Accessibility links

რატომ გაიქცნენ ჯარისკაცები თავდაცვის სამინისტროს კოჯრის ბრიგადიდან?


საქართველოს შეიარაღებული ძალების კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადიდან 31 მაისს ჯარისკაცთა ოცეული გაიქცა.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჯარისკაცები, რომლებმაც თვითნებურად დატოვეს სამხედრო ნაწილის ტერიტორია, სავალდებული სამხედრო სამსახურიდან რამდენიმე დღეში უნდა გათავისუფლებულიყვნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია კოჯრის ბატალიონში მომხდარ ინციდენტს შეცდომას უწოდებს და გამოთქვამს ეჭვს, ხომ არ იყო ჯარისკაცთა კოლექტიური გაქცევა ვინმეს მიერ პროვოცირებული. შევეცადე ვითარებაში გავრკვეულიყავი.

თავდაცვის სამინისტროს კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბრიგადიდან სამხედრო მოსამსახურეები პირველად როდი გაიქცნენ. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი 2002 წლის 19 ივლისს მოხდა, როდესაც სპეცდანიშნულების ბრიგადა პროტესტის ნიშნად 100-მდე სამხედრო მოსამსახურემ დატოვა. მაშინ ორგანიზებული პროტესტის სულისჩამდგმელად დასახელდა სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა, რომელმაც თავდაცვის სფეროში არსებული კორუფციისა და ცუდი პირობების გამო ხელქვეითებს სამხედრო ნაწილის დატოვებისაკენ მოუწოდა. რა გახდა სამხედრო ნაწილის დატოვების მიზეზი ამჯერად? თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია ამბობს, რომ მომხდარს ნათელი გამოძიების დასრულების შემდეგ მოეფინება:

[ბათუ ქუთელიას ხმა] „ესენი არიან წვევამდელები, რომლებსაც გასდიოდათ სამსახურის ვადა. ვერსიებზე ლაპარაკი ნაადრევია. პირველი, რაც ყველაზე მთავარია, ინციდენტი ამოწურულია, ამოიწურა რამდენიმე საათში. აბსოლუტური უმრავლესობა დაბრუნდა სამხედრო ნაწილში. მათ აღიარეს, რომ ეს იყო შეუგნებელი და გაუცნობიერებელი ქმედება. ახლა მიმდინარეობს გამოძიება. ვინმემ წააქეზა თუ თავისით მიიღეს გადაწყვეტილება, დაადგენს გამოძიება და, შესაბამისად, ყველა დამნაშავე დაისჯება უმკაცრესად, კანონის სრული დაცვით.“

კოჯრის ბრიგადაში მომხდარი ინციდენტის კომენტირება უჭირთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს აღრიცხავენ და სწავლობენ. შალვა თადუმაძე, იურისტი ასოციაციისა ”სამართალი და თავისუფლება”, ამბობს, რომ კოჯრის ბრიგადა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში:

[შალვა თადუმაძის ხმა] „გასაქცევი პირობები ნამდვილად არ არის ახლა, მაგრამ არც ნატოს სტანდარტების პირობებია, რომ ხალხს იქ სამსახური უხაროდეს. შიმშილი, ჩაუცმელობა, უდისციპლინობა, არასაწესდებო ურთიერთობების დაბალი ხარისხი ისეთი არ არის, რომ ჯარისკაცები ამის გამო გარბოდნენ.“

შალვა თადუმაძეს უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ დატოვეს სამხედრო ნაწილი ჯარისკაცებმა, როცა რამდენიმე დღეში ისედაც დემობილიზაცია უწევდათ. ამ კითხვაზე პასუხი არც სახალხო დამცველს აქვს. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ომბუდსმენის ოფისი რეგულარულად ატარებს მონიტორინგს სამხედრო ნაწილებში, მაგრამ, ამის მიუხედავად, სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის მიღება შეუძლებელია:

[სოზარ სუბარის ხმა] „ჯარში ცოტა ძნელია ზუსტი მონიტორინგი, იმიტომ რომ შედიხარ სამხედრო ნაწილში, ანუ იქ, სადაც პრაქტიკულად არავინ ლაპარაკობს. დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო საპატიმროებში, როცა იქაურობას ქურდები მართავდნენ და, ქურდების შიშით, არავინ ხმას არ იღებდა. გაცილებით მკაცრად არის ეს ჯარში.“

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ქართულ ჯარში ჯერ კიდევ აქვს ადგილი სამხედრო მოსამსახურეებს შორის არასაწესდებო ურთიერთობას, თუმცა, სუბარის თქმით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოხდა 31 მაისს სამხედრო ნაწილში, რატომ მოიქცნენ ჯარისკაცები თვითნებურად და დემობილიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე რატომ ჩაიდინეს მძიმე დანაშაული. სახალხო დამცველი გამოძიების დასრულებას ელოდება.
XS
SM
MD
LG