Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


”შეთანხმება მიღწეულია” - ”24 საათი” უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

ავტორი წერს: ”არჩევნების ვადა ცნობილია, მაგრამ უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები ამის შემდეგ. პოლიტოლოგთა ერთი ნაწილის აზრით, 30 სექტემბერი იანუკოვიჩის გამარჯვებაა, მეორე ნაწილის თქმით - დემოკრატიის”, - წერს მიმომხილველი და განაგრძობს: - ”პოლიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ყველაფერი კარგად იქნება. პრეზიდენტი შედეგებით კმაყოფილი ჩანს. მოროზსა და იანუკოვიჩს პარტნიორებს უწოდებს და არჩევნების თარიღის დანიშვნას დემოკრატიის გამარჯვებად მიიჩნევს.”

”სად კიევი და სად თბილისი? თითქოსდა, რა შუაში ვართ ჩვენ ყოველივესთან, რაც უკრაინაში ხდება?!” - კითხულობს ”ასავალ-დასავლის” ავტორი და შეკითხვას თავადვე უპასუხებს: ”შუაში კი არადა, თავში ვართ - თუკი მოსკოვს კიევში კოვზი ნაცარში ჩაუვარდება, უკრაინასაც თავს დაანებებს და ჩვენც... თუკი მოსკოვი კიევში წარმატებას მიაღწევს, ჩვენ მოგვდგება. დღეს კიევში ფერადი რევოლუციების ბედი წყდება. დღეს მოსკოვი ცდილობს დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ ფერადი რევოლუციების იმპორტი არაეფექტურია”, - წერს ”ასავალ-დასავალი”.

”ახალი თაობა” სახალხო დამცველთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს და, ბუნებრივია, ეხება საგანგებო ოპერატიული დეპარტამენტის უფროს ირაკლი კოდუასთან დაკავშირებულ სკანდალურ ინფორმაციასაც. სუბარი ინტერვიუში ამბობს: ”ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, თუ რა მექნა. ძალიან დიდხანს ეს საქმე არ გამიხმაურებია. საერთოდ, ვინმე რომ მიმხვდარიყო, ჩვენ ამ საქმით ვინტერესდებით, ხორგუანს იქიდან არავინ გამოუშვებდა”, - ამბობს სახალხო დამცველი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში და დასძენს: ”ყველამ იცის, რომ ეს ამბავი ისე იყო, როგორც მე მოვყევი. ყველამ იცის, როგორ ტყუილუბრალოდ ჩასვეს ეს ბიჭები. ეს იციან უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმაც, რომლებიც მესტიის რაიონიდან არიან.” ინტერვიუს სოზარ სუბართან, ”ახალი თაობის” გარდა, დღეს ”კვირის ქრონიკაც” აქვეყნებს. გარდა ამისა, ”კვირის ქრონიკაში” წაიკითხავთ ინტერვიუს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ დავით კოხრეიძესთან, რომელიც ამბობს: ”მე ველოდები შალვა როდის გამოვა, რომ ერთად დავსვა ბექაურიც და მაგიც და გავარკვიო, საერთოდ რა მოხდა.”

გაზეთი ”მთელი კვირა” ეკოლოგიურ პრობლემას ეხმაურება, პრობლემას, რომელსაც წლების ისტორია აქვს. ”აჭარას ზღვა უტევს. ნაპირსამაგრი სამუშაოების შეწყვეტისა და მდინარე ჭოროხის ენერგეტიკული ათვისების შემდეგ ბათუმის სანაპირო ზოლის წარეცხვამ კატასტროფული ხასიათი მიიღო. ამ პროცესზე თურქული კაშხლების სავარაუდო გავლენა წელს ჰოლანდიის სახელმწიფო კომისიამაც შეისწავლა. კომისიის დასკვნის მიხედვით, ”მდინარეს სანაპიროს ფორმირებისთვის საჭირო სედიმენტი აღარ ჩამოაქვს. თუ ყოველწლიურად ფსკერული ნატანი 450 000 კუბურ მეტრს შეადგენდა, 2015 წლიდან შავ ზღვამდე მხოლოდ 25-45 000 კუბური მეტრი მიაღწევს”, - წერს ავტორი და მოგვიანებით დასძენს, რომ აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად საქართველოს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის ღირებულების ქვიშის მოძიება და ზღვაში გადაყრა მოუწევს და რომ თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ ამოქმედდება, აჭარა პლაჟების გარეშე დარჩება. პუბლიკაციაში საუბარია იმაზეც, რომ კაშხლების არსებობა ზრდის მდინარის უეცრად ადიდების რისკსაც, რაც მოსახლეობას უქმნის საფრთხეს. შეგახსენებთ, პუბლიკაციას აჭარაში ეკოლოგიური საფრთხის შესახებ ”მთელი კვირა” აქვეყნებს”.

”კვირის პალიტრაში” დაიბეჭდა თანამემამულეებისადმი ნოე ჟორდანიას ვაჟის, რეჯებ ჟორდანიას, მიმართვა, რომელშიც ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ეხმაურება და წერს: ”წლევანდელ 26 მაისს მთელმა საქართველომ იზეიმა დამოუკიდებლობის გამოცხადების 89-ე წლისთავი. იყო აღლუმები, ფეიერვერკები, საზეიმო გამოსვლები და სხვა ღონისძიებები, როგორც ამ თარიღს შეეფერება. მაგრამ, სამწუხაროდ, ისევე როგორც წინა წლებში, არავის გაახსენდება ის ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე მიუძღვნეს 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებას. ყველა ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღე გაიგივებულია მის მომპოვებელ ხალხთან. პოლონეთში დიდი პატივით მოიხსენიებენ მარშალ პიდსუსკის, ამერიკის შეერთებულ შტატებში - ვაშინგტონს, ჩეხეთში - მასარიკს, ინდოეთში - განდის, საფრანგეთში - 1789 წლის რევოლუციონერებს. სად არის ამ დროს ნოე ჟორდანია, სად არიან 1918 წლის სოციალ-დემოკრატები?” - კითხულობს რეჯებ ჟორდანია, რომლის მიმართვას ”კვირის პალიტრა” ბეჭდავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG