Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველო და დიასპორა“ - თბილისში ქართული დიასპორების სამდღიანი ფორუმი დასრულდა


საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით "საქართველო და დიასპორა"

28 მაისს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საზეიმო ვითარებაში დაიხურა. მანამდე კი დიასპორის წარმომადგენლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ ქართველ ემიგრანტებს კიდევ ერთხელ მიეცათ ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარების საშუალება. შეკრებაზე ითქვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მიესალმებიან ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას. მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში მცხოვრები ქართველები იმედოვნებენ, რომ, მთავრობის ახალი სტრატეგიის წყალობით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური და საქმიანი იქნება. მინდა ქართველი ემიგრანტების სურვილებისა და იმედების შესახებ მოგითხროთ.

[ისმის მუსიკის ხმა]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს გულითადი მასპინძლობა გაუწია. კონცერტის დაწყებამდე ფორუმში მონაწილე ადამიანებმა იმ პრობლემებზე ილაპარაკეს, რომლებსაც ქართველი ემიგრანტები სამშობლოსთან ურთიერთობისას აწყდებიან. ამერიკაში მცხოვრები ელისო წიკლაური ამბობს, რომ ქართული დიასპორა წელიწადში ერთი შეკრებით არ უნდა დაკმაყოფილდეს:

[ელისო წიკლაურის ხმა] „შესანიშნავი იყო ყველაფერი, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ გასეირნება სამშობლოში და სასიამოვნო შეხვედრები თანამემამულეებთან. უნდა გავაკეთოთ საბჭო, სადაც თითო ქვეყნიდან თითო წარმომადგენელი მაინც შევა. ელექტრონული ფოსტის საშუალებით თვეში ერთხელ შევიკრიბებით და მოვიფიქრებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის.“

ელისო წიკლაურის ამ წინადადებას მხარს უჭერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც. მინისტრის მოადგილე თამარ მახარაძე ამბობს, რომ დიასპორასთან სისტემატური კავშირის დამყარებასა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს ის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ, სამინისტროს ინიციატივით, სულ ახლახან მიიღო:

[თამარ მახარაძის ხმა] „ინიციატორი გახლავთ ჩვენი სამინისტრო, თუმცა სხვა სამინისტროებიც ჩართულნი არიან. საგარეო საქმეთა, კულტურისა და განათლების სამინისტროები აუცილებლად ჩაერთვებიან ამ პროცესში. რაც მთავარია, თვითონ დიასპორა უნდა იყოს ჩართული, რადგანაც პროგრამულად ყველა ქვეყანას ერთ მოდელს ვერ მოვარგებთ. თვითონ უნდა წარმოადგინონ იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რაც თავად ემიგრანტებს მიაჩნიათ აუცილებლად. გასათვალისწინებელია მიმღები ქვეყნების სპეციფიკა.“

მიმღები ქვეყნების განსხვავების მიუხედავად, ქართული დიასპორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ემიგრანტებს ერთი რამ, სამშობლოს სიყვარული, აერთიანებთ. გიორგი სვანიძე ოცი წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს:

[გიორგი სვანიძის ხმა] „თურმე საქართველო ძალიან დიდი ყოფილა. 4 მილიონი ქართველი თურქეთში ვცხოვრობთ, რამდენიმე მილიონი კიდევ სხვაგან... საქართველო მაგონებს ხეს, რომლის ფესვები ვართ ჩვენ. სწორედ ამ ფესვებმა უნდა გაამაგროს და ააღორძინოს საქართველო.“

გიორგი სვანიძის თქმით, ქართველი ემიგრანტები ცდილობენ სამშობლოსთან როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი კავშირების შენარჩუნებას. იღუმენი დოსითე, ბელგიის წმინდა თამარ მეფის ეკლესიის მოძღვარი, ამბობს, რომ უცხოეთში გადახვეწილი თითოეული ქართველი თვითონაა საქართველოს ნაწილი:

[იღუმენ დოსითეს ხმა] „გენეტიკური ამბავია. ჩვენ მიწით ვიზრდებით და ამ მიწას ცოცხლად დავატარებთ ყველგან, სადაც ვართ. ასეთი ფილოსოფია, ასეთი მსოფლმხედველობა გვაქვს. ასე რომ, ჩვენ, ცოცხალი მიწა, ქართული მიწა, დავდივართ მთელ მსოფლიოში.“ (სტილი დაცულია)

მსოფლიოში მიმოფანტული ქართველების ბედით შეწუხებული ჩანს საქართველოს მთავრობა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი ამბობს, რომ ფორუმი „საქართველო და დიასპორა“ არ არის ერთჯერადი ღონისძიება:

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] „დიასპორა საქართველოსთვის არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება. ამ ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ ისეთი განცდა, რომ სახელმწიფო არ ფიქრობდა მათზე და ასეც იყო. ნახეთ, რომ ყველა ადამიანი თვალცრემლიანი საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფომ, როგორც იქნა, მიაქცია მათ ყურადღება და დაიწყო ფიქრი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე, რომ მათ არ იგრძნონ თავი მიტოვებულად.“(სტილი დაცულია)

გიორგი ხევიაშვილის თქმით, მიმდინარე წელი დიასპორის წლადაა გამოცხადებული. წელსვე იგეგმება უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლების დაფუძნება, კულტურული და სულიერი ცენტრების შექმნა, რათა, როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი განმარტავს, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არ მოსწყდნენ საკუთარ ფესვებს.






  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG