Accessibility links

logo-print

საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით მსჯელობას განაგრძობს


საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი - კერძოდ, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი”


- ითხოვს, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, სამთავრობო საათზე, პასუხი გასცეს შეკითხვებს ფერიის მთაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ”დემოკრატიულ ფრონტში” მიაჩნიათ, რომ აჭარაში, ფერიის მთაზე, მშენებარე ეკლესიის დანგრევის გამო პასუხი კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა უნდა აგონ. ერთია პრეზიდენტისა და კათალიკოს-პატრიარქის შეთანხმება, მეორე - კანონი და მის წინაშე ანგარიშვალდებულება, - აღნიშნავენ ისინი. ასე რომ, ფერიის მთის ინციდენტზე მსჯელობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი ამოწურულია და დანგრეული ეკლესიის შენება - განახლებული.


ფერიის მთაზე, სადაც ცოტა ხნის წინ მშენებარე ეკლესია დაანგრიეს, ეკლესიაც აშენდება და ქორწინების სახლიც. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
მანამდე კი მომხდარი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ სამწუხარო გაუგებრობად შეფასდა. ”გაუგებრობა აღმოფხვრილია”, - ითქვა გასულ კვირაში პარლამენტში ფერიის მთაზე მომხდარ ინციდენტზე მსჯელობისას, მაგრამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება. ოპოზიციამ ყურად არ იღო მოწოდება შეწყვიტოს რომის პაპზე მეტი კათოლიკეობა და ეკლესიასთან დაკავშირებული ინსინუაციები. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი” ითხოვს ფერიის მთის ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტს განმარტებები მისცეს. როგორც ფრაქციის ერთ-ერთი წევრი, ზვიად ძიძიგური, ამბობს, ნოღაიდელმა სამთავრობო საათზე უნდა გასცეს პასუხი დეპუტატებისა და მთელი საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს:


[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”გაგვცეს პასუხი, რა მოხდა მაშინ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მანამდე ჯვრები აიღეს; ამას გარდა, ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობას ეწინააღმდეგება ადგილობრივი გუბერნატორი. ამ ამბამდე იყო პრობლემები ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის.”(სტილი დაცულია)

მოთხოვნის არსი შემდეგია: მომხდარზე სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს, რომ შემდგომში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის უნდა ამოიწუროს პრობლემები. არადა, ხელისუფლებაში, მის მმართველ ძალაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პრობლემები არ არსებობს და ოპოზიცია გაუგებრობების აქცენტირებით პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობს. აი, როგორ უპასუხეს გასულ კვირაში ფერიის მთის ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვებს უმრავლესობიდან - გიგა ბოკერიამა და გიგი წერეთელმა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”როცა ბოლომდე გაკოტრებული ხარ პოლიტიკურად, როცა არაფრის შანსი არ გაქვს, ბუნებრივია, ხელებს იფშვნეტ ასეთ სიტუაციებზე, რომ ხალხი მოატყუო, რომ სიწმინდეების დამცველები ხართ. მინდა გითხრათ, რომ ბევრი იმედგაცრუება გელით მომავალშიც იმ საკითხთან მიმართებით, რაც ეხება ეკლესიის და სახელმწიფოს ჰარმონიულ ურთიერთობას და რწმენის თავისუფლებას.”(სტილი დაცულია)

[გიგი წერეთლის ხმა] ” არავითარი კონფლიქტი არ არსებობს. რაც მოხდა, ის იყო სამწუხარო გაუგებრობა და ეს გაუგებრობა ამოწურულია. ”

მაგრამ ოპოზიცია აღმოფხვრილ გაუგებრობაზე მსჯელობას მანამდე აპირებს, სანამ არ მიიღებს პასუხს შეკითხვაზე: ვინ გასცა ეკლესიის დანგრევის ბრძანება . ”დემოკრატიული ფრონტი” აჭარის მთავრობის მეთაურის ვარშალომიძის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მახარაძის და ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის შალვაძის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს. ზვიად ძიძიგურის თქმით:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”თუ პატრიარქმა აპატია ამ დამნაშავეებს, ეკლესიის სწავლება ამას გულისხმობს, მაგრამ, კანონის მიხედვით, უნდა დაისაჯონ.”(სტილი დაცულია)

კონსერვატორებმა აჭარის პროკურატურას მიმართეს ფერიის მთის ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით. ისინი პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს, აჭარის პროკურატურისგან კი გამოძიებას ელიან...




XS
SM
MD
LG