Accessibility links

logo-print

როგორ აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2007 წლის მაისში გამოაქვეყნა ანგარიში,

სახელწოდებით ”რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის ქვეყნებისთვის.” ამ მოხსენების პრეზენტაცია 29 მაისსს თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, დევიდ ოუენმა მოაწყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გრძელდება ეკონომიკის ზრდის ბუმი. რა ცვლილებების შედეგად გაკეთდა ასეთი დასკვნა და კიდევ რა რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი?

საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის მოხსენებაში შთამბეჭდავს უწოდებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ზრდის საერთო რეგიონალური მაჩვენებელი 10 პროცენტს შეადგენდა. საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 9 პროცენტის ტოლია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის დევიდ ოუენის კომენტარი:

[დევიდ ოუენის ხმა] ”ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ზრდა იყო 9 პროცენტი და წელს მოსალოდნელია 10 პროცენტით ზრდა, თუ მეტი არა. ეს მონაცემი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ მოვლენების ფონზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში, კერძოდ, იგულისხმება რუსეთის სავაჭრო ემბარგო.”

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის სამი ფაქტორი დაასახელა. ესენია: დიდი რაოდენობით უცხოური კაპიტალის შემოდინება, სტრუქტურული რეფორმებისა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის უკეთ მართვა - ინფლაციის რეგულირება.

მათ შორის დევიდ ოუენმა ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის პოლიტიკა გამოყო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, ზომიერად გამყარდა, მაშინ როდესაც, უცხოური შემოდინებების გამო შესაძლებელი იყო კურსის რყევა და მისი გაუმართლებელი გამყარება. ეროვნული ბანკის ინტერვენციებს უარყოფითი შედეგიც მოაქვს. კერძოდ, ის იწვევს საქართველოში წარმოებული ექსპორტის შემცირებას, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი მაინც დადებითად აფასებს საქართველოს საექსპორტო საქმიანობას, რომლის ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 25 პროცენტს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის დევიდ ოუენის მოწონებას იმსახურებს ასევე საქართველოში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები:

[დევიდ ოუენის ხმა] "მინდა გამოვყო საქართველო, კერძოდ კი, მისი წარმატებები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სფეროში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინება საქართველოში უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეგიონის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში - მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული მაჩვენებლით. ჩემი აზრით, ეს მკაფიო გამოხატულებაა იმ წარმატებისა, რომელიც მოიტანა 2003 წლის შემდეგ განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებამ."

თითქმის ერთადერთი, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოწონებას არ იმსახურებს, ინფლაციის მაღალი დონეა, რაც, ძირითადად, უცხოური კაპიტალის შემოდინებით და ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯებითაა გამოწვეული. დევიდ ოუენი აქაც საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას აღნიშნავს. კერძოდ კი, 1 წლის წინ დაახლოებით 15 პროცენტიანი ინფლაცია იყო, რომელიც, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, 9 პროცენტამდე შემცირდა და მას შემდეგ არ შეცვლილა. მიუხედავად ამისა, დევიდ ოუენი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელით, საქართველოს მთავრობას მაინც მოუწოდებს, შეამციროს ბუჯეტის ხარჯები:

[დევიდ ოუენის ხმა] ”ვიტყოდი, აგრეთვე, რომ, მთლიანობაში, - სტანდარტების დიდი ნაწილის გათვალისწინებით, - ფისკალური პოლიტიკა საკმაოდ გონივრული აღმოჩნდა. ვგულისხმობ საბიუჯეტო დეფიციტს - ბოლო ორი წლის განმავლობაში მან საშუალოდ 3 პროცენტი შეადგინა. ნათელია, რომ, საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამის საშუალო ვადაში შენარჩუნება პრობლემა არ არის. საკითხი ის არის, რომ კაპიტალის შემოდინება მოსალოდნელზე ძლიერი იყო, ინფლაციური ზეწოლაც მოსალოდნელზე ძლიერი იყო. ასეთ გარემოში, გარკვეულწილად, უფრო მკაცრი მიდგომა და დეფიციტის შემცირება წაადგებოდა ვითარებას.”

საბიუჯეტო პოლიტიკის გამკაცრებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხარჯების შემცირებას გულისხმობს და საქართველოს მთავრობას ფულის სარეზერვოდ დაგროვებისაკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG