Accessibility links

logo-print

დავით კეზერაშვილი: "ქართულ კონტინგენტს ერაყში ირანიდან იარაღის მოძრაობის აღკვეთა მოუწევს." ექსკლუზიური ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან


საქართველო მესამე ქვეყანაა აშშ-ისა და ავსტრალიის შემდეგ, რომელიც ერაყში მოქმედი კოალიციის რიგებში წელს კონტინგენტის გაზრდას გეგმავს.

2400 კაცისგან შემდგარი მესამე მოტომსროლელი ბრიგადე ივნისის თვეში დაიწყებს გამგზავრებას ერაყში, ვასიტის პროვინციაში, რომელიც ირან-ერაყის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. გარდა ამისა, საზოგადოების აქტიური მსჯელობის საგანია საქართველოს მზარდი სამხედრო დანახარჯები. ამ და სხვა თემებზე კობა ლიკლიკაძემ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს.

კ.ლ. ბატონო დავით, საქართველოს ხელისუფლება ივნისის შუა რიცხვებში ბრიგადამდე გაზრდის სამხედრო მისიას ერაყში, რომელიც სიდიდით ისედაც მეოთხე ადგილზე იყო კოალიციაში. რით არის ნაკარნახევი და რა შედეგზეა გათვლილი ასეთი თამამი გადაწყვეტილება?

დ.კ. პირველ რიგში, აღნიშნული გადაწყვეტილება ნაკარნახევი არის იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც შექმნილი არის დღესდღეობით ერაყში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვართ მონაწილეები კოალიციის და მეოთხე ადგილზე ვართ სიდიდით კოალიციურ ძალებში დღეისათვის. მაგრამ ის ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს ერაყში, გადამწყვეტ ფაზაში შედის. როგორც თქვენთვის ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები ზრდის კონტინგენტს. რამდენიმე სხვა ქვეყანაც აპირებს, გაზარდოს კონტინგენტი იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ზოგადად, ასე ვთქვათ, ეს ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მთავარი მოკავშირისთვის, აშშ-სთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან პრინციპული ბრძოლა მათი და, შესაბამისად, ჩვენც - იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ სერიოზული მოთამაშეები გლობალურ პოლიტიკაში და ვაცხადებთ, რომ ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებლები, არამედ ვართ კონტრიბუტორებიც მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში - ბუნებრივია, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და აქედან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გავზარდოთ კონტინგენტი. გარდა ამისა, ჩვენ სერიოზულად ვაცხადებთ პრეტენზიას ნატოში გაერთიანებაზე, რაც თავისთავად, ბუნებრივია, გულისხმობს იმას, რომ ნატოში გაერთიანება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დაცვა, ანუ ჩვენი ქვეყნის დაცვა, არამედ სხვადასხვა სახის სამშვიდობო, თუ სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეობასაც გულისხმობს. და თუ ჩვენ სერიოზულად გვინდა, გავხდეთ ამ ალიანსის წევრები, ბუნებრივია, ჩვენ, გარკვეულწილად, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ ისე, როგორც მუშაობენ ალიანსის წევრი ქვეყნები.

კ.ლ. ნატოს თემაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ერაყთან მიმართებაში მინდა გკითხოთ: როგორც ამბობენ, ქართული ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილი ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე წინა. იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა ხნის თქვენ თავად ჩახვედით ალ კუტში, როგორ დაახასიათებდით საერთო ვითარებას ქართული ბრიგადის სამოქმედო არეალში და იმ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც თქვენს ხელქვეითებს მოუწევთ ერაყში?

დ.კ. ვერ დაგეთანხმებით, რომ ვასიტის პროვინცია, სადაც ახლა უნდა განლაგდეს ქართული ბრიგადა, არის იმაზე უფრო რთული, ვიდრე ის ადგილები, სადაც ახლა იმყოფებიან ქართველი ჯარისკაცები. მაგალითად, ბაქუბა არის ყველაზე "ცხელი წერტილი" დღესდღეობით ერაყში და იქ იმყოფება ქართული ქვედანაყოფი. უბრალოდ, ამოცანა აქვს სხვა ბაქუბაში. ამჟამად ამოცანა აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ბაზის დაცვა და იქ ერთი ხიდია, რომელსაც ასევე ვიცავთ. ანუ, ძირითადად, [ამოცანა] დაცვითია და ჩვენი ქვედანაყოფები არ ღებულობენ მონაწილეობას პატრულირებაში. განსხვავება ამ ორ მისიას შორის იქნება სწორედ ის, რომ ამჯერად საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადას პატრულირება მოუწევს ალ კუტში და მთლიანად ვასიტის პროვინცია მიბარებული იქნება ქართულ ბრიგადაზე, და თავიდან ბოლომდე, მთელი პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი. ეს არის მთავარი განსხვავება. რაც შეეხება იმას, მდებარეობს თუ არა ვასიტის პროვინცია "წითელ ზონაში": ამ წუთას ის არ არის "წითელ ზონაში", საკმაოდ მშვიდი პროვინციაა. მართალია, ის განლაგებული არის ირანის საზღვარზე, დღეისათვის იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. და მეტიც - ვასიტის პროვინცია ხასიათდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წყნარი პროვინცია დღესდღეობით ერაყში. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეული შეიარაღება გადმოდის ირანის ტერიტორიიდან ერაყში, რაზეც დღესდღეობით რეაგირება ვერ ხდება. და გადმოდის ამ პროვინციის გავლით, ბუნებრივია. რაზეც ქართველ ჯარისკაცებს მოუწევთ რეაგირება, რაც გულისხმობს, რომ გარკვეულწილად დაძაბულობა იქ გაჩნდება.

კ.ლ. ცნობილია, რომ ქართველ სამხედროებს ერაყში გამგზავრების წინ ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ კრწანისის პოლიგონზე. პროგრამას მთლიანად ამერიკის მხარე აფინანსებდა. აქედან გამოდინარე, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ერაყში დამატებითი ასეულების გაგზავნით საქართველო ერთგვარად ვალს უბრუნებს თავის სტარტეგიულ მოკავშირეს?

დ.კ. მოდით, ასე ვთქვათ: ცოტა ცუდი გამონათქვამია, მე მგონი, რომ "ვუბრუნებთ ვალს". მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ურთიერთობა, ყველა წესიერი ურთიერთობა არის, ზოგადად, ორმხრივი მოძრაობის გზა. შესაბამისად, როდესაც ვიღაცა დგამს ნაბიჯს ჩვენსკენ, ჩვენ ვალდებული ვართ, გადავდგათ ნაბიჯი იქითკენ. ეს არის არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ იგივე ალიანსი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ამდენს ვმუშაობთ, რომ გავხდეთ ამ ალიანსის წევრები. ეს ალიანსის წევრობა გულისხმობს, ასევე, ორმხრივ მოძრაობას. ბუნებრივია, რაღაცას გვიკეთებენ სხვა ქვეყნები, რაღაცას ვაკეთებთ ჩვენ. ეს არის, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, ისე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში და ყველგან. არ შეიძლება, ეს იყოს ცალმხრივი.

კ.ლ. კიდევ ერთი შეკითხვა ერაყზე და ამჯერად უკვე ავღანეთზეც. საქართველო სულ მალე აპირებს, ერთი ქვედანაყოფი ავღანეთშიც გაგზავნოს. 270-მდე ქართველი მშვიდობისდამცველი, ამას გარდა, იმყოფება კოსოვოში. 2000 კაცი იქნება ერაყში... ცოტა ბევრი ხომ არ არის იმ ქვეყნისთვის, რომელსაც თავის ტერიტორიაზე ორი მოუგვარებელი კონფლიქტი აქვს? და ბარემ აქვე გკითხავთ სად შეიძლება ქართველმა სამხედროებმა გამოიყენონ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მიღებული გამოცდილება, როდესაც ისინი დაბრუნდებიან ერაყიდან?

დ.კ. შემიძლია გითხრათ, რომ ავღანეთში ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომ ასეულის დონის ქვედანაყოფს გავგზავნით. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ოცეულზე, სპეციალური დანიშნულების ოცეულზე, რომელიც შესაძლებელია, გაგზავნილი იქნეს ავღანეთში. რაც შეეხება იმას, ბევრია თუ არა. მოდით, ასე ვთქვათ: ცოტა არ არის, ბუნებრივია. მაგრამ ეს კეთდება იმ ამოცანების მისაღწევად, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ისევ და ისევ ეს ემსახურება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შემდეგ, ბუნებრივია, გლობალურად მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვაპირებთ იმ ბიჭების გამოყენებას, რომლებიც დაბრუნდებიან შემდეგ სამშვიდობო მისიიდან: ისინი შეასრულებენ თავიანთ საქმეს. ისინი დაბრუნდებიან საქართველოს ჯარში, როგორც არიან ახლა. და მათი გამოცდილება, თუ საჭირო გახდა, გამოყენებული იქნება ისე, როგორც საჭირო იქნება. არ დავაკონკრეტებ, თუ შეიძლება.

კ.ლ. ბატონო დავით, დავუბრუნდეთ საქართველოს. ბოლო ორი წელია, საქართველომ მყარად დაიმკვიდრა პირველი ადგილი, ე.წ. "მილიტარიზებულ" სახელმწიფოებს შორის. ახლაც, წლის შუაგულში, მთავრობა აპირებს, ორჯერ გაზარდოს თავდაცვის სფეროს დაფინანსება, რასაც გულწრფელად გილოცავთ. თუ საიდუმლო არ არის, როგორ აპირებთ მილიარდ ლარამდე თანხის განკარგვას?

დ.კ. რა თქმა უნდა, ნაწილი საიდუმლოა, რომელსაც არ გეტყვით. მაგრამ, ძირითადად, ამ თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის განვითარებას; მოხმარდება ჯარისკაცებისა და ოფიცრების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა აუცილებელი აღჭურვილობის შეძენას, რომელიც სჭირდება თანამდეროვე არმიას. მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ საქართველო არის განსაკუთრებით მილიტარიზებული ქვეყანა და რაღაც განსაკუთრებული ხდება. ეს ყველაფერი არის, უბრალოდ, იმ ფონზე, რაც იყო სამი წლის წინ. მოგეხსენებათ, - დიდი ხანია ამ სფეროში ხართ - სამი წლის წინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი იყო 50 მილიონი ლარი, რომელიც ვერც სრულდებოდა, ბუნებრივია, როდესაც 50-დან გახდა 200, დაიწერა, რომ გაოთხმაგდა. თუმცა, ეს ორასიც არ იყო საკმარისი. ეს ტემპი შეჩერდება, იქიდან გამომდინარე, რომ რასაც ვიწყებთ, ვიწყებთ სწარაფად და ის უფრო ჩანს და შემდეგ სტაბილური ხდება. ეს არის და ეს. ანუ ჩვენ, უბრალოდ, ვაშენებთ ჯარს. ჩვენ დავიწყეთ ჯარის შენება ნულიდან - საერთოდ არაფერი არ იყო. და დღესდღეობით გვყავს თანამედროვე შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს სხვადასხვა ამოცანები, მათ შორის საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მიიღოს მონაწილეობა. ეს ყველაფერი არ არსებობდა. ბუნებრივია, იმის ფონზე, რაც იყო, ჩანს, რომ ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯებით მივდივართ მილიტარიზაციისკენ. არავითარ შემთხვევაში ასე არ არის! ჩვენ, უბრალოდ, ვაშენებთ პატარა, მაგრამ ძალიან მობილურ, თანამდეროვე არმიას, რომელსაც შეეძლება, შეასრულოს ყველა ის ამოცანა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დაავალებს.

კ.ლ. თქვენის ნებართვით გადავალ ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე. საქართველო ნატოს წევრობას უმიზნებს. საინტერესოა, რამდენად უპასუხებს სამხედრო სისტემა და ოფიცერთა კორპუსი ალიანსის მოთხოვნებს მათი მომზადებისა და მოტივაციის, თუნდაც ინგლისური ენის ცოდნის დონით?

დ.კ. თავდაცვის კუთხით, მე შემიძლია გითხრათ, რომ თავდაცვის სამინისტრო 95 პროცენტით მზად არის ნატოს ალიანსში გაწევრიანებისთვის. ვგულისხმობ ამაში როგორც ოფიცერთა მომზადებას, ისევე სამოქალქო ნაწილს თავდაცვის სამინისტროსი, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას და ა.შ. ანუ ვგულისხმობ ყველაფერს, რისგანაც შედგება თავდაცვის სამინისტრო. მიმდინარეობს რეფორმები, მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფი ტემპით. ბოლო გამოხმაურება ბრიუსელიდან არის ძალიან დადებითი იმ რეფორმების მიმართ, რომელიც გატარებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. დარჩენილი არის მცირეოდენი რეფორმები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად სწრაფად დავასრულებთ.

კ.ლ. თქვენ ბრძანეთ, რომ [შესრულება] 95 პროცენტია. ოპონენტები გაცილებით უფრო პესიმისტურ ციფრებს ასახელებენ. რა არის სამხედრო ხაზით ის ძირითადი ნაკლოვანება თუ ხარვეზი, რაც ნატოში გაწევრიანებამდე არის გამოსასწორებელი?

დ.კ. ეს არ არის რაღაც ძალიან რთული ან გადამწყვეტი რეფორმები გასატარებელი, რომელიც დარჩა. უბრალოდ, მოგეხსნებათ, ყველაფერი ერთბაშად, ერთად და ერთ დღეში ვერ კეთდება. ახლა დავიწყეთ და ვაკეთებთ ქსელს, რომელშიც ჩართული იქნება მთლიანად თავდაცვის სამინისტრო ყველა თავისი ნაწილით. ეს არის ნატოს ერთ-ერთი მოთხოვნა. ეს უზრუნველყოფს ბიუჯეტირებას, თანხების ხარჯვის გამჭვირვალეობას, ლოგისტიკურ უზრუნველყოფას და ასე შემდეგ. დარჩა მსგავსი რეფორმები, რომლებიც გასატარებელია აუცილებლად, მაგრამ მოითხოვს დროს. ეს ვერ კეთდება, უბრალოდ, ერთ დღეში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებსაც ესმით, რომ ეს არ არის ის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს ერთ ან ორ დღეში. ამას სჭირდება დრო. მთავარია, არსებობს ნება.

კ.ლ. ბატონო დავით, ერთი წელი სრულდება თითქმის, რაც თავდაცვის მინისტრი გახდით....

დკ. 6 თვეზე ცოტა მეტი...

კ.ლ. დიახ. რა არის თქვენი მთავარი მიღწევა ამ ხნის განმავლობაში?

დ.კ. რაც შეეხება იმას, თუ რა მოვასწარით, მოდით, ასე ვთქვათ, ამ წუთას ვერ ვიტყვი, რა მოვასწარი. მე შემიძლია გითხრათ, რა დავიწყეთ და რას ვაკეთებთ. საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია თავდაცვის სამინისტროში რაიმეს გაკეთება, იმიტომ, რომ, უბრალოდ, ვერ კეთდება ხოლმე ერთ დღეში... ერთი უკვე გითხარით - დავიწყეთ ლოგისტიკის, ბიუჯეტირებისა და ადამიანურის რესურსების მართვის მოწესრიგება. იმიტომ, რომ აქამდე ეს იყო საკმაოდ სერიოზული პრობლემა. უბრალოდ არ არსებობდა - ყველაფერი კეთდებოდა რაღაც ფურცლებით. ჩვენ დავიწყეთ რეზერვისტების ახალი პროგრამა, რომელიც მე შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან წარმატებული. ხალხი ძალიან დიდი სიამოვნებით მოდის რეზერვში. პირობები არის ზუსტად ისეთი, როგორიც აქვს რეგულარულ ჯარს - კვება იქნება, თუ ყაზარმა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა რამე. როგორც ნახეთ აღლუმზე, არის ახალი ფორმა, რომელიც პირადად მე ძალიან მომწონს. კიდევ რა ვიცი? კიდევ ბევრი ახალი რაღაც მიმდინარეობს. თუმცა, ჯერ არ არის დასრულებული. 6 თვე არ არის საკმარისი ვადა იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტროში რაიმე დაიწყო და დაამთავრო. იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ სტრუქტურაა და ბევრი დრო მიაქვს ამ ყველაფერს. ვნახოთ. შეფასება მერე იქნება თქვენგან, ალბათ.

კ.ლ. დაბოლოს, ბატონო დავით, თქვენ ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი ხართ მსოფლიოში. მე გისურვებთ პოლიტიკურ დღეგრძელობას, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან თქვენი წინამორბედები პოლიტიკურ დღეგრძელობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიან. რამდენ ხანზეა გათვლილი თქვენი სამოქმედო გეგმა?

დ.კ. კი, აღმოჩნდა, რომ ვარ ყველაზე ახალგაზრდა. ჩემი სამოქმედო პროგრამა მე არ ვიცი, რამდენ ხანზე მაქვს გათვლილი. გათვლილი არის იმდენ ხანზე, რამდენი ხანიც მე ვიქნები საჭირო, მოდი ასე ვთქვათ. ამას მე არ ვწყვეტ. მე ყოველთვის ვიყავი იქ, სადაც იყო საჭირო ჩემი ყოფნა და ვიქნები იქ, სადაც დამავალებენ და იქნება საჭირო, რომ ვიყო. რაც შეეხება, ზოგადად, პოლიტიკას თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის სამინისტრო ზუსტად ახლა ასრულებს მუშაობას გრძელვადიან პროგრამაზე. შესაბამისად, ის გაიწერება ხუთ-ექვს წელიწადზე. თუმცა, მას ვინ დაასრულებს, ამას ვერ გეტყვით.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG