Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და საქართველოს პოზიციები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით


30 მაისს თბილისში ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, რომელსაც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს სავაჭრო დეპარტამენტის უფროსი მაქსიმ მედვედკოვი ხელმძღვანელობს.

რუსეთისა და საქართველოს დელეგაციები დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებათა მაგიდას 31 მაისს მიუსხდებიან. მხარეთა შეხვედრის მთავარი თემა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესის მიმართ საქართველოს დამოკიდებულებაა. როგორც ცნობილია, ოფიციალური თბილისი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოსკოვის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.

რუსეთმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თითქმის ყველა წევრთან დაასრულა მოლაპარაკება გაწევრიანების თაობაზე. საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელიც კვლავაც მოითხოვს, ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოსკოვის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

უამრავი მოლაპარაკების მიუხედავად, მოსკოვმა ჯერჯერობით ვერაფრით შეძლო თბილისის დაყოლიება. საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთის სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ შემსუბუქების შემდეგაც არ შეცვლილა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კომენტარი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ჩვენ ვაპირებთ საუბარს როგორც თანაბარი პარტნიორები, რომელთაც, მე ვფიქრობ, ძალუძთ ერთმანეთის ინტერესების გაგება. გამშვები პუნქტების საკითხი, ანუ ლეგიტიმაცია ვაჭრობისა ორ ქვეყანას შორის, იქნება ჩვენი ერთადერთი პირობა რუსეთის გაწევრიანების გზაზე.”

ლაპარაკია თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, როკისა და ფსოუს საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგიტიმაციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ საბაჟო პროცედურებს ქართველი მებაჟეები უნდა ახორციელებდნენ, რითაც საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა ლეგალური გახდება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე და მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ კოვზირიძე აცხადებს, რომ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საბაჟო პუნქტების ლეგალიზების საერთაშორისო პრაქტიკა უკვე არსებობს:

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”ამგვარი რამ ხორციელდება უკრაინისა და მოლდოვას საზღვარზე, უფრო კონკრეტულად, უკრაინისა და დნესტრისპირეთის საზღვარზე. დნესტრისპირეთი თავისი პრობლემატიკით საკმაოდ ჰგავს ჩვენს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონის, სიტუაციას. ამ შემთხვევაში არის ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის მისია, რომელსაც აკისტრია მონიტორინგის ფუნქცია, მაგრამ ორივე ქვეყნის მებაჟეები ერთობლივად ახორციელებენ საბაჟო ადმინისტრირებას.”

ახლა რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა ხორციელდება მხოლოდ არალეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით, ანდა მესამე ქვეყნების გავლით. ორ ქვეყანას შორის ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტები რუსეთის მხრიდან დახურულია.

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი იყოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში...”

რუსეთში ანალიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემთხვევაში, ის ვეღარ აკძალავდა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას.

როგორც ცნობილია, რუსეთის ბაზარი დაკეტილია საქართველოში დამზადებული ღვინის, მინერალური წყლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვისაც.

ეს საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რომ გასაჩივრებულიყო, რუსეთი წააგებდაო, აღნიშნავს პოლიტოლოგი ვლადისლავ ინოზამცევი რუსეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

მოსკოვში ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთს გაუჭირდება საქართველოსთან მოლაპარაკება. ფეოდორ ლუკიანოვის, ჟურნალის ”რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში” რედაქტორის, აზრით, თბილისს არავითარი საფუძველი არა აქვს მოსკოვისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადადგას.
XS
SM
MD
LG