Accessibility links

კონფლიქტი კვლავ რჩება ქართული პრესის მთავარ თემად


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 31 მაისს სანკტ-პეტერბურგში მონაწილეობას მიიღებს დსთ-ის წევრი ქვეყნების საერთაშორისო ასამბლეის მუშაობაში.

რუსეთში გამგზავრებამდე ბურჯანაძემ ინტერვიუ მისცა გაზეთ ”24 საათს”. ინტერვიუში პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შედგება და ამ შეხვედრას გარკვეული პოზიტივი მოჰყვება. ”რთული ურთიერთობის მუხედავად, რუსეთს ნამდვილად შეუძლია და აქვს სერიოზული შესაძლებლობა, შეასრულოს პოზიტიური როლი ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირებაში. აქვს დიდი შანსი იმისა, რომ ნაბიჯები გადადგას ნორმალიზებისაკენ, თუკი მას უნდა, რომ ჰქონდეს ნორმალური ქვეყნის იმიჯი”, - აცხადებს ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე.

თუმცა ”ნორმალური იმიჯის” შენარჩუნების რუსულ პროექტზე, მოლდოვასა და დნესტრისპირეთის მაგალითზე, საუბარია ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ მეორე სტატიაში: ”მოსკოვი მოლდოვას დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების გზას სთავაზობს, რომელიც მოლდოვას გაერთიანებას, ქვეყანაში რუსული ჯარების დატოვებას და რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეში მის მოქცევას გულისხმობს. რუსეთი ასევე მზადაა, ამ გეგმაზე კიშინიოვის თანხმობის შემთხევაში, მოლდოვურ ღვინოზე ემბარგო მოხსნას, რაც, დაპირების მიუხედავად, დღემდე არ მომხდარა”, - წერს ქართული გაზეთი ”24 საათი”.

კონფლიქტის, კერძოდ კი, ცხინვალისა და თბილისის დაძაბული ურთიერთობის თემა დომინირებს სხვა ქართულ გამოცემებშიც. ”რას გაბედავს კოკოითი?” - სვამს შეკითხვას გაზეთი ”რეზონანსი” და მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ 31 მაისს იწურება ულტიმატუმის ვადა, რომლის თანახმად, დიმიტრი სანაკოევის პროქართულმა ადმინისტრაციამ უნდა დატოვის ცხინვალის რეგიონი. ”რეზონანსის” თანახმად, ”საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოკოითის მოუწოდა თავი ხელში აიყვანოს და ნერვები მოთოკოს. პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა კი პირდაპირ მოითხოვეს სპეცოპერაციის ჩატარება ცხინვალში და ედუარდ კოკოითის დაპატიმრება”, - წერს 31 მაისის ”რეზონანსი”.

კონფლიქტის ზონაში ვითარების მოსალოდნელ გართულებაზე საუბრობს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების საკითხებში მერაბ ანთაძე გაზეთ ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში და შეკითხვას, რა ადეკვატური ზომების მიღება იგულისხმება, თუ ცხინვალის ხელისუფლების მხრიდან გაჩნდა საფრთხე, უპასუხებს: ”საუბარია იმაზე, რომ თუ ჩვენს მოსახლეობას გაუხსნიან ცეცხლს, მივმართავთ ადეკვატურ ზომებს.”
XS
SM
MD
LG