Accessibility links

logo-print

ვნებათაღელვა ”ქონების ლეგალიზების შესახებ” კანონპროექტის ირგვლივ


საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ”ქონების ლეგალიზაციის შესახებ.” პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია.

ის ითვალისწინებს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონების ლეგალიზებას. საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი აღნიშნულ კანონპროექტს იმ მუხლის გამო ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად ქონების ლეგალიზების პრინციპი არ გავრცელდება იმ პირებთან მიმართებით, რომელთა ქონებასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია ადმინისტრაციული სარჩელი. არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი მიდგომა არ არის სამართლიანი. კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზიებზე მინდა გესაუბროთ.

დეპუტატ კოკა გუნცაძის აზრით, ”ქონების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს” ორი ძირითადი ნაკლი აქვს. პირველი - კანონპროექტი არ ითვალისწინებს რესტიტუციის პრინციპს, არ ითვალისწინებს ქონების დაბრუნებას იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკანონოდ ჩამოართვეს ის, წაართვეს, დაუნგრიეს და, მეორე - კანონპროექტი არ ეფუძნება საყოველთაობის პრინციპს. კანონპროექტის თანახმად, ქონების ლეგალიზების წესით ვერ ისარგებლებენ პირები, ვის ქონებასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება:

[კოკა გუნცაძის ხმა] ”ორივე ეს პრინციპი - რესტიტუციის პრინციპი და საყოველთაობის პრინციპი - უნდა იყოს ჩადებული ამ კანონში. სხვანაირად ის დაიცავს არა პრივატიზაციის შედეგებს, არამედ დეპრივატიზაციის შედეგებს და ხელს შეუწყობს იმ უკანონობის დაკანონებას, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევით. ”

კანონპროექტის მიმართ თავიანთ პრეტენზიებზე კოკა გუნცაძემ და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა - გია თორთლაძემ, კახა კუკავამ და სხვებმა - 31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. კახა კუკავას ნათქვამის მიხედვით თუ განვმარტავთ პრეტენზიის არსს, ქონების ლეგალიზების შესახებ კანონი, მიღებისა და ამოქმედების შემდეგ, არ შეეხება ადამიანებს, რომლებიც მერიამ გამოასახლა ბინებიდან, ლტოლვილებს, რომლებსაც დაუნგრიეს სავაჭრო ჯიხურები, პირებს, რომლებსაც იძულების წესით გააჩუქებინეს ქონება. კუკავას თქმით, კანონი საერთოდ არ შეეხება იმათ, ვის მიმართაც უკვე განხორციელდა რეპრესიები და თეორიულად გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს ისედაც არა აქვს პრეტენზია. მაგალითისთვის, თუ ორ ადამიანს წლების წინ თბილისის მერიამ ერთნაირი კანონდარღვევით აჩუქა ბინა და დღეს ბინის მესაკუთრეს სახელმწიფოსგან შეექმნა პრობლემა წარსულში ჩადენილი კანონდარღვევის გამო, კანონდარღვევისა, რომელიც მერიამ ჩაიდინა, ქონების ლეგალიზება მოხდება მხოლოდ იმისთვის, რომლის საქმესთან დაკავშირებითაც არ მიმდინარეობს გამოძიება ან სასამართლოში არ არის შესული ადმინისტრაციული სარჩელი.

[კახა კუკავას ხმა] ” არაფერში დამნაშავე არ არის ნინელი ჭანკვეტაძე იმის გამო, რომ იმ ბინასთან დაკავშირებით დაიწყო სამართალწარმოება, სხვების მიმართ კი არა. 9 ოჯახს დაუტოვეს. კანონი განსხვავებულ სიტუაციაში არ უნდა აყენებდეს ადამიანებს. ეს არის კანონის წინაშე ადამიანების უთანასწორობა, რაც ჩადებულია ამ კანონში. სასამართლო რას გადაწყვეტს, ჩვენ ვიცით. ”(სტილი დაცულია)

კახა კუკავას და სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს არ ეთანხმება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. ბეჟაშვილს არ მიაჩნია, რომ კანონპროექტი არღვევს საყოველთაობის პრინციპს და არ ფიქრობს, რომ
სასამართლო უსამართლო იქნება იმ პირების მიმართ, ვისაც სახელმწიფო ქონებას შეედავა:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ”თანასწორობის პრინციპი დარღვეული ვერ იქნება. თუ ლეგალიზების პრინციპს სასამართლოში არსებულ ცალკეულ საქმეებზე გავავრცელებდით და ცალკეულზე არა, თანასწორობის პრინციპი მაშინ დაირღვეოდა. მაგრამ ასე არ ხდება. გამოცხადდა, რომ იმ საქმეებზე, რომლებზეც მიდის დავა, სახელმწიფო შეღავათებს არ აწესებს და დაე, სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ”

აი, ასე ფიქრობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ოპოზიციაში კი სასამართლოს არ ენდობიან. საპარლამენტო ოპოზიცია წარადგენს ”ქონების ლეგალიზების შესახებ” ალტერნატიულ პროექტს, რომელიც საყოველთაობის პრინციპსაც გაითვალისწინებს და რესტიტუციის პრინციპსაც.
XS
SM
MD
LG