დაუჯდა: მოსკოვში მატიას რუსტი დააპატიმრეს, 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მან 14 თვე დაჰყო მოსკოვის ლეფერტოვოს ციხეში, ვიდრე ვადამდე გაუშვებდნენ. ტრიუმფული არც გერმანიაში დაბრუნება გამოდგა: მატიას რუსტი გმირად არ ჩაუთვლიათ, პირიქით, პრესა მას დიდად არ წყალობდა - მითუმეტეს 1989 წლის მერე, როცა რუსტმა ჩხუბის დროს თანამშრომელი დაჭრა. მაშინ მას 5 თვე მოუწია ციხეში ყოფნა.

ბოლოხანს მატიას რუსტი ისევ ცდილობს 20 წლის წინანდელი უჩვეულო სამშვიდობო მისიით მოხვეჭილი იმიჯის გამოცოცხლებას. მან შექმნა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც, არც მეტი არც ნაკლები, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაა. ასე რომ, მატიას რუსტს დღემდე სჩვევია ძნელად მისაღწევი მიზნების დასახვა და, როგორც გაზეთ “ვაშინგტონ პოსტთან” მისი ინტერვიუდან შეგვიძლია დავასკვნათ, დღემდე უყვარს რისკზე წასვლა. ინტერვიუში მატიას რუსტი ამბობს, რომ ამასწინათ პოკერში 1 მლნ დოლარი მოიგო...

რაც შეეხება 20 წლის წინანდელ სენსაციას, (საყოველთაო აღიარებით, ფრიად სამარცხვინოს საბჭოთა გენერლებისთვის...) მატიას რუსტი არაფერს ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ ძვირად დაუჯდა წითელ მოედანზე თვითმრფინავით დაჯდომა. 1987 წლის რეისი “ჩემი ბედი” იყო, ბედს კი ვერსად გაექცევიო.

[მუსიკა: გერმანული ჯგუფი “რობოკოპ კრაუსი”]
XS
SM
MD
LG