Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


ბიზნესმენისა და ყოფილი პარლამენტარის ზვიად ცეცხლაძის სადისტურმა მკვლელობამ ყველა გაზეთის პირველი გვერდი დაიკავა.

გაზეთი ”ახალი თაობა” მკითხველს შეახსენებს, რომ ათი დღის წინ თბილისის ცენტრში საქართველოს პარლამენტის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, პროფესორი გურამ შარაძე, მოკლეს. ”თბილისში ცხოვრება საშიში ხდება. სტაბილური საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ადამიანებს უპრობლემოდ ხოცავენ”, - წერს გაზეთი ”ახალი თაობა” და იმედს იტოვებს, რომ მკვლელობის ვერსიებზე საუბარი მალე დაიწყება. თუმცა ძირითადი ვერსია, რომელიც ზვიად ცეცხლაძის მკვლელობის პირველ დღესვე გავრცელდა, არ უკავშირდება ბიზნესმენის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობასა და ბიზნესინტერესებს. გაზეთ ”ალიას” თანახმად, ”პოლიცია ყაჩაღობას მიიჩნევს ცეცხლაძის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად, რომლის მიხედვითაც, ცეცხლაძეს ფულის გამოძალვისთვის შეუვარდნენ. ამ ვერსიის თანახმად, ყაჩაღებს შემოაკვდათ ცეცხლაძე, რომელსაც ასთმა და ჰაერის უკმარისობა აწუხებდა. თუმცა, პირველადი დათვალიერებით, ოფისიდან არაფერი არ არის წაღებული”, წერს გაზეთი ”ალია”და იხსენებს რამდენიმე შტრიხს ცეცხლაძის ბიოგრაფიიდან: ”ამ ადამიანს არასოდეს ახსოვდა ვის რა სიკეთეს უკეთებდა. 3000-მდე გამოჩენილი ქართველი, უბრალო მოქალაქეებსა და ოზურგეთელებზე რომ არაფერი ვთქვათ, მისი ნაყიდი კოსტიუმებით დადის.
მეტიც, ზოგიერთი, მისი ნაჩუქარი კოსტიუმით შემოსილი, ლანძღავდა კიდეც ტელეეკრანიდან, მაგრამ ცეცხლაძეს მათ მიმართ საყვედური არასოდეს დასცდენია”, - წერს გაზეთი ”ალია”.


ყოველდღიური გაზეთ ”24 საათის” მთავარი თემაა ევროკავშირის ფრთხილი დამოკიდებულება სანაკოევის ალტერნატიული ადმინისტრაციის მიმართ. გაზეთის თანახმად, გასულ კვირაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტის დროს ბრიუსელში, თბილისი შეეცადა სამხრეთ ოსეთში განხორციელებული საკუთარი ”ახალი პოლიტიკის” მხარდაჭერა მოეპოვებინა ევროკავშირში: ” ახალი რეალობა კონფლიქტის ზონაში ჯერჯერობით ვერ იქცა რეალობად საქართველოს დასავლელი პარტნიორებისათვის. კერძოდ, ევროკავშირი სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის მხარდაჭერას და სანაკოევის ადმინისტრაციის აღიარებას არ ჩქარობს. ევროპელებს ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი არ სურთ. ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპისაგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად თბილისს ხანგრძილივი და თანმიმდევრული მუშაობა მოუწევს”, - წერს გაზეთი ”24 საათი.

და კიდევ ერთი ცნობა გაზეთ ”24 საათიდან”, რომელიც მაინცდამაინც არ გაახარებს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს. გაზეთში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს ნაკრების წევრ შოთა არველაძესთან, რომელიც ჰოლანდიაში ასპარეზობს. საქართველოს ნაკრების წამყვანი თავდამსხმელი ამბობს, რომ მას ფეხის ტრავმა აქვს, რის გამოც 2 და 6 ივნისს ვერ ითამაშებს ლიტვისა და საფრანგეთის ნაკრებთა წინააღმდეგ.


XS
SM
MD
LG