Accessibility links

logo-print

რა სათქმელით დაბრუნდება ოქრუაშვილი პოლიტიკაში


ქართული მასმედია - განსაკუთრებით, გაზეთები და რადიოპროგრამები -


საგანგებო ყურადღებას უთმობენ ირაკლი ოქრუაშვილის ფაქტორს და აქტიურ პოლიტიკაში მისი დაბრუნების ვერსიას. თავად ოქრუაშვილი საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია, თუმცა ქვეყნდება ცნობები მის არაოფიციალურ ვიზიტებზე საქართველოსა თუ უცხოეთის სხვადასხვა ქალაქში. ჟურნალისტები ვცდილობთ, მწირ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სავარაუდო გეგმები და პარტნიორები ამოვიცნოთ.

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას საზოგადოების ერთი ნაწილი სიხარულით ელოდება, მეორე ნაწილი - ერთგვარი შიშით, ბევრი კი, უბრალოდ, დარწმუნებულია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ არსებული კომპრომატები გამორიცხავს მისი მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებას. ალბათ, ამიტომაც გაჩნდა ორი “პროპრეზიდენტული” ვერსია. პირველის თანახმად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს ოქრუაშვილის დანიშვნაზე პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. მეორე ვერსიის თანახმად კი, ოქრუაშვილი ქმნის ახალ პარტიას, რომელიც დაუპირისპირდება პრეზიდენტის გარემოცვას, მაგრამ არა პირადად მიხეილ სააკაშვილს.

პირველი ვერსია არადამაჯერებელია, მეორე კი - არარეალური. ჯერ ერთი, პრეზიდენტის გარემოცვა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობდა ოქრუაშვილის გაძევებას ხელისუფლებიდან, დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ამ ადამიანებისთვის ოქრუაშვილის პრემიერობა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, რომ მათ ოდესმე დაუშვან თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაბრუნება სააკაშვილის გუნდის გავლენიან წევრად. რაც შეეხება ახალ პარტიას, რომელიც ოპოზიციური იქნება პრეზიდენტის გარემოცვის მიმართ, მაგრამ არ დაუპირისპირდება თავად სააკაშვილს: ასეთი რამ, უბრალოდ, ვერ შეიქმნება არსებული რეალობის გათვალისწინებით. მომავალი წლის შემოდგომაზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად ტარდება. ამიტომ, თუკი გაჩნდება ახალი ოპოზიციური პარტია, სერიოზული გეგმებით, მხარდამჭერთა სოლიდური რაოდენობით და, რაც მთავარია, ძლიერი ლიდერით, ამ ლიდერს უსათუოდ მოუხდება საპრეზიდენტო არჩევნებში უშუალოდ დაუპირისპირდეს მიხეილ სააკაშვილს. ოპოზიციური პარტია, რომლის ლიდერი თავს აარიდებს სააკაშვილთან პოლიტიკურ ბრძოლას, პროტესტულ ელექტორატს ვერ მიიზიდავს და საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწევს. ასე რომ, თუკი ოქრუაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი პარტიით დაბრუნდება, იგი იძულებული იქნება, ბოლომდე დაუპირისპირდეს ხელისუფლებას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრესაში არაერთი შეკითხვა დაისვა: ვინ მიემხრობა მას, ვინ დააფინანსებს, ვინ უზრუნველყოფს საინფორმაციო მხარდაჭერით და ასე შემდეგ. თუმცა ჯერჯერობით საჯარო სივრცეში არ დასმულა ყველაზე არსებითი შეკითხვა: რა სათქმელით დაბრუნდება პოლიტიკაში ირაკლი ოქრუაშვილი? ცნობილია, რომ მისი რეიტინგი ეყრდნობოდა და ეყრდნობა მისსავე ძლიერ, შემტევ იმიჯს. მისი ქარიზმის შინაარსია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - თუნდაც, ომის გზით - და შესაძლო ომისთვის ქვეყნის მომზადება.

ალბათ, არასერიოზული იქნება, თუ ოქრუაშვილი მთლიანად შეიცვლის იმიჯს და საზოგადოების მიმხრობას ლიბერალური ლოზუნგებით შეეცდება. სხვა რომ არაფერი, იგი რევოლუციური მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პიტალო და შეუვალი მინისტრი იყო, ნამდვილი “ქორი”, რითაც ხიბლავდა კიდეც საკუთარ მხარდამჭერებს.

მაგრამ იმის შემდეგ, რაც ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნა; იმის შემდეგ, რაც დიდი ლიახვის ხეობაში ჩავიდა ხელისუფლება და ოპოზიცია, გაჩნდა ფინანსები, დასაქმების შანსი და, რაც მთავარია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იმედი, საფიქრებელია, რომ ოქრუაშვილის იმიჯს საფუძველი სერიოზულად შეერყა. ინფორმაციის მიხედვითაც, დიდი ლიახვის ხეობაში, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ძალისმიერი რიტორიკისა და პოლიტიკის გამო, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, დღეს გულშემატკივრები შემოაკლდა. მით უმეტეს ბუნდოვანია, ვის მიიმხრობს იგი დანარჩენ საქართველოში. ოპოზიციური ლიდერის ნიშა თავისუფალია, მაგრამ, ვინ იცის, როგორი უნდა იყოს ეს ლიდერი?

ძნელი სათქმელია, ოქრუაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო რამდენი ნაბიჯით მიუახლოვდა თავის დაკარგულ ტერიტორიებს და ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, მაგრამ ფაქტია, რომ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან კურსს დღეს მეტისმეტად ბევრი მომხრე ჰყავს. ამიტომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, “ომის პარტიის” ლიდერს, ძალიან გაუჭირდება, საკუთარი იმიჯი საზოგადოების ამჟამინდელ მოთხოვნებს შეუთავსოს. რა სათქმელით დაბრუნდება ოქრუაშვილი პოლიტიკაში? - ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხი არც რეალობაში არსებობს და წარმოსახვაშიც ძნელად მოსაძებნია.


XS
SM
MD
LG