Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრა?


”24 საათი” ეხმაურება ინფორმაციას სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი სამიტის მსვლელობისას რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სავარაუდო შეხვედრის შესახებ

და მცირე გამოკითხვას სთავაზობს მკითხველს. რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ეს შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების თვალსაზრისით? ექსპერტი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ თავისთავად ეს შეხვედრა იქნება შედეგი და თუ ის შედგა, მხოლოდ და მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს: ”არ ვიტყოდი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ დიალოგი ურთიერთობის დინამიკაში პოზიტივს შეიტანს”. მეორე ექსპერტი, დავით აფრასიძე, ფიქრობს, რომ პუტინ-სააკაშვილის შესაძლო შეხვედრა ორი ქვეყნის ურთიერთობას არსებითად არ გააუმჯობესებს, ”მხოლოდ დროებით დათბობას შეიძლება ველოდეთ.” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა კი აცხადებს: ”თავისთავად, რუსეთი რომ შეხვედრას ლამობს, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი აღიარებს საქართველოს ხელისუფლების წარმატებულ პოლიტიკას კონფლიქტებთან მიმართებაში. განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ცხინვალის რეგიონი.”

”საყოველთაო ქონებრივი ამნისტია არ იქნება”, - ასეთი სათაურით ეხმაურება ”რეზონანსი” ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის შედეგებს. ავტორი წერს: ”ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც დიადი მიზნებით შეიქმნა, ისე დაიშალა, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა. ყოველ შემთხვევაში, მთავრობამ ”ქონების ლეგალიზების შესახებ” კანონპროექტი ზუსტად იმ სახით წარმოადგინა, რისი პრინციპებიც ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დაიწუნა. ოპოზიცია შიშობს, რომ ამ პროექტით რეალურად არაფერი შეიცვლება და ”ხელისუფლებას მესაკუთრეებზე ზეწოლისთვის შავი ხვრელები რჩება. უმრავლესობა კი ოპოზიციის არგუმენტებს ”ტყუილს” უწოდებს.” გაზეთის პირველ გვერდზე ქვეყნდება პუბლიკაცია, სათაურით ”მოტორისტის” ცოცხლად დამარხვაში ბრალდებული დეპუტატი ჩივილს არ აპირებს”, რომელიც უმრავლესობის წევრ რატი სამყურაშვილის მიმართ ოპოზიციის წარმომადგენელთა ბრალდებას შეეხება.

”ახალი თაობა” პუბლიკაციაში ”ლომაიას იმპიჩმენტი აუცილებელია” აშუქებს ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტში” გამართულ შეხვედრას, რომელზეც განათლების სამინისტროში კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე იმსჯელეს და რომელსაც სამინისტროს წარმომადგენელი არ დასწრებია. ”დარღვევები გამოვლინდა 2003-2004 წლებში საბიუჯეტო მიზნობრივ პროგრამებთან მიმართებაში, ასევე პროექტ ”ილია ჭავჭავაძის” განხორციელებისას. საუბარია სულ 40 მილიონი ლარის გაფლანგვაზე”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი და დასძენს, რომ ”კახა ლომაიას საპარლამენტო ოპოზიციის სწორედ იმ ნაწილმა გამოუცხადა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელიც სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ კახა ლომაიასა და მის რეფორმებს ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს. ახლა ეს დეპუტატები აღიარებენ, რომ შეცდნენ.”

”ახალ თაობაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან, სათაურით - ”ბოკერიას დამუნჯების ხერხი ვიცი”. ჟურნალისტის შეკითხვას საშემოსავლო გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით ექსპერტი უპასუხებს: ”სრულიად სხვადასხვა შთაბეჭდილება დამრჩა ბიზნესმენებთან შეხვედრისას ბატონი პრეზიდენტის მოხსენებაზე და ბოკერიას განცხადებებზე. ბოკერიას დამუნჯების ხერხი ვიცი. ეჭვი მაქვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიტყვა ”აბსურდი” ამოღებული იქნება ქართული ლექსიკონიდან, ბოკერიას დამუნჯება გარდაუვალია”, - ამბობს ცისკარიშვილი და დასძენს: ”როდესაც ეკრანზე გამოდის ფინანსთა მინისტრი და აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადი 25 პროცენტი გახდება, მე ვიზიარებ ბოკერიას აზრს, რომ ეს არის აბსურდი, მაგრამ ამ აბსურდის ავტორია არა ოპოზიციონერი, არამედ მის მიერვე ხელდასხმული ფინანსთა მინისტრი.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG