Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითის ულტიმატუმი


ხვალ იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ წამოაყენა.

ულტიმატუმის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ დათქმულ დროში ეგრეთ წოდებული უკანონო ბლოკ-საგუშაგოების გაუქმება უნდა უზრუნველყოს, ლიახვის ხეობის ქართული სოფლების მოსახლეობამ კი შეძლოს დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციული სტრუქტურის რეგიონიდან განდევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოკოითი იმუქრება, რომ პრობლემას საკუთარი ძალებით მოაგვარებს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მუქარას სერიოზულად არ აღიქვამენ, მოქმედების სტრატეგიაზე თანხმდებიან.

„ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების არაადეკვატური მოქმედებების და, კერძოდ, პოლიტიკური ულტიმატუმის, პერმანენტული მუქარისა და რეგიონის დასახლებული პუნქტების ბლოკადის ფონზე, შერეული სამშვიდობო ძალების მიერ მანდატით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, თითოეული პრობლემის დეტალური და საგნობრივი განხილვა და, მათზე დაყრდნობით, კონფლიქტის ზონაში რეალური მოქმედებების განხორციელება არის ერთადერთი გზა შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად. მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან განვაგრძოთ კონსტრუქციული დიალოგი ზემოაღნიშნულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში, რომელიც 29 მაისითაა დათარიღებული. ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ქართული მხარე საჭიროდ მიიჩნევს პრიორიტეტების გამოკვეთას და კონკრეტული მოქმედებების დაწყებას. რაც შეეხება ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში მოსახლეობისა და სამართალდამცავებისთვის მოსალოდნელ საფრთხეს, მერაბ ანთაძის განცხადებით, ქართული მხარე მზადაა ადეკვატურ ზომებს მიმართოს.
„პროცესი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, დღეს დრო ჩვენზე მუშაობს“ - ასე აფასებს ვითარებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა]“არ არის საჭირო ნერვიულობა, მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც არის ცხინვალში, მოთოკონ ნერვები. იქ სიტუაცია ვითარდება ისე, როგორც უნდა განვითარდეს; იქ არის ლეგიტიმური სტრუქტურა, რომელიც აუცილებლად გახდება მიმზიდველი ცხინვალის რეგიონის მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომ ახლა, მე მგონი, ის დრო არის, როდესაც ჩვენ ყველამ, მათ შორის კოკოითიმ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვაშენოთ ერთიანი საქართველო.“

ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლისთვისაც პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარება კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. სხვათა შორის, ქართულ–ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესში საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის ჩართვის ორგანიზება ედუარდ კოკოითიმ რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმირ კოვალეკნოს სთხოვა. რუსეთის ელჩი ცხინვალში 29 მაისს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა. კონფლიქტის ზონაში ეს მისი პირველი ვიზიტი იყო. ვიზიტის დროს ელჩმა განაცხადა, რომ სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნა არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და ეს ფაქტი კონფლიქტის ზონაში დამატებით დაძაბულობას ქმნის. ქართულ–ოსური დაძაბულობის ახალ ტალღას კი ქართული მხარის ტერორიზმსა და კაცთმოძულებაში დადანაშაულებაც მოჰყვა. 30 მაისს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირზე ედუარდ კოკოითიმ ცხინვალისათვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტას პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მავნებლური აქტის კვალიფიკაცია მისცა. თუმცა, როგორც ჩვენი კორესპონდენტი გოგა აფციაური იუწყება, წყალსადენის ხელოვნურად დაზიანების პრობლემა რეგიონში ყოველწლიურად ჩნდება და იგი გვალვას უკავშირდება ხოლმე:

[გოგა აფციაურის ხმა] “ქალაქში წყალი დიდი ლიახვის სოფლების გავლით შედის. ედისი–ცხინვალის წყალსადენი ქართულ სოფლებში რამდენიმე ადგილასაა გახვრეტილი. ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალს სარწყავად იყენებს, ცხინვალში კი საკმარისი წყალი არ შედის.“

ამბობს გოგა აფციაური. მისი ინფორმაციით, ცხინვალს სასმელი წყალი უკვე სამი–ოთხი დღეა არ მიეწოდება. ასეთ პირობებში ცხინვალის მერია დედაქალაქის მიკრორაიონების მოსახლეობას სასმელი წყლით ორგანიზებულად ამარაგებს. პარალელურად კი ჩნდება ახალი ულტიმატუმი: იმ შემთხვევაში, თუ ცხინვალისათვის სასმელი წყლის მიწოდება უმოკლეს ვადაში არ აღდგა, ოსური მხარე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებს გადაუკეტავს წყალს. ამ შინაარსის წერილით ქართულ–ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის ე.წ. სამხრეთოსური მხარის თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა შერეული საკონტროლო კომისიის ყველა მხარეს, სამშვიდობოთა სარდალს და ეუთოსა და გაეროს საქართველოს წარმომადგენლობებს მიმართა. თავად კოკოითი კი ცხინვალისათვის წყლის მიწოდების აღდგენის სანაცვლოდ ტრანსკავკასიური მაგისტრალის გახსნას არ პირებს და მუქარას იმეორებს:

[ედუარდ კოკოითის ხმა] ”ტრანსკავკასიური მაგისტრალი ბლოკირებული იქნება, სანამ თვითმარქვია მთავრობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას არ დატოვებს. რაც არ უნდა ადმინისტრაციული ერთეულები შექმნან და რაც არ უნდა დაარქვან ამ ადამიანებს, ისინი ჩვენთვის მხოლოდ მოღალატეები არიან. სანამ ის ფორმირებები, რომლებიც ქურთასა და კეხვის მონაკვეთზე იმყოფებიან, იქიდან არ გავლენ და სამმხრივი საგუშაგოები არ გაიხსნება, და სანამ არ შეწყდება რესპუბლიკის ოსი და ქართველი მოსახლეობის კონფლიქტის პროვოცირების მცდელობები, ჩვენ მოქმედებას და ამ ღონისძიებების ჩატარებას განვაგრძობთ. არანაირი შესუსტება არ იქნება.“

ედუარდ კოკოითის მუქარას საქართველოს ხელისუფლების არც ერთ შტოში არ აღიქვამენ სერიოზულ საფრთხედ, მათ შორის, არც ოპოზიციაში, კერძოდ, საპარლამენტო ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტში”. ფრაქცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ურჩევს, კოკოითის დაკავების სპეცოპერაცია დაგეგმოს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] “ეს უნდა დააპატიმრონ, ეს ადამიანი, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ის ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის უსაფრთხოებას, მის უშიშროებას და ის, ჩვენი კანონმდებლობით, ჩვენი კონსტიტუციით,ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით, არის დამნაშავე და საჭიროა მისი დაპატიმრება.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG