Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


მანანა ანთაძე რადიო "თავისუფლების" თხოვნით,

დღიურს ამ კვირაში წერდა ფილოლოგი მანანა ანთაძე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე.

13 მაისი, კვირა
შაბათი და კვირა ჩემთვის განსაკუთრებული დღეებია, როცა აგარაკზე მივდივარ. ჩემი პატარა, ლამაზი ბაღი ყველა პრობლემას მავიწყებს. ადრე ადგომა ძალიან მიყვარს, აქ ხომ სულაც რიჟრაჟზე ვიღვიძებ. ნამდვილი საოცრებაა მზის ამოსვლა და ბნელის ნათელით შეცვლა. უცნაური სიჩუმით სავსე განთიადი, აყვავებული ხეხილი, იასამანი, ხასხასა ბალახი, ვერცხლისფერი ფშატი და ერთმანეთში შეზავებული ათასი სურნელი უცნაური ძალით მეწევა თავისკენ.
ჩვენი სახლის გვერდით გალავანია, ციციშვილების ციხე-სიმაგრე. აქ ჩემი მეუღლის, ელდარ ციციშვილის წინაპრები ცხოვრობდნენ. ახლა სასახლის ნანგრევებია დარჩენილი, კიდევ კოშკი, აფთიაქი და ის აბანო, სადაც ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი კურნავდა თავის პაციენტებს. გალავანი საბჭოთა რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო ძეგლად იქცა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ციციშვილებს სისხლში აღებეჭდათ მისი კუთვნილება. ისევე, როგორც ულამაზესი ბანა, ნანგრევებად ქცეული და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ძველ ტაოში ჩარჩენილი ტაძარი, დღემდე ციციშვილების საგვარეულო სიამაყეა. ადამიანი შემთხვევით არ ირჩევს პროფესიას. ელდარი არქიტექტორ-რესტავრატორია. მთელი ცხოვრება ძეგლების შესწავლას და აღდგენას შეალია (ეს გალავანიც მისი აღდგენილია). 90 წელს გადაცილებული ბიძამისი, ცნობილი არქიტექტორი არჩილ ფანასკერტელ-ციციშვილი, მთელი ცხოვრება საფრანგეთის ალპებში ცხოვრობს, მაგრამ მაინც მიჯაჭვულია თავის ისტორიაზე. ძველი, სახელოვანი გვარის წარმომადგენლებს აშკარად შერჩათ წარსულთან განსაკუთრებული დამოკიდებულება, რასაც გარეშეთათვის პათეტიკურობის ელფერი დაჰკრავს, ალბათ.
საღამოს თბილისში დავბრუნდი. ჯერ ფოსტა გავხსენი, მერე ტელევიზორი ჩავრთე და, როგორც ყოველთვის, ახლაც ვერაფერი გავიგე: ფეხბურთის ფედერაციაში აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც ერთ საათში გადადგა. ტელევიზორი ისევ გამოვრთე და დღიურის წერას შევუდექი. ცოტა ხნით, ფიქრებში, კვლავ საციციანოში დავბრუნდები, რათა დღევანდელი დღე მხოლოდ ამით იყოს დატვირთული.

14 მაისი, ორშაბათი
დილიდანვე ჩემი ფონდის საქმეებში ვეფლობი. კონკურსი გვაქვს: "ახალი ქართული პიესა". პიესების მიღება დამთავრდა. 27 პიესაა. ახლა ჟიური კითხულობს. მაისის ბოლოს პრემიებს გავცემთ.
ფონდი 1998 წელს დაფუძნდა, სამი წელი იმუშავა და შეჩერდა, რადგან თეატრალურ ცხოვრებაშიც პაუზა იდგა. ყველგან რემონტი მიმდინარეობდა. 2006 წლის გაზაფხულზე განახლებული ფონდის პრეზენტაცია ჩავატარეთ და მას შემდეგ საერთაშორისო პროექტებზე დავიწყეთ მუშაობა. ვნახოთ რა გამოვა. ვიცი ის, რომ ძალიან კარგი თეატრი გვაქვს საქართველოში და არაჩვეულებრივი მსახიობები გვყავს. ჯერჯერობით პიესების პრობლემაზე ვფიქრობ და ყოველ წელს ორი კონკურსი მინდა ჩავატარო: ერთი - მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშების თარგმანში და მეორე - ახალი ქართული პიესის მოსაძიებლად.
თარგმანში პირველი კონკურსი შარშან ჩატარდა. ნინო დარასელის და მისი შესანიშნავი ჟურნალის, "ანაბეჭდის" დახმარებით. საინტერესო პიესები ითარგმნა. იმედია, წელს კიდევ უკეთეს პიესებს მოიძიებენ მთარგმნელები და უკეთაც თარგმნიან. თეატრებს სჭირდებათ ახალი მასალა. კლასიკური დრამატურგიაც კი თავიდან სათარგმნელია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. თარგმანი ძველდება, თანამედროვე ენას ითხოვს.
მაისში, მორჩება თუ არა ქართული პიესების კონკურსი, მაშინვე გამოვაცხადებ კონკურსს თარგმანში. მთარგმნელებს შეეძლებათ, მთელი ზაფხული და შემოდგომა იმუშაონ. ძალიან მინდა, იმ ქართველ ახალგაზრდებსაც მივაწვდინო ხმა, ვინც უცხოეთში ცხოვრობს, რომ ჩაერთონ ჩვენს კონკურსში.
კონკურსის ორგანიზებაში ორი სტუდენტი მეხმარება, ლელა და მაია. მომავალი თეატრმცოდნეები არიან და იმედია, ფონდის აქტიურ წევრებად დარჩებიან.
დღეს თამარობაა. ყველა თამარს და, მათ შორის, ჩემს შვილსაც ვულოცავ ამ დღეს.

15 მაისი, სამშაბათი
ჩვენი თეატრის პრობლემები საჯარო განხილვის საგანი გახდა. ეს ძალიან სამწუხაროა. თეატრის შიგნით ვერც ერთი საკითხი ვერ მოგვარდა თუ არ მოგვარდა, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ მაინც ვერ გაიგო, ვინ რისთვის დაუპირისპირდა ერთმანეთს, ან რა პრინციპების დაცვასა და დარღვევაზე იყო საუბარი.
ხელოვნების სფეროს ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის, ჩვენი თეატრისაც, ფონდ "ქართუს" დახმარებას იღებს. ამ საოცარმა ფაქტმა, რომლისთვისაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიტყვა "მადლობა" საკმარისი არ არის, ფიზიკურად გადაარჩინა ადამიანები. ახლა მათ მხოლოდ ის ევალებათ, რომ თავიანთი საქმე აკეთონ.
"ქართუს" დახმარებით გარემონტდა თეატრები. მათ შორის ჩვენიც. ახლა თეატრს ევალება სპექტაკლები დადგას ანუ თავისი საქმე აკეთოს.
სახელმწიფო თეატრი გავხდით. ძალიან კარგია. ესე იგი, შენი ქვეყანა გეუბნება, მჭირდები, ამ საერთო გაჭირვების დროს, აჰა, ჯამაგირსაც გაძლევ, ახლა ჯერი შენზეა, შენი საქმე აკეთეო.
ჰოდა, მივადექით მთავარს: საქმის კეთებას. ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, იმიტომ გაგვიკეთეს, რომ თუმანიშვილის თეატრი მთელ მსოფლიოში ცნობილი თეატრია სწორედ იმით, რომ შეუძლია თავისი საქმის კეთება და 30 წელია, აკეთებს კიდეც.
ასეთ თეატრს არ შეიძლება, დაურღვიო თავისი ცხოვრების წესი, ატმოსფერო. არ შეიძლება მხოლოდ ის უთხრა, ახლა ჩემს ბრძანებებს უნდა დაემორჩილოო.
დღეს რეფორმების დრო მოვიდა და ძალიანაც კარგი, ოღონდ რეფორმა პროფესიონალებმა აკეთონ, რადგან რთული საქმეა, ხელშეკრულებით დაწყებული და სპექტაკლის "გაპიარებით" დამთავრებული. როცა თეატრის მთავარი ღირსება მისი დასია და წარმატების საიდუმლო - ანსამბლურობა, დაფინანსების მოძიებასთან ერთად, მმართველმა გაიხსენოს, რას ამბობდა ბატონი მიშა:
"თეატრი არ უნდა იყოს სამსახური, ოფიციოზი. ყველას უნდა უხაროდეს აქ ყოფნა, როგორც საკუთარ სახლში;
თეატრები არ უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს – ყოველ მათგანს თავისი სახე უნდა ჰქონდეს;
თეატრს ზუსტი შემოქმედებითი პროგრამა უნდა გააჩნდეს. უნდა იცოდნენ, რისთვის მუშაობენ თეატრში და რას ემსახურება ეს თეატრი."

16 მაისი, ოთხშაბათი
დილიდან საკონკურსო პიესებს ვკითხულობ, თუმცა მე არა ვარ ჟიურის წევრი და ჩემს აზრს არავის მოვახვევ თავს. ათქულიანი შეფასების სისტემა აქვთ და თავად გადაწყვიტონ, ვის რომელი პრემია ეკუთვნის. პიესები ანონიმურია. ზოგ ავტორს ვხვდები, ვინც არის, ზოგს არ ვიცნობ საერთოდ. ბევრ პიესაში რაღაც ძალიან მომწონს, რაღაც - არა. კონკურსი რომ დამთავრდება, ამ პიესებს თეატრებს შევთავაზებ.
ბევრი წელია, თუმანიშვილის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე ვარ. მიყვარს ტექსტთან ურთიერთობა. ვიცი, რომ პიესა სპექტაკლის ხერხემალია. რაც უფრო გამართულია, მით მეტ სამსახურს უწევს რეჟისორს. ბატონი მიშა ყოველთვის მოწიწებით ექცეოდა ტექსტს. რემარკებსაც კი. უყვარდა თქმა: "სიტყვა იგივეა, რაც მელოდია მუსიკაში და ფერი ფერწერაში. სიტყვის ძალა განუსაზღვრელია. ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება იყოს სამართებელივით ალესილი, ტკბილი, ეკლიანი. სიტყვა შეიძლება ესროლო, ან მიართვა. სიტყვა უპატივცემულო მოპყრობას ვერ იტანს, სამუდამოდ დაიმალება და თავის ნაცვლად ცარიელ ხმაურს დატოვებს." მსახიობებისგანაც სულ მოითხოვდა, ფუჭად არასოდეს ეხარჯათ სიტყვა.
ვკითხულობ ახალგაზრდა დრამატურგების პიესებს და ვხვდები, რომ ძირითადად არ მომწონს, როცა სიტყვა კონკრეტულ ინფორმაციას არ ატარებს, ანდა ავტორი უღრან ტყეში დაკარგულივით დადის, რადგან პრობლემა ხელოვნურად შეუქმნია და ვერ ერევა. ვკითხულობ და არ მჯერა! შეიძლება მის ავტორსაც არ სჯერა, ან კარგად არ უფიქრია. თუმცა, თუ ქართული დრამატურგიის განვითარება გვინდა, აუცილებლად უნდა დავდგათ მეტი ქართული პიესა. პიესა ლიტერატურის ყველაზე თანადროული დარგია. დრამატურგი და თეატრი ერთმანეთს ქმნიან.
საღამოს ჩემს ინგლისელ მეგობრებთან ერთად ვსვამ ჩაის. ვსაუბრობთ იმაზე, რომ შექსპირისდროინდელ ინგლისსა და უელსში მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლები იყო და ხალხი, ძირითადად, პროვინციაში ცხოვრობდა. ყველაზე დიდ ქალაქებშიც კი, როგორიც იყო ბრისტოლი, იორკი, ნორვიკი, მაღაზიების რიგს ბოსტნები და ბაღები მიუყვებოდა და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ანტისანიტარიის სუნით იყო ჰაერი გაჟღენთილი. მაგრამ შექსპირის დრამებში მთავარი ისაა, რომ დიდი ადამიანური ვნებები კონკრეტულ სახესაც იღებდა და მარადიულ პრობლემადაც ზოგადდებოდაო, ამბობს ქეითი; ლონდონში მეგობარი მყავს, სულ ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც მიმტკიცებს, შექსპირი ისევე არის ჩემი თანამედროვე, როგორც სარა კეინიო (არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე არავინ კამათობს). ეპოქა იყო ისეთი, ადამიანებით ინტერესდებოდა, ყოფით - არაო, პასუხობს მაიკლი და საუბარი გადააქვს თავის საყვარელ ანტიკურ დრამაზე, რომელიც მარადიულად თანამედროვეა. აქ მე მახსენდება, რომ არისტოფანეს ჩვენამდე მოღწეული თერთმეტივე კომედია კარგა ხანია, ქართულად არის ნათარგმნი და მიკვირს, რომ არ დგამენ.
აქვე, კაფეში, ახალგაზრდა ჟურნალისტს მოკლე ინტერვიუს ვაძლევ ჩემი ფონდის და კონკურსების თაობაზე.
დღე სწრაფად გაქრა. დაძინებამდე მინდა ჩემთვის ჩამოვთვალო, ხვალ რა არ უნდა დამავიწყდეს. აუცილებელ საქმეებს ემატება ისიც, რომ 2 საათზე გამოსვენებაზე მივდივარ და საღამოს - მეგობრის დაბადების დღეზე.
ხვალ ამაღლებაა.

17 მაისი, ხუთშაბათი
დილიდან ისევ პიესებს ვკითხულობ. თან ვჩქარობ, თან ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ხვალ თეატრში კრებაა. თითქოს ყველას ერთი და იგივე უნდა, ყველა საერთო საქმეზე ზრუნავს, მაგრამ რატომღაც არაფერი გამოდის.
ჩვენი კონცერტმაისტერის, მარინა წულუკიძის დაბადების დღეა. მე და ნინელი მივდივართ. ერთად როცა ვართ, თაზოსაც ვიხსენებთ, რეზოსაც, ბატონ მიშასაც და გული გვტკივა, რომ მათ გარეშე ძნელი გახდა ჩვენი ცხოვრება. საინტერესო ის არის, რომ ამაზე არც ვლაპარაკობთ, ეს განცდა თავისთავად გვეუფლება.
ისტორიას ნამდვილად ადამიანები ქმნიან. მიხეილ თუმანიშვილი წავიდა და სიცარიელე სამუდამოდ დარჩა. ნიკო ყიასაშვილთან ერთად შევქმენით საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ლაბორატორია. მაშინ ყველანი ძალიან მაგრები ვიყავით (ასე გვეგონა). საერთაშორისო კონფერენციები, სემინარები, მოხსენებები, 10 წელი კულტურული ცხოვრების ეპიცენტრში მოვექეცით, მაგრამ ბატონი ნიკო წავიდა და მორჩა! ისე, რა მძიმე იყო ჩემთვის 96 წელი: მარტში ბატონი ნიკო გარდაიცვალა, მაისში - ბატონი მიშა, დეკემბერში -დედაჩემი. ყველგან სიცარიელეა. ჰო, ოჯახი, რა თქმა უნდა: შვილები, შვილიშვილები, ჩემი თარგმანები, მაგრამ მე დიდ სიცარიელეზე ვლაპარაკობ და დიდ ადამიანებზე. ახლა მთავარი საქმე ჩემი ფონდია, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელს ატარებს.
ხვალ ჩემი უფროსი შვილის დაბადების დღეა. ის ცხრა მთას იქით, ევროპაში ცხოვრობს. გამუდმებით მენატრება და ვიცი, რომ ხვალ სულაც არ მეყოფა მასთან ტელეფონით საუბარი.
რატომ ვრთავ ამ ტელევიზორს, მაინც არ მესმის: უჩვენებენ კადრებს, როგორ არბევენ და ანგრევენ ეკლესიას. ერთი ახალი ამბავია, ერთი - არქივის მასალა. დღეს ხომ ამაღლებაა. რა ხდება?!

18 მაისი, პარასკევი
თეატრში იყო კრება...

19 მაისი, შაბათი
დღეს რადიო "თავისუფლებაში" მივდივარ, დღიური უნდა ჩავწერო.
თამუნა ჩიქოვანის მადლობელი ვარ, რადგან საშუალება მომცა, გარედან შემეხედა ჩემი ცხოვრების ერთი კვირისთვის (დღიურს იშვიათად ვწერ და სხვაგვარად). ძალიან მძიმე კვირა მქონდა. რასაც არ ვწერდი, იმასაც გარედან ვუცქერდი და სხვათა შორის, გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა. გადავწყვიტე: მკვდრებს დავანებებ თავიანთი მკვდრების დამარხვას, მე კი წავედი.
ხვალ ისევ საციციანოში მინდა ვიყო. რელაქსაცია მჭირდება. ახლა ვხვდები, რას გულისხმობდა მიხეილ კვესელავა, ნიკო ყიასაშვილს რომ უთხრა, კახეთში, ჩემს ვაზთან ურთიერთობა ყველაფერს მირჩევნიაო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG