Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 698-ე გამოშვება


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს ვისაუბრებთ საფრანგეთში ქართული დიასპორის ერთ წარმომადგენელთან; მოგითხროთ თბილისის ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაციის შესახებ; შემოგთავაზებთ სიუჟეტს ცნობილ ამერიკელ მწერალზე, კურტ ვონეგუტზე; გადაცემას დაასრულებს საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

ჩატარდება თუ არა ქართული დიასპორის შემდეგი ფორუმი ლევილში?

ბიძინა რამიშვილი:
ორშაბათს საღამოს თბილისში დასრულდა საერთაშორისო ფორუმი ”საქართველო და დიაპორა”, რომელშიც საზღვარგარეთიდან ჩამოსული ქართული დიაპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო რადიო თავისუფლების ასე ვთქვათ სტაჟიანი მეგობარი, საფრანგეთის დიასპორის წარმომადგენელი ოთარ პატარიძე, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს ხშირად სტუმრობს. თავისი შთაბეჭდილებების და სამომავლო გეგმების შესახებ ოთარ პატარიძემ თამარ ჩიქოვანს უამბო.

[ოთარ პატარიძის ხმა] ”ჩვენ ასე ვაზროვნებთ, რომ ახლა საქართველოს მხარში უნდა დავუდგეთ ყველა, რომ საქართველოს იმიჯი გავაუმჯობესოთ საზღვარგარეთ.”

თამარ ჩიქოვანი:
საფრანგეთის დიასპორის წარმომადგენლის, ოთარ პატარიძის განმარტებით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ქართული დიაპორის ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება - ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე. იმასაც აღნიშნავს, რომ ფორუმის მონაწილეები რეალობას ვარდისფერი სათვალით არ უყურებენ - კარგად იციან, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს საქართველო. თუმცა, ისიც იციან, რომ პრობლემების მოსაგვარებლად დროა საჭირო:

[ოთარ პატარიძის ხმა] ”დრო სჭირდება და ჩვენც გვესმის, რომ დრო სჭირდება. ვგებულობთ, რომ შეცდომებია ჩადენილი, მაგრამ დრო ილევა და ძალიან მალე უნდა დადგეს ნამდვილი დემოკრატია.”

ნამდვილი დემოკრატიის დადგომამდე, ოთარ პატარიძე საფრანგეთის ქართულ დიასპორის წარმომადგენლებს ახალი ინიციატივით მიმართავს - შეაგროვონ და საქართველოს გადმოსცენ ის არქივი, რომელიც მათ წინაპრებს ეკუთვნით. საქართველოს უკვე დაუბრუნდა გენერალ კვინიკაძის არქივი. ოთარ პატარიძის ვარაუდით, კერძო არქივები ოჯახებში მრავლად უნდა იყოს დაცული:

[ ოთარ პატარიძის ხმა] ”არქივები, რაც გურამ შარაძემ ჩამოიტანა ჰარვარდიდან ან ლევილიდან - ეს ყველაფერი იყო მთავრობის არქივები, მაგრამ კვინიტაძე მთავრობას ხომ არ ეკუთვნოდა? გვაზავა მთავრობას კი არ ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველ კონსტიტუციაში. ამაზე ვზრუნავთ ჩვენ, რომ ეს დაუბრუნდეს საქართველოს ფონდს, რომ სტუდენტებმა შეისწავლონ, ისტორიკოსებმა. თუ ყველამ არ იზრუნა სუფთად - ფულის გასაკეთებლად კი არა - რომ ეს ყველაფერი დაბრუნდეს ერთხელ და საბოლოოდ. ეს ისტორიაა, ბოლოს და ბოლოს.”

ოთარ პატარიძემ ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცა მამის - ელისე პატარიძის არქივი. არქივის მოწესრიგებისას, მამის ხელნაწერებში ბევრი თავისთვის ახალი რამ აღმოაჩინა - მაგალითად, ლექსები, მოგონებები. ანუ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ემიგრაციის წარმომადგენელთა კერძო არქივები ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს.

და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოლო დროს - პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ - აქტუალური გახდა. იმ დღეეში მკვლელობის ერთერთ სავარაუდო მიზეზად ლევილის მამულის ბედი დასახელდა - ითქვა, რომ ლევილის საქართველოსთვის საკუთრებაში გადმოცემისთანავე გადაწყვეტილია ამ მამულის სარფიანად გაყიდვა. ოთარ პატარიძე ამ ხმებს ჭორს უწოდებს:

[ოთარ პატარიძის ხმა] დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჭორებია, რომ მაშინათვე, როგორც კი ლევილი გადაეცემათ, გაყიდიან მაშინვე და ა.შ. ეს თუ მოხდება, სირცხილი იქნება. არ მგონია, ბატონმა პრეზიდენტმა ეს იკადროს, რადგან პატიოსანი სიტყვა მოგვცა, რომ ისტორიული ცენტრი იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერია მოსალოდნელი - ვინ იცის, ხვალ ვინ იქნება სათავეში, მაგრამ ანდერძში იყო დაწერილი - გადაეცემა ეს მამული, როდესაც საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი იქნება და როდესაც საქართველოს რესპუბლიკას ექნება მისი საელჩო ქალაქ პარიზში. ეს ყველაფერი უკვე დაცულია.”

ლევილის საქართველოსთვის გადაცემის პროცესი დაწყებულია. ლევილის მამულის ახლანდელმა მეპატრონეებმა საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღეს პირობა, რომ ლევილის მამულში შეიქმნება კულტურის ცენტრი ბიბლიოთეკით და რომ იქ მცხოვრები ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები კვლავ იქ იცხოვრებენ.

შეგახსენებთ, ლევილის მამულის მახლობლად მდებარე ლევილის სასაფლაოზე ქართული ემიგრაციის 600-მდე ქარმომადგენელი განისვენებს. მათ შორის - რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი გულნარა პატარიძე, რომლის გარდაცვალებიდან ოთხი წელი 3 ივნისს სრულდება.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლება", თბილისი.

თბილისის ერთი მივიწყებული ისტორიული ნაგებობის რეაბილიტაცია

ბიძინა რამიშვილი:
თბილისში სულ უფრო იზრდება ისტორიული ნაგებობებისადმი ინტერესი. არცთუ იშვიათად ინვესტორები ძველი შენობების, მათ შორის ისტორიული ნაგებობების ადგილას ახლის აგებას ცდილობენ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სულ სხვა გზას ირჩევენ და დანგრევას და ახლის, ხშირად უსახურის აგებას, ძველის გულმოდგინე რეაბილიტაციას ირჩევენ. ერთ ამგვარ მაგალითად სავარაუდოდ იქცევა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთი ისტორიული შენობა, რომელიც მე-19 საუკუნეში ტფილისში მცხოვრებ უმდიდრეს გერმანელს ეკუთვნოდა. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს

ალექსანდრე ელისაშვილი:
დავით აღმაშენებლის გამზირზე, 103 ნომერში მდებარე შენობა ახლა განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას: შენობა ქუჩის მხრიდან ხის მესრით არის შემოსაზღვრული, ხოლო ფასადზე უზარმაზარი ნაჭრის პლაკატია გაკრული, სადაც რესტავრაციის მწარმოებელი და მისი მხარდამჭერი კომპანიის სახელწოდებებია მითითებული. რამდენიმე ცდის შემდეგ ძლივს დავანამდვილეთ ხის მესერში დატანებული ხისავე შეუმჩნეველი კარი და შენობაში ჩვენს შეკითხვებაზე პასუხის გამცემი პირის ძებნას შევუდექით. შეკითხვებზე ყველაზე მეტი პასუხი დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს ჰქონდა, თუმცა მან ჩართულ დიქტოფონთან საუბარი არ მოისურვა. სარესტავრაციო სამუშაოების მწარმოებელი: ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა კი ინტერვიუზე უარი განგვიცხადეს. საბოლოო ჯამში შენობის ისტორიისა და სამომავლო ბედის შესახებ რამდენიმე შეკითხვაზე პახუსი სატელეფონო საუბრისას ხელოვნებათმცოდნე ნიკო ზაზუნიშვილმა გაგვცა. მან თბილისელი მდიდარი გერმანელების - ვეტცელების სასტუმროს მცირე თავგადასავალი გვიამბო:

[ნიკო ზაზუნიშვილის ხმა] "საკმაოდ ისეთი კარგი, ცნობილი სასტუმრო იყო, განსაკუთრებით მტკვრის მარცხენა სანაპიროს. შემდეგ საბჭოთა პერიოდში მანდ იყო განთავსებული: კონტროლის პალატა, იუსტიციის სამინისტრო, სასტუმრო რამოდენიმეჯერ, მერე სასტუმრო რუსთავი ერქვა, ბოლოს რაღაც სასტუმრო ეწერა არარ მახსოვს."

სულ ბოლოს შენობაში სასტუმრო ევროპა და კიდევ რამდენიმე კერძო გალერეა და დაწესებულება იყო განთავსებული. მანამდე კი როგორც ნიკო ზაზუნიშვილმა გვითხრა კავკასიაში ლუდის ყველაზე დიდი ქარხნის მფლობელმა იაკობ ვეტცელმა სასტუმროს შენობა თბილისში მოღვაწე ევროპელ არქიტექტორებს ააგებინა. მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში ეს კავკასიაში და მათ შორის თბილისში მცხოვრები გერმანელების ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით ბოლშევიკებმა ვეტცელებს სასტუმრო ჩამოართვეს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ სხვა ათასობით გერმანებლთან ერთად ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს. ახლა კი ბოლოს და ბოლოს ყურადღება მიაქციეს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაგებობას, რომლის ინტერიერიცა და ექსტერიერიც ბოლო პერიოდში სავალალო სანახავი იყო:

[ნიკო ზაზუნიშვილის ხმა] "ახლა ჩვენ მანდ სამუშაოებს ვატარებთ, კვლევითი სამუშაოები, აზომვითი სამუშაოები დასრულდა და ვაკეთებთ საპროექტო სამუშაოებს. პროექტი შედგება რესტავრაციისა და ამ რესტავრაციის პროექტის მიხედვით ადაპტაციის პროექტი შესრულდება. აი ეს არის ჯერჯერობით მაგაზე რაც ვიცით."

ბოლოს ნიკო ზაზუნიშვილს თბილისის არქიტექტურისათვის ამ ნაგებობის მნიშვნელობაზეც ვკითხეთ:

[ნიკო ზაზუნიშვილის ხმა] "ახლა პლეხანოვზე რამოდენიმე შენობაა სულ ასეთი მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეგ. ძალიან კარგი არქიტექტურული ძეგლი არის."

რა სახეს მიიღებს ვეტცელების ყოფილი შენობა რესტავრაციის შემდეგ, ან რა დაწესებულებები განთავსდება მასში ჯერჯერობით უცნობია. ის კი ფაქტია, რომ სულ მალე თბილისი განახლებულ და რესტავრირებულ ისტორიულ შენობას მიიღებს.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი.

"მშვიდობით, მისტერ ვონეგუტ, და გამარჯობა!...”

ბიძინა რამიშვილი:
ორი თვეც არ არის გასული, რაც 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მწერალი კურტ ვონეგუტი. რამდენიმე დღის წი?, საქართველოში ამერიკის საელჩოს ინიციატივით, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციამ ქართველი სტუდენტებისათვის მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კი გაირკვა, რომ ქართველ სტუდენტთა დიდ უმრავლესობას კურტ ვონეგუტის სახელი გაგონილიც კი არ ჰქონდა. ამ მოულოდნელი ,,აღმოჩენის” შესახებ და მათ შესახებ, ვინც ვონეგუტის შემოქმედებას კვლავ და კვლავ უდიდესი სიამოვნებით უბრუნება, მარინა ვაშაყმაძე გიამბობთ.

მარინა ვაშაყმაძე:
"მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი პროზაიკოსი...", "თაობის ნამდვილი კერპი...", "უსაყვარლესი ავტორი, უცნაური და განსაკუთრებული იუმორით" - ასე ემშვიდობებოდა კურტ ვონეგუტს ამერიკული და მსოფლიო პრესა... - სულ ცოტა ხნის წინათ.

ფოტოებიდან კი, რომლებიც ამ წერილებს ახლდა, ირონიულად და ძალიან თბილად ულვაშებში იღიმებოდა კურტ ვონეგუტი.

იმ დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციაში, ვონეგუტის გასახსენებლად მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები და სტუდენტები შეიკრიბნენ.

შეხვედრის ინიციატორი ამერიკის საელჩო იყო.

[როენა კროს ნაჯაფის ხმა] "ეს არის კურტ ვონეგუტის ხსოვნისადმი მიძღვნილი სულ პატარა მოვლენა..."

გვითხრა როენა კროს ნაჯაფიმ, საელჩოს პრესისა და კულტურის ატაშემ.

[როენა კროს ნაჯაფის ხმა] "მისი გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის რამდენიმე წერილი მივიღე ქართველებისაგან, რომლებიც თავიანთ გულისტკივილს გამოხატავდნენ ამ დიდი ამერიკელის გარდაცვალების გამო. და ვიფიქრე, რომ უპრიანი იქნებოდა პატარა ღონისძიება მოგვეწყო, გვესაუბრა მასზე, გაგვეცნო იგი სტუდენტებისათვის, რომლებიც, შესაძლოა, არც იცნობენ მას. მისი ნამუშევრების მიმართ ინტერესი გაგვეზარდა."

როენა კროს ნაჯაფი მართალი იყო. შეხვედრაზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ და მათ შორის არც ერთმა თურმე მანამდე არაფერი იცოდა კურტ ვონეგუტის შესახებ.

[სოფიო ებრალიძის ხმა] "სიმართლე რომ ვთქვა, არ მქონდა წაკითხული, სამწუხაროდ, ამ ღონისძიებამდე. ჩვენს ბიბლიოთეკაში მოვიძიე ორი წიგნი, ორივეს წაკითხვა მოვახერხე და ძალიან მინდოდა, რომ "კატის აკვანი" წამეკითხა, მაგრამ ვერ ვიშოვე. ინტერნეტში ვიქექე, ვიქექე და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც გავიგე. ნასიამოვნები ვარ, რომ კურტ ვონეგუტს, ერთ-ერთ აღიარებულ ამერიკელ მწერალს, ვიცნობ." (სტილი დაცულია)

გვითხრა სოფიო ებრალიძემ, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკათმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტმა. ასეთივე გულწრფელი იყო ანა ანდღულაძე, ისიც ამერიკათმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი:

[ანა ანდღულაძის ხმა] "საერთოდ არ მქონია შეხება, - იმისდა მიუხედავად, რომ ამერიკანისტიკაზე ვსწავლობ ასე თუ ისე სამი წელია და ზოგადად ვიცნობ მწერლებს, ამერიკელებს, - მაგრამ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით მომიწია წაკითხვა და ძალიან მომეწონა, მართლა." (სტილი დაცულია)

სოფოს და ანას მომავალი პროფესია ამერიკის ცოდნაა. რა იციან მწერლის შესახებ სხვა სტუდენტებმა? აღმოჩნდა, რომ მათ შორის უმრავლესობას კურტ ვონეგუტის სახელიც კი არ გაუგონია:

[სტუდენტების ხმა] "არა... არ გამიგია... ნამდვილად არ გამიგია... არასდროს..." (სტილი დაცულია)

თვითონ სტუდენტები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის უმთავრესი, მათი აზრით, ქართული თარგმანებისა და ინფორმაციის ნაკლებობაა:

[სტუდენტების ხმა] "არ არის თარგმანი, ან შეიძლება არის თარგმანი და არ არის ინფორმაცია... და არ ხდება პოპულარიზება ამ მწერლის და არა მარტო ამ მწერლის. მგონი, ეს არ არის ერთადერთი მწერალი, რომელიც არ გაგვიგია. ანუ ხალხი არ ლაპარაკობს მასზე, ხალხი ძირითადად ისეთ ლიტერატურას კითხულობს, რომელსაც რეკლამა უკეთდება და ,,გაპაპსავებული” რაც არის,… მაგალითად, კოელიო იცის 99-მა პროცენტმა." (სტილი დაცულია)

ქართული თარგმანების ნაკლებობაზე საუბრობს ლიტერატურის კრიტიკოსი მალხაზ ხარბედიაც, რომელმაც რამდენიმე პუბლიკაცია მიუძღვნა კურტ ვონეგუტს, თუმცა გაოცებას მაინც ვერ მალავს:

[მალხაზ ხარბედიას ხმა] "კი, ვთქვათ ეხლა, რამდენიმე მწერალია, რომელიც ქართულად არ არის ნათარგმნი და, ასე ვთქვათ, რუსული თარგმანებიდან იციან. ჰო, ძალიან უცნაურია. მე არც მეგონა, რომ ეგეთი რაღაცა იყო... რო ასე, გარკვეულ წრეში საერთოდ გაგონილი არ გქონდათ კურტ ვონეგუტი." (სტილი დაცულია)

კურტ ვონეგუტის რამდენიმე ტექსტი ქართულად ნათარგმნი არის... წიგნად გამოიცა პაატა და როსტომ ჩხეიძეების მიერ თარგმნილი პიესა "დაბადების დღეს გილოცავთ, ვანდა ჯუნ".

მაგრამ, ცხადია, ეს არ არის საკმარისი. თარგმანის პრობლემა თაობისათვის, რომელიც რუსულად ვეღარ აგემოვნებს ლიტერატურას, ნამდვილად არსებობს...

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] "თანამედროვე კულტურულმა ერმა უნდა სცადოს, რომ ყველაფერი გადმოვაქართულოთ. ვონეგუტი კი არა, დღეს რომ რაღაც იწერება მნიშვნელოვანი, უნდა გვქონდეს ინფორმაცია იმაზე და კვალში უნდა ვუდგეთ და გუშინდელი დაწერილი დღეს ქართულად უნდა იყოს, თუკი ის ღირებულია." (სტილი დაცულია)

ამბობს მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე და მთარგმნელი გორგი ლობჟანიძე. მაგრამ ეს სათქმელად იოლია. მალხაზ ხარბედიაც და გიორგი ლობჟანიძეც ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ:

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] "სამწუხაროდ, ჩვენში მთარგმნელობითი პროცესი ყოველთვის ეკიდა და ახლაც კიდია რამდენიმე გენიოსი მთარგმნელის შემართებაზე და ვერ ვიტყოდი დონკიხოტურ შრომაზე." (სტილი დაცულია)

გიორგის აზრით, არსებობს წარმოდგენა რომ

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] "ან დასავლეთს, რომლისკენაც მივისწრაფვით, ან აღმოსავლეთს გავიცნობთ პრაქტიკული შეხებით. პრაქტიკულად შეიძლება წახვიდე, მაგრამ იქ ყოფით კულტურას გაეცნობი. რაც შეეხება სულს ამ ქვეყნებისა - დევს ლიტერატურაში, დევს ფილოსოფიურ აზროვნებაში." (სტილი დაცულია)

ამასვე აღნიშნავს ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელიც, იმდღევანელი შეხვედრის მასპინძელი ვასილ კაჭარავა:

[ვასილ კაჭარავას ხმა] "ანუ მიზანი რა არის... საერთოდ, ჩვენი ცენტრის მიზანი რა არის, რომ ვაჩვენოთ ჭეშმარიტი, ნამდვილი ამერიკა, არა მარტო ის ნაწილი ამერიკის, რასაც პოპკულტურა ჰქვია, უამრავი, ზოგჯერ ნეგატიური, ზოგჯერ პოზიტიური აზრი ამ ქვეყანაზე. კი ბატონო, ამას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ჩვენ გვინდა ცოტა უფრო პროფესიულ დონეზე ვაჩვენოთ ქართველ ახალგაზრდობას და, საერთოდ, ქართველ საზოგადოებას ამერიკის ჭეშმარიტი სახე." (სტილი დაცულია)

მოკლედ, პრობლემა რთულია და მრავალმხრივი. ან იქნებ საერთოდაც არ არის პრობლემა, თუ ვინმეს კურტ ვონეგუტის სახელი არ ეცოდინება.

მაგრამ იმ უცნაური აღმოჩენების დღეს ესეც ნათლად ჩანდა: მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ სხვანაირი თაობა წამოვიდა, რომელსაც კითხვა არ უნდა და წიგნი აღარ აინტერესებს, არ გამოვა. იმ თაობას, რომელიც გატაცებით კითხულობდა "კატის აკვანს" და "საუზმეს ჩემპიონთათვის", ბევრ რამეზე მოუწევს დაფიქრება.

ისინი კი ფართოდ გახელილი თვალებით ისხდნენ და გასუსულები ისმენდნენ კურტ ვონეგუტის დრამატული ცხოვრების ამბავს. და ძალიან ზუსტად რეაგირებდნენ მის ციტატებზე, დახვეწილ იუმორსა და თვითირონიაზე.

ასე რომ, ვნახოთ... ეს თაობა მხოლოდ ახლა აღმოაჩენს ვონეგუტს...

კურტ ვონეგუტისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი გამოსათხოვარი წერილი ასე მთავრდება: "მშვიდობით, მისტერ ვონეგუტ, და... გამარჯობა..."

მარინა ვაშაყმაძე, რადიო "თავისუფლება", თბილისი.

საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

ბიძინა რამიშვილი:
კომპანია დისნეის მიერ მეკობრეების თემაზე გადაღებულმა მესამე ფილმმა, "კარიბის ზღვის მეკობრეები - სამყაროს დასასრულს", შემოსავლის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. მან 142,1 მილიონი დოლარით ყველა დროის უდიდესი მოგება მოიტანა ე.წ.-ლი ხსოვნის დღის სამდღიანი უიკენდის განმავლობაში. ეს რაც შეეხება კონკრეტულად ხსოვნის დღის უიკენდს. მაგრამ საერთოდ, სამდღიან უიკენდებში შემოსული თანხის მხრივ პირველ ადგილზეა "სპაიდერმენ 3", რომელმაც 151 მილიონი დოლარი მოგება მოიტანა შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ეს ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ამ მაჩვენებლით "კარიბის ზღვის მეკობრეები - სამყაროს დასასრულს" მეორე ადგილზეა.

მეორე კვირაა, შეერთებული შტატებისა და კანადის კინოებში გადის მულტფილმი "შრეკი სამი", რომელმაც 200 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა ამ ხნის მანძილზე. "სპაიდერმენ 3"-მა, რომელიც მესამე კვირაა გადის ჩრდილო ამერიკის ეკრანებზე, უკვე 300 მილიონიანი ზღარი გადალახა.

ამერიკელი კინორეჟისორის, სტივენ სოდერბერგის არით, შურისძიება მამაკაცების საქმეა. შურისძიებას ეხება მისი მორიგი ფილმი, კანის კინოფესტივალზე წარმოდგენილი "ოუშენის 13", რომელშიც ადგილი არ აღმოჩნდა ქალის, სიყვარულისა და რომანტიკისთვის. სოდერბერგის წინა ფილმების, "ოუშენის 11"-ისა და "ოუშენის 12"-ის მთავარი გმირი, გამობრძმედილი ქურდი დენი ოუშენი, რომელსაც ჯორჯ კლუნი განასახიერებს, და მისი მეგობრები კვლავ შეიყრებიან ერთად ახალი საქმის გასაჩარხად. ამჯერად მათ ხელახალ შეხვედრას უბედური შემთხვევა განაპირობებს. ბანდის ერთ-ერთი მეთაურს, რიუბენს, ისე გააცურებს კაზინოების უსირცხვილო მაგნატი, რომ ის გულის შეტევით საავადმყოფოში ხვდება.

ცხადია, ოუშენის გუნდი ამას ვერ აიტანს და გადაწყვეტს, უსინდისობა ძვირად დაუსვას მატყუარას. თითქოს ვარსკვლავები - ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი და მატ დეიმონი - საკმარისი არ ყოფილიყვნენ - ბოროტ მაგნატს თამაშობს არც მეტი არც ნაკლები - ალ პაჩინო: რომელიც უბადლოდ განასახიერებს გამობრძმედილი ბიზნესმენისა და მაფიის ბოსის ნაჯვარს.

ჯერჯეობით ძალაში რჩება, რაც ერთი წლის წინათ ითქვა: ამ სერიის ახალი ფილმის, ანუ "ოუშენის 14"-ის გადაღება დაგეგმილი არ არის.

თუმცა, ვინ იცის. სოდერბერგის თქმით, მესამე ნაწილის გადაღებისთვის მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ მის მონაწილეებს კვლავ ერთად მუშაობა მოუნდათ.

კინოს ნაწილობრივ ეხება შემდეგი ცნობა. 10 ივნისს ვენეციაში იხსნება ხელოვნების ბიენალე, რომელიც წელს მრავალი რეკორდით აღინიშნება. მასში 76 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეოას ხუთი კონტინენტიდან. ამდენი ქვეყანა კულტურის ამ ფორუმზე არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი. ბიენალეს კურატორიც ახალი ჰყავს. ბიენალეს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის მანძილზე პირველად გაუძღვება ამერიკელი. ეს გახლავთ ხელოვნების სახელმოხვეჭილი ექსპერტი რობერტ სტორი. სტორმა 52-ე ბიენალეს კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მასზე წარმოდგენილი ყოველი ნიმუში თვითმყოფადი იქნება. მაგრამ ამავე დროს ხელოვნების ნიმუშებს ერთმანეთთან ექნებათ გადაძახილი და ამით გაზრდიან პუბლიკის ყურადღებას.

ბიენალეს, ისევე, როგორც ვენეციის პრესტიჟული კინოფესტივალის მთავარი პრიზი გახლავთ ოქროს ლომი. წელს ამ სფეროშიც სიახლეა, თანაც ორი. ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის ჯილდო პირველად გადაეცემა აფრიკელს და პირველად გადაეცემა ფოტოგრაფს. ეს გახლავთ 1936 წელს მალიში დაბადებული ფოტოხელოვანი მალიქ სიდიბი. ხელოვნების ბიენალე 21 ნოემბრამდე გასტანს.

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს სალომე ასათიანმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. ხმის რეჟისორები გახლდნენ: პრაღაში - იულია საიკო, თბილისში - ლევან გვარამაძე.

მომავალ შეხვედრამდე რადიო "თავისუფლების" ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG