Accessibility links

ხობში იხსნება საერთაშორისო ფესტივალი ”სიმღერა სამეგრელოზე”


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 2-3 ივნისს ხობში დიდ სტუმრიანობას ელიან. იქ მესამე საერთაშორისო ფესტივალი, ”სიმღერა სამეგრელოზე”, იხსნება.

მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტები ზურაბ სოტკილავა, ელენა ობრაზცოვა და მაყვალა ქასრაშვილი, მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების სოლისტი პაატა ბურჭულაძე, ანსამბლები ”რუსთავი” და ”ერისიონი” და სხვები - ეს ხობის ფესტივალის მონაწილეთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ხობში საერთაშორისო ფესტივალი ”სიმღერა სამეგრელოზე” წელს მესამედ იმართება. წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია არა მხოლოდ მონაწილეების რაოდენობით, არამედ მრავალფეროვნებითაც - ფესტივალის დღეებში დაგეგმილია სამეგრელოს ფოლკლორის 7 უნიკალური გამოკვლევისა და 9 აუდიო კომპაქტდისკის პრეზენტაცია. გაიხსნება მეგრული სიმღერის პატრიარქის ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი, სადაც უნიკალური ექსპონატები გამოიფინება. იქვე მოეწყობა ფონოთეკა და ხმის ჩამწერი სტუდია.

თუმცა ფესტივალის განსაკუთრებული მოვლენა იქნება ამ ფესტივალის ერთ-ერთი მუდმივი მონაწილის, დიდი თეატრის სოლისტის ზურაბ სოტკილავას, იუბილე. ფესტივალის იდეის ავტორისა და ორგანიზატორის, პარლამენტარის, ფონდ ”ხობის” პრეზიდენტის გოდერძი ბუკიას განცხადებით, მიუხედავად იმისა,რომ საიუბილეო დღეებმა ჩაიარა, ზურაბ სოტკილავას მიმართ სიყვარულის გამოხატვა არასდროს გვიან არ არის:

[გოდერძი ბუკიას ხმა] ”გვინდა ბატონ ზურაბს მოვეფეროთ სამეგრელოში. ის საშუალებას არ გვაძლევს - თვითონ გვეფერება აქეთ და მან უნდა იმღეროს - ასეა გადაწყვეტილი.” (სტილი დაცულია)

გადაწყვეტილია, ხობის საიუბილეო კონცერტზე რა უნდა იმღეროს პირველად - დიმიტრი არაყიშვილის რომანსი ”ოდეს შენ გიცქერ”. ზურაბ სოტკილავა, რომელსაც წელს 70 წელი შეუსრულდა, სიამოვნებით იხსენებს ამ რამდენიმე დღის წინ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ გალა-კონცეტრს, როცა დარბაზი მასთან ერთად ამღერდა:

[ზურაბ სოტკილავას ხმა] ”ოპერაში ხალხს არასდროს უმღერია და განცვიფრებული ვარ. მახლავს ბორის პეტრუშანსკი, ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტი, რომელმაც მითხრა: ეგეთი რამ არ გამიგია, ასე ერთად, ასეთი ტემბრით, ასე რომ მღეროდეს ხალხი - ეგეთი რამ პირველად მესმისო. მე თვითონ განცვიფრებული ვიყავი, იმიტომ რომ უკან გუნდი მედგა - ვიფიქრე, გუნდია-მეთქი, მაგრამ მერე წინიდანაც ხმა გაისმა - საოცარი ჟღერადობა იყო სცენაზე. მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც ეს გააკეთა. მე დავინახე ცრემლიანი ხალხი. თან ტიროდნენ და თან მღეროდნენ. ეგ კარგი რაღაცა იყო. დაუვიწყარი.” (სტილი დაცულია)

სავარაუდოდ, წელს ხობის ფესტივალს 800-მდე ადამიანი დაესწრება. გეტყვით იმასაც, რომ ფესტივალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
XS
SM
MD
LG