Accessibility links

logo-print

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი პატიმრობის კოდექსის კანონპროექტის განხილვას შეუდგა


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პატიმრობის კოდექსის პროექტის ძირითადი პრინციპები განიხილა.

აღნიშნული კანონპროექტი ინოვაციურია და მისი მთავარი ღირსება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა დაყოფის ახალი პრინციპის დანერგვაა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ძველი საბჭოური ტიპის რეჟიმების ნაცვლად, პენიტენციალურ სისტემაში თავისუფლების აღკვეთის რამდენიმე ტიპის დაწესებულება შეიქმნება.

კანონპროექტი პატიმრობის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გივი მიქანაძემ წარადგინა. სწორედ მისი შეფასებით, კოდექსი ძირეულად შეცვლის სასჯელაღსრულებით სისტემას და მას ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს მოარგებს. მთავარი სიახლე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძველი საბჭოური რეჟიმების, კერძოდ, ეგრეთ წოდებული ”კრიტის”, საერთო რეჟიმის, მკაცრი რეჟიმის ნაცვლად, დახურული, ღია და ნახევრად ღია დაწესებულებების შემოღებაა. კანონპროექტის თანახმად, ამ დაწესებულებებში სასჯელის ზომისა და სიმძიმის მიხედვით პატიმართა განთავსების გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია სასჯელაღსრულებით დეპარტამენტთან არსებულ მუდმივმოქმედ კომისიას განესაზღვრა. რატომ ჩამოერთვა ეს უფლება სასამართლოს? – ამ საკითხზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში დაწყებული დავა, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში პლენარული სხდომის დარბაზშიც გაგრძელდება.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “გამოდის, რომ სასჯელაღსრულებითი სისტემა თვითონ, თავისივე თანამშრომლებით, აძლევს რეკომენდაციას თავისსავე ხელმძღვანელს. ანუ რომ ვთქვათ, ბაჩო ახალაიას მიერ დანიშნული, შერჩეული ადამიანები აძლევენ რეკომენდაციას ბაჩო ახალაიას, პატიმარმა რომელ დაწესებულებაში და სად მოიხადოს სასჯელი. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპის დონეზე სამსჯელო რამ და ამის გადაწყვეტა მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას ამ კოდექსისადმი.“ (სტილი დაცულია)

ბევრი რამ, რაც დადებითია, ამით შეიძლება ისე გადაიფაროს და გადაიხაზოს, რომ კოდექსის განხილვის პროცესში მონაწილეობის სურვილიც კი დავკარგოთ, - დასძენს საქართველოს პარლამენტის მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე. კარგი და დადებითი კი, მოქმედ კანონთან შედარებით,პოლიტიკოსთა და ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, აღნიშნულ პროექტში მართლაც მრავლადაა. მათ შორის:

[გივი მიქანაძის ხმა] “თუკი პატიმარი დაიმსახურებს, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ პატიმარი დახურული ტიპიდან მოხვდეს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებიდან მოხვდეს ღია ტიპის დაწესებულებაში. არის ორად ორი გამონაკლისი: უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი ვერასდროს ვერ მოხვდება ღია ტიპის დაწესებულებაში, იმიტომ რომ ღია ტიპის დაწესებულება ეს, ფაქტობრივად, საზოგადოებასთან ინტეგრაციაა, და ქალი და არასრულწლოვანი პატიმრები ვერ მოხვდებიან დახურული ტიპის დაწესებულებაში. ამით ჩვენ გამოვკვეთეთ მათი პრივილეგირებული მდგომარეობა, გამომდინარე სპეციფიკური ჯგუფიდან.“ (სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გივი მიქანაძე, რომლის განმარტებითაც ,პატიმრობის კოდექსის პროექტი მთლიანად ახლებურად აყალიბებს პატიმრებისადმი მიდგომას. კერძოდ, შემოდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემანი. ამათგან ხანმოკლე პაემანი გულისხმობს დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ ორ საათამდე ხანგრძლივობის შეხვედრის უფლებას, ხანგრძლივი პაემანი კი - სპეციალურად გამოყოფილ სადგომში ერთიდან ორ დღემდე ვადით ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრების უფლებას. ამას გარდა, ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლებს გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებაც, რომელიც მას, შვებულების სახით, არა უმეტეს ხუთი დღის ვადით ეძლევა.

პატიმრობის კოდექსის კანონპროექტზე მთავრობა თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. პროექტმა უკვე გაიარა ევროსაბჭოს ექსპერტიზა. მოწონებულ იქნა საქართველოს სამართლებრივი რეფორმის კომისიის მიერ. ჯერი ახლა პარლამენტზეა.
XS
SM
MD
LG