Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


მარიკა დარჩია განვლილ კვირაში დღიურებს,

ჩვენი თხოვნით, წერდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მარიკა დარჩია.

22 აპრილი, კვირა
დღიურებს ბავშვობაში ვწერდი ყოველდღე. მერეც, ოღონდ - იშვიათად, ძილის წინ. როდესაც გადავიკითხე, გავგიჟდი ამდენ სისულელეზე... თანაც, სულაც არ გავდა დღის აღწერას, უფრო ფიქრი იყო, თითქოს ფაქტებთან უკუკავშირი. დღეები ფუსფუსით სავსე, დღიურები - სევდიანი.
"თავისუფლების" თხოვნამ დამაფრთხო. ერთი კვირა თავი უნდა მოვუყარო გაბნეულ ამბებს. მთელი კვირა მაქვს არეულ-დარეული. ასეთია, და რა ვქნა?! კიდევ კარგი, 22 აპრილს დაემთხვა დასაწყისი!
22 აპრილი დედამიწის დღეა.
ჩვენი პირველი დედამიწის დღე გვინდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ. პირველი 17 წლის წინ იყო. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით მაშინ და მართლა "მწვანეები". ორგანიზაციაც ახალი გვქონდა, იმედი - ბევრი, იდეები - ათასგვარი. ვეძებდით, ვაპროტესტებდით და ასე გადავაწყდით ამ დღეს. თურმე, 1970 წელს აღუნიშნავთ პირველად ამერიკაში, შემდეგ საერთაშორისო სტატუსი მიუნიჭებიათ და დედამიწის დღედ მოუნათლავთ.
90-ში მუშტაიდი დავალაგეთ, ფეხბურთის პატარა მოედანი მოვუმზადეთ ბავშვებს, რადგან მიწაზე უნდა დაეხატათ. მოვიდა ბევრი ბავშვი, იყო ხალისი და გრძელი, მოხატული სერპანტინი. სახატავი ფურცლების ფული არ გვქონდა და მღებავების კედელზე ასაკრავი რულონები გამოვიყენეთ. მერე ეს გრაგნილი დიდხანს ალამაზებდა ჩვენს ოფისს. როდის გაქრა, არც მახსოვს. მოვიკითხე და აღარ იყო. ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, იცვლებოდა, იკარგებოდა... სერპანტინი რა არის, იმ დღის მთავარი გმირები აღარ არიან... ამიტომაც მომინდა იმ დღის აღდგენა. კარგა ხანია, ვემზადებოდით. რაც მინდოდა, მაინც არ გამოვიდა. პარკი და ბავშვები იყო. ადგილიც სხვა და ორგანიზაციაც. დარჩენილი მწვანეებისაგან, ზურას გუნდისაგან შეკრებილი ახალი კავშირი და სახელიც ცოტა ძველივით - "ჩვენ, მწვანეები".
12-ზე შევიკრიბეთ. ბევრნი იყვნენ. ბავშვებიც და უფროსებიც. აქვე - რეზერვისტებიც. მოხმარებასაც დაგვპირდნენ. ისევ გრაგნილებზე დავახატინეთ. ისევე იყო, როგორც 17 წლის წინ. ბევრი ხე, ყვავილი; მთები, ზღვა, მზე... ერთი რამ რომ არა, რაც თვალში მომხვდა: თითქმის ყველა მთაზე ეკლესია ან ჯვარი დახატეს. თითქმის ყველაზე... ნეტავ, რა ესმით? ნეტავ რას გეტყვიან 8-9 წლის პატარები? ახლა ამის დრო არ იყო.
მერე ერთჯერადი ხელთათმანები დავურიგეთ და პარკი დავასუფთავეთ. რისი იმედი მაქვს, ამას როცა ვაკეთებ? არ დაყრიან, აღარ იქნება ასე? არ ვიცი... ეტყობა, ამისი.
"ამქორმა" მშვენიერი ჩანთები მოგვცა, სავსე ათასგვარი საჭირო ნივთით. ეს საჩუქრებად დავარიგეთ. კმაყოფილები დარჩნენ პატარები. ტყუილადაც არ უშრომიათ.
ძველი თბილისის გამგებელიც იყო, სასიამოვნო ადამიანი ჩანს, პარტიულ ნომენკლატურას არ ჰგავს. იქვე მოუვლელი ადგილებიც ვნახეთ, შევთანხმდით სამომავლო გეგმებზე და დავიშალეთ.
90-ის დედამიწის დღეზე ჩემი უფროსი შვილი არ იყო - ამერიკაში სწავლობდა. ახლაც შორს არის - შვეიცარიაში ცხოვრობს თავის პატარა ოჯახთან ერთად. იყო უმცროსი, იყო მაშინაც და ახლაც. მაშინ სულ პატარა, ახლა - თავის თიკოსთან და მიხოსთან ერთად. და ერთად გაგრძელდა უქმე დღის ჩვეული შუადღე.
ყველანი მიცკევიჩზე მივედით. ეს ჩვენი სახლია. დედა და მამა გველოდებიან. მოიყვანეთ ბავშვები! - თხოვნანარევი იმპერატივი. რა ბედნიერებაა, რომ არიან და გველოდებიან!.. და მეც ვფიქრობ, რომ ისევ ყველაფერი შეუძლიათ და ყველაფერს მომიგვარებენ. იქ რომ აივანია, არსად ისეთი არ არის. დედა გამხმარ ტოტებსაც ახარებს. "ხრუშჩოვკის" მიდგმული ლოჯია არ შემინა და აავსო ყვავილებით: შენს დედამიწის დღეს მივუძღვენი სეზონის გახსნაო. ზამთარში უზარმაზარი ქოთნები შვილიშვილების ბუზღუნით ინაცვლებენ სახლში, მერე იმავე გზით ადგილზე ბრუნდებიან და იწყება აივნის ხანა - თავშეყრა, ჩაი, ყავა და სიგარეტი.
ვხალისობთ და ვერთობით დედ-მამაზე. სულ კამათობენ: დედა საინფორმაციოს არ უშვებს, მამა - "დისკავერის". "ჩაუწიე", "გადართე", "მაყურებინე" - ძირითადი მოთხოვნებია. უსაგნო, სასაცილო ალიაქოთი.
ანანო და ნინო გუშინდელ "Black and White" აქციაზე ყვებიან. ვინ იყო, რა ეცვათ... მეც მინდა ასეთი აქცია! ეს შავ-თეთრიც, სწორედაც რომ ჩვენია. რა მოხდა, ჩვენც რომ გავაკეთოთ - 40 და ზევით. თეთრიდან შავამდე... რატომაც არა?!
9 საათი ხდება, მიხოს ეძინება და აქ მთავარი ბრძოლა იწყება TV-ის პულტით. დაშლის დროა, ჩვენთვის ვეღარ მოიცლიან. ჩემს დას და დისშვილს ვტოვებ მათი ორთაბრძოლების ანაბარა.
მანქანა ძალიან ჭუჭყიანია. ველოდები ამინდების დადგომას. მერაბი ამაზე ბრაზობს. თანაც, დღის ამბებს მიყვება. ჩემს ინტერვიუებს აფასებს. მე არ მიყვარს მათი ყურება. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ის არ ვთქვი, რაც საჭირო იყო. თითქმის არასოდეს მომწონებია.
რა დროს ეს არის, ხვალ ლექცია მაქვს და მოსამზადებელია. ინტერნეტში უნდა შევიდე, ფოსტა ვნახო და იქნებ, კიდევ რამეს გადავაწყდე.

23 აპრილი, ორშაბათი
ლექციამდე ცოტა დრო მაქვს და იქვე ახლო სამოძრაოს ვირჩევ - ვერის პარკში. ეს უკვე ჩვევაში მაქვს გადასული. ოთხ წრეს ვარტყამ პარკს, ცოტას ვვარჯიშობ, ჩოგბურთის თამაშს ვერ ვასწრებ. ვფხიზლდები. კარგი ამინდია. ძლივს მოვიდა გაზაფხული! ახლა უცებ დაცხება...
ვისაუზმე. დღის მოწესრიგების რიტუალია. საქმეებს, საყიდლებს, დასარეკს - ყველაფერს ვიწერ. მანქანის გარეცხვა პირველია მათ შორის. ამას შევიტან თუ არა, წვიმა მოდის. ვნახოთ, ვნახოთ...
ლექცია მეორეკურსელებთან მაქვს - "PR სახელისუფლო სტრუქტურებში". ეს კურსი დიდი ხანია, დაწერილი მაქვს და თავი ვერ მოვაბი, რომ სახელმძღვანელო გამოვცე. კიდევ ვზივარ და ვასწორებ.
კარგი ჯგუფია, აქტიური და ინტერესიანი. მინდა, ფიქრი ვასწავლო შემოქმედებითი და თავისუფალი. ხშირად ვუმეორებ, რომ გარდა ცოდნის შეძენისა, მინდა, ცოტა "გააფრინონ". ლექციის მეორე ნაწილი ასეთი გამოვიდა. მოიფიქრეს სლოგანები, იყაყანეს, იკამათეს და საბოლოო ვერსიით კმაყოფილები დარჩნენ. მიყვარს მათთან ურთიერთობა, მეც ბევრ რამეს ვიგებ, მეც ვსწავლობ, რომ ინტერესი გავუჩინო, რომ არ გავმეორდე.
მანქანა ისევ დავაყენე, ცოტა ფეხითაც რომ მებოდიალა. პატარა ჩინურ მაღაზიაში შევედი. მაოცებს ამ ჩინელების ქართულის სწავლის ნიჭი! როგორ ახერხებენ ასე სწრაფად ათვისებას? თუმცა რა, ალბათ რამდენიმე წინადადება იციან და რიცხვები.
"ოლი ლალი", - მითხრა ჩემს არჩეულ თმის სამაგრზე. "ოლი ლალი" მივეცი და მანქანას დავუბრუნდი. ეს ჩემი მოძრავი თავშესაფარია. 18 წლიდან საჭესთან ვზივარ და ვგიჟდები მანქანაზე. რომელი რომელია, კარგად ვერ ვარკვევ. არ მიყვარს ავტომატურები. მე მანქანის მართვა მიყვარს. ძალიან ფუნქციური ვინმე მყავს. საბარგულში ყველაფერია: ქურთუკი, წინდები, ბოტასები, წიგნები და პატარა საჩუქრები. რა იცი, რა დაგჭირდება და როდის სად აღმოჩნდები. დამცინიან და მერე ყველა რაღაცას იჭირვებს. ჩემი ნამდვილი მეგობარია, ჩემი თავისუფლების ნაწილი...
ფრანგულის კასეტა ჩავდე და ვიმეორებ. ხვალ გაკვეთილი მაქვს. ძალიან მიჭირს, ძალიან!!! რას არ გაგაკეთებინებს სიყვარული?! შარშან, ჟენევაში, ნიკოლამ რაღაც ჩამირთო საუბარში რამდენჯერმე. რომ ვუთხარი, ეს ენა მე არ ვიცი-მეთქი, გაბრაზდა და სულ ფრანგულად დამიწყო ლაპარაკი. ჩემი ესმოდა და ფრანგულად მპასუხობდა. ის გადახვეწილი არსება ჩემი სიცოცხლეა და თუ ვერ გავიგებ რაღაცას მაინც, რა ვქნა?.. ჰოდა, ფრანგულის სწავლა დავიწყე. ასე თუ გამიჭირდებოდა, არ მეგონა. კიდევ კარგი, დიუმას ცენტრს ასაკობრივი შეზღუდვა არ ჰქონდა, "ფორუმის" 2 დონე დავძლიე. ახლა ჩემ მეგობართან დავდივარ. ავიხირე და ჯიუტი ვარ... რაღაცას ხომ ვისწავლი... უკვე ენა უცნობი აღარ არის და ბევრი სიტყვაც ვიცი... ტელეფონის საყურისით დავდივარ. ერთხელ დამაჯარიმეს და ვიყიდე. ამიტომაც ვლაპარაკობ თავისუფლად.
დოდო მიტიჩაშვილმა დარეკა, ველისციხიდან მოდის, ავტობუსში ვზივარ და შევხვდეთო. ძალიან მაგარი ვინმეა, ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი. ბიოლოგი რომ ვიყავი ომამდე - იმ დროის. საუკუნე რომ ვერ ვნახო, არაფერი იცვლება, ახლობელია და არც სიტყვებს ეძებ. ლიტერატურულ კაფეში შევედით. ყველაფერს უნდა ელოდო დოდოსგან. დირექტორების გამოცდებშიც გავიდა, წიგნის დაწერა უნდა და ახლა კიდევ მეცხოველეობაზე ვლაპარაკობთ. – "ცოტა ლიტერატურა ჩაუდგათ ამ ძროხა-ღორებზე ლაპარაკობასა" - ჩაურთო და ნამცხვარიც დაიწუნა. რა ძროხები?! იმდენი იდეა აქვს და საქმეს აკეთებს კიდევაც! ნეტავ ბევრი იყოს ასეთი... ჩქარობდა, მალე უნდა დავბრუნდე ველისციხეშიო. გადმომდო ნაპერწკალი, მომცა დავალებები და წავიდა.
საღამოს სახლს მივხედე - TV-ფონით. ერთი საინფორმაციო გამოშვება და მორჩა. ძირითადად, ენა რომ არ დამავიწყეს. BBC ფონია, ახლა ფრანგულიც დაემატა. ამას თუ ფრანგულის სმენა ჰქვია? MEZZO ან MTV. მუსიკა ცოტა ფრანგულის ჩართვებით.
სულ ეს იყო. დღე ჩემი თავშესაფრით მთავრდება. ვინმე ახირებული ავტორი ძილის წინ. ეხლა პავიჩია და სიამოვნებით ვერთვები სხვა სამყაროში, რომ დღის რია-რია დავივიწყო. მანქანაც ვერ გავრეცხე. წვიმა წამოვიდა ისევ...

24 აპრილი, სამშაბათი
დილით ისევ ცუდი ამინდი, წვიმა და 6 გრადუსი. ზამთრის ქურთუკი გადმოვიღე, თამრიკო ცაგარეიშვილს გავუარე და კუს ტბაზე ავედით. ეს თითქმის ათი წლის რიტუალია და თამრიკოს დამსახურებაა, ამას რომ მივეჩვიე. ვერც გავუტოლდები - ის მთებს ლაშქრავს. მიყვარს ჩვენი მეგობრობის ადრიანი ნაწილი. ვლაპარაკობთ, ვიცინით, ვვარჯიშობთ და ნაგავსაც ვაგროვებთ... მერე ქეთინო-ავთოს ყავასაც ვსვამთ და ქალაქში ვეშვებით. ასეთ ყავას ვერავინ ვერ აკეთებს, ვერავინ.
სამი წელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით ვიყავი დაკავებული. ეს ჩემი გამორჩეულად წარმატებული პროექტია. ერთი პროექტიდან სხვაზე რომ გადადიხარ, ბევრი რამეა ახლებურად ასაწყობი, მოსაგვარებელი, დასაწერი. არ არის ადვილი და ამას კიდევ დღიურები დაემატა.
შუადღისას მანანა ჯორჯაძეს შევხვდი PR-ის ჟურნალთან დაკავშირებით. ბევრი სამუშაოა, მაგრამ საინტერესო და საჭიროც. ხუთშაბათს უფრო კონკრეტულად დავსახავთ რაღაცებს.
4-ზე ფრანგული მქონდა. ტატა ბრაზობს, რომ ზეპირად არ ვსწავლობ დიალოგებს. ვცდილობ, ვცდილობ და არ გამომდის - რა ვქნა? მონდომებას მაინც მიქებს. მივაღწიე და ახალი დავალება არ მომცა. ყველა ტექსტი კარგად უნდა გავიმეორო. Merci, Tata!
7-ზე იურა ბერიშვილის გამოფენის გახსნაზე ვიყავი. ესეც ჩემი ძველი მეგობარია. მიყვარს მისი ცოტათი უცხოპლანეტური და ფერებით დატვირთული ნამუშევრები. დიდი ხნის უნახავი ბევრი მეგობარი ვნახე. ვიცი, რომ დახურვამდე კიდევ მოვალ. გახსნაზე, როგორც წესი, ნამუშევრებს ვერ ვხედავ. მე რომ მიყვარს, ისე...
დავიღალე ამ ფუსფუსით და მიხოსთან გავქანდი. აი, სად ვერთობი ყველაზე უკეთ. მიხო რომ არა, ანუშკას და ნიკოლას მონატრება გამაგიჟებდა ალბათ. უხარია ჩემი დანახვა და მეც ვასულელებ. ვთამაშობთ, ვერთობით, ვკითხულობთ. ნეტავ, რა ესმის? წლის და ოთხი თვისაა. ყველაფერი ესმის და ყველაზე ჭკვიანია. სტანდარტული ბებიური ფიქრია, ვიცი. მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ. ასეა, და რა ვქნა?
სახლში გვიან დავბრუნდი. საღამოს საინფორმაციოები ჩვენი კამათის ფონზე. ვეთანხმები, ეს PR არ არის, ეს პროპაგანდაა, ამიტომაც ვარ საგანმანათლებლო ამბებით დაკავებული. რა PR-ზეა ლაპარაკი, სადაც არაფერზე არ გითანხმდებიან, არაფერს არ გაგებინებენ. ცალმხრივი მოძრაობაა, ასე საზოგადოებას თანამონაწილედ ვერ გაიხდი. შეთანხმებას მივაღწიეთ. TV პროგრამებიც გაიყო: ფეხბურთი მერაბის TV-ში,"აპოკრიფი" - ჩემთან. თემა: პროგრესი, ფანტასტიკა. არჩეული წიგნი - ტოლკიენი. მე ისევ მილორადს ვირჩევ "Ящик для письменных принадлежностей". საოცარი ნივთები, საიდუმლო უჯრები გასაოცარი ისტორიებით.
დაძინებას ვაპირებდი, ნინომ რომ დარეკა. ჟენევაში 30 გრადუსია. ბავშვები კარგად არიან. ჩვენ? ჩვენც არა გვიშავს... დამიტოვა მონატრება და სიმშვიდე. ნინოსთან ლაპარაკის მერე კარგად მეძინება. ეს იცის და ამიტომაც რეკავს დღის ბოლოს.

25 აპრილი, ოთხშაბათი
აპრილია ნამდვილად? დილით თოვლს რომ დაინახავ, რა უნდა იფიქრო? დიდი ფანტელებით თოვდა მთელი საათი. მიმინოს დაფეთებული მტრედებია! აბა თოვლს რა უნდა ახლა? კარგ ხასიათზე დავდექი. მერაბი ამბობს, რომ არც ეს არის ნორმალური და თოვლის ფონზე "მილან"-"მანჩესტერის" თამაშს მიყვება, არ იცი რა თამაში იყო, ტყუილად არ უყურეო... შეიძლება. მე ვითომ ფეხბურთი არ მიყვარს და როგორც კი ყურებას ვიწყებ, ვეღარ ვწყდები. ზიდანი იყო ჩემი ფეხბურთელი, წავიდა. ამერიკაში გადადის თურმე... მოკლედ, დიდ ფეხბურთს გამოვრჩი და კიდევ რაღაც პოლიტიკურ ბატალიებსაც. სულაც არ მწყდება გული. ზოგჯერ აღარაფრის გაგონება არ მინდა.
გარეთ წვიმდა და მთები დათოვლილი იყო. ჩქარა მოვითავე საქმეები. IPRA-ში წერილი გავგზავნე და სახლში დავბრუნდი. საქმეს ჩემი განწყობა უშლიდა. ყველამ, ვინც დარეკა, ამინდზე იბუზღუნა. მე კი "აბა, აბა"-ს ვიძახდი და ვიყავი ჩემთვის კარგად.
მივხედე ჩემი პატარა სახლების კოლექციას. ამასაც განწყობა უნდა. უკვე ბევრი დამიგროვდა. ყველა მოგზაურობიდან ჩამომაქვს მეც და ჩემიანებსაც. ყველა ქვეყანა ეტევა პატარა თაროებზე, მოედნებით და ციხე-სიმაგრეებით. დიდი საწვალებელია მოსავლელად. პაწაწინა ფანჯრები, გისოსები, საკვამურები, სახურავები. თან საქმე და თანაც მოსიყვარულება. ერთი მარტო სახურავია - სხვენი წეროს ბუდით - ელზასური მოტივები. როგორია, ნეტავ, სხვენში ცხოვრება? ალბათ კარგი, თანაც, წეროსაც თუ იმეზობლებ. მოკლედ, ამეკვიატა ეს სულელი ფიქრი. სხვენი ძველი ნივთებით, ყუთებით, მივიწყებული წვრილმანებით და პატარა სარკმლიდან დათოვლილი სახურავების ნაგლეჯი... ძველი ნივთების და სურათების თვალიერებით გავერთე... მთელი დღე გადაყლაპა ამან.
სულ ამირია ეს შუა კვირა ამ თოვლმა და ასევე ლირიკით დასრულდა. მეგობარმა ნატო გელაშვილის კონცერტზე დაგვპატიჟა. მშვენივრად ვისიამოვნე. ვიღიღინე ყველასთან ერთად - "ციდან ცვივა ფანტელი" და დღეც გავიდა.
ახლა რაღა დარჩა? ხვალისთვის რაღაც ჟურნალის პოვნა და ფრანგულის გამეორება MEZZO-ს თანხლებით, მშობლების მოკითხვა და ოცნება, რომ იქნებ ადრე დავიძინო. ამას ინგლისურად lazy day ჰქვია.
ასე იცის აპრილში მოსულმა თოვლმა.

26 აპრილი, ხუთშაბათი
აღარ წვიმს. ჩემი დღიურები, სხვას არ ვიცი, ჰიდრომეტსამსახურს კი ნამდვილად გამოადგება ისტორიისთვის, თანაც საერთაშორისო მასშტაბით. ჟენევის ტემპერატურასაც კი იპოვნის.
მთელი დღე ჟურნალს და PR კურსებზე მუშაობას დაეთმო. რუბრიკები, თემები, ავტორები. იმდენი საინტერესო რაიმე შეიძლება გაკეთდეს!.. ვკითხულობ რამდენიმე სპეციალურ წიგნს ერთად. ვიღებ საჭირო მასალას, ვახარისხებ. შეხვედრა მაქვს რადიოპროექტზე. გუშინდლისგან განსხვავებით, ჩვეული დღეა - ჭრელ-ჭრელი საქმეების მოზაიკა.
ჩემს მეგობარს მამა გარდაეცვალა. ძალიან მასევდიანებს ჩვენი მშობლების დაბერება და წასვლა. ძალიან, ძალიან... და სევდამ რომ არ წამიღოს, რა უნდა ვქნა? მიხოსთან წავიდე! ვუყიდე წიგნი, რომელშიც რომელიღაც გვერდზე ცხენი აღმოვაჩინე. ცხენი მიხოს მთავარი სიყვარულია. საიდან მოვიდა ეს ახირება, ვერავინ ვერ გავარკვიეთ. წლისაც არ იყო, რომ ეს დაიწყო და გიჟდება. დააქვს წინ და უკან სხვადასხვა ზომის ცხენები და წიგნებსაც მათი ხათრით ათვალიერებს. გავერთეთ მე და მიხო. დავაძინე და მოვაღწიე სახლამდე.
ღამე ევერილმა დარეკა. ევერილი ჩემი შოტლანდიელი მეგობარია. 93-ში გავიცანი ედინბურგში კონფერენციაზე. სახლებში ვცხოვრობდით და მე მასთან მომიწია ცხოვრება. მერე პროექტი გაგრძელდა, ყოველ წელს მიწევდა ჩასვლა. მე თუ არა, ის ჩამოდიოდა. ბოლო ოთხი წელი ერთმანეთი არ გვინახავს. სატელეფონო და "მეილური" ურთიერთობა გრძელდება. თავიდან წერილები იყო, ევერილისგან - ბევრფურცლიანი, ჩემი - დეპეშასავით. ის ამ წერილებში საგანმანათლებლო ამოცანას ისახავდა: ასე ამბობდა თვითონ. მერე ხელი ჩაიქნია, იაფი სატელეფონო კომპანია იპოვა და მირეკავს კვირაში ერთხელ. ერთხელ, მაგრამ საათობით ვლაპარაკობთ. ყველაფერს დეტალურად მეკითხება. ამდენი წვრილმანი ჩემმა აქაურმა მეგობრებმა არ იციან. მომაყოლა ყოფითი ამბები და პოლიტიკურს გადასწვდა. ქალაქში მიწის გადასახადზე ვილაპარაკეთ დიდხანს. მითხრა, ეს ჩვენთანაც პრობლემა და მოახლოებული არჩევნების ძირითადი თემააო. თურმე, გამოსვლებიც ყოფილა გლაზგოში ამასთან დაკავშირებით. პენსიონერებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ან არ ახდევინებენ, ან დიდი შეღავათები აქვთო. შეიცხადა ჩვენი ამბები. ყველაფერი იცის თითქოს და მაინც უკვირს. ამ დროს მე ვხდები ხოლმე თავგამოდებული დამცველი. მერე ჩემი მეგობრების და, სერთოდ, უმრავლესობის დაუსაქმებლობაზე ვლაპარაკობთ. მამშვიდებს, ჩვენთანაც იყო ასე 10-15 წლის წინ, Young Up and Coming - YUC - ასე ეძახდნენ თაობას, რომელიც მოდიოდა ჯიპებით და მოჰქონდა თითქოს ყველაფერი, ოღონდ მხოლოდ თავისნაირებისთვის. ვერ გაართვა თავი უჩვენოდ, 5-6 წელიწადში "Bring back pensioners!" – "დააბრუნეთ პენსიონერების" ძახილი დაიწყო და ხომ ხედავ, ისევ ვმუშაობო - დამამშვიდა ჩემმა ედინბურგელმა მეგობარმა.
ხვალ პარასკევია და ასე გადავდე ბოლო დღემდე სილაბუსის დაწერა. ორშაბათიდან ვაპირებდი, მანქანის გარეცხვისა არ იყოს.

27 აპრილი, პარასკევი
დათბა. მზიანი ამინდია, ცოტა ქარია. კუს ტბა და მისი თანმდევი საქმიანობა.
მანქანა გასარეცხად დავტოვე და დღე სილაბუსის შექმნას მივუძღვენი. ორი გადადებული საქმე მივიყვანე ბოლომდე.
სილაბუსები და მისთანები მახალისებს ძლიერ. შემოვარდება რაღაც სიტყვები და ისეთ აღმატებულ მნიშვნელობას იძენს, შეიძლება გაგიჟდე.
"ბროკჰაუზ-ეფრონის" მიხედვით, სილაბუსი 1864 წლის პაპის ენციკლიკის დამატებაა, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ცხოვრების ყველა ფორმასა და პრინციპს კათოლიკური ეკლესიის სწავლებასთან მიმართებაში.
კიდევ ისიც შევიტყვე, რომ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ჰანს გაუთბროდის ნაშრომში "სილაბუსი, როგორც სტრატეგია და კონტრაქტი".
საიდან სადაო... ისეთი დაყენებული ინტონაციით და გამომეტყველებით ათამაშებენ ამ სიტყვებს, თითქოს მათი გამოგონილია და ყველაფერი ესმით. სილაბუსი არა გაქვს? აბა, რაში ვარგიხარ?! კრედიტები როგორ გაანაწილე? კოლოქვიუმები და კაპაციტეტები??? სასაცილო არ არის? რითია ნინო ზაქარიაძის დაბადების დღეზე ჩვენი გამოგონილი სიტყვები ამაზე ნაკლები? ან ამაზე ნაკლებად აქტუალური და, თანაც, ქართულად ჟღერადი: ყოღლები, ყუფლები, ღუნჭიჭი, დაფანჩული, საუღლე, მწყავი და ა.შ. გია და გაგა ნიჟარაძეების აქტიური მონაწილეობით მთელი კლასიფიკაცია შევქმენით. გრანტის აღების პერსპექტივით და შორსმიმავალი გეგმებით. ყველა მათგანის ახსნას აქ არ შევუდგები, რადგან მომავალი ლექსიკონი ინტერესს დაკარგავს.
მე ხელსახოცზე დაწერილი სიტყვების დაბეჭდვა და შემქმნელებთან გაგზავნა მევალება. გეგმაშია ლექსიკონის ერთი ნაწილი ანდაზებსა და ენისგასატეხებსაც მიეძღვნას. ანდაზების რამდენიმე ვერსიაც არსებობს. მოკლედ, სანამ ლექციების კურსისა და შეფასების სილაბუსურ ვერსიაზე ვიმუშავე, ჩვენი შპს "სერაფიტას" ლექსიკონის დასაწყისის ბეჭდვასაც მოვრჩი და ასეთი ანდაზით დამთავრდა პირველი ვარიანტი: ყუფლი ყუფლობდეს და ყოღლი ყოღლობდესო!
ქალის ამჟამინდელი და ყოფილი ქმრები ერთმანეთისთვის - ყოღლები;
კაცის ამჟამინდელი და ყოფილი ცოლები ერთმანეთისთვის - ყუფლები.
მშვენიერ დროში ვცხოვრობთ, იუმორის გრძნობა თუ გაქვს, კიდეც გაერთობი და გადარჩენის შანსიც გაქვს.
მაგრამ უსილაბუსოდ მე ნამდვილად შევრცხვები და გავართვი დიდის წვალებით ამ საქმეს თავი. PR-ის ზოგადი კურსი მაგისტრებისთვის. ამ კურსისგან შეიძლება ძალიან საინტერესო ვრცელი სემინარი გაკეთდეს, შევიდეს საქართველოს მაგალითები. სიმბოლიკების, ფერების, მუსიკის გამოყენება. ძალიან მოხდენილი კურსი გამოვა...
ფრანგულზე ვიყავი. ხვალ ჩემი მეგობრის დაბადების დღეა, ხუთი წლის ასაკიდან რომ დავდივარ და განსაკუთრებით ველოდები. საჩუქარიც ვიყიდე, ხვალ ამის დრო არ მექნება.
გვიან საღამოს ნიკოლოზის წერილებს მივუბრუნდი. ეს წერილები მისი გაჩენის დღიდან იწერება. "წერილები გიორგი-ნიკოლოზს, რომ არასოდეს დაავიწყდეს, რა ენაზე მოესიყვარულნენ და უმღერეს პირველად". თავშივე ჩაკრული მაქვს ქართული და ლათინური ანბანი. მეშინია, რომ ქართული არ ეცოდინება და იქნებ ამ წერილებმა მაინც შეუქმნას სწავლის მოტივაცია. ეს მისი ისტორიაა და მინდა, რომ თვითონ წაიკითხოს.
ნინომაც დარეკა და მშვიდად დასრულდა დღე.

28 აპრილი, შაბათი
დილა ისევ წვიმიანია. კუს ტბიდან სველი დავბრუნდი. მანქანაც ტყუილად გამირეცხავს.
როსტროპოვიჩი გარდაცვლილა. ამ კვირაში ელცინიც გარდაიცვალა, მაგრამ ის ჩემი ფიქრების პერსონაჟი არ იყო. როსტროპოვიჩი სულ სხვაა... მუსიკის გარდა, რაღაც სხვანაირი არტისტულობით დამრჩა და კიდევ ერთი საოცარი შეხვედრით.
ერთად ვიმგზავრეთ თბილისიდან ფრანკფურტში. იმის მერე აქ აღარც ყოფილა. მის ჯადოსნურ ვიოლონჩელოს ცალკე ბილეთი ჰქონდა. არ ვიცი, რა მეწერა სახეზე – მომიბრუნდა და მითხრა: ერთი ბილეთი კი არა, მთელი თვითმფრინავის ბილეთების ფასიაო. ვისაუბრეთ ათას რამეზე. უფრო ვუსმენდი. კითხვებს ვუსვამდი და ვუსმენდი. ახლაც მიკვირს, ამდენი რამ გამაბედინა... მერე იყო ორი საათი აეროპორტის კაფეში, თავის მოწაფეებთან ერთად. ფოტოებიც დამრჩა. იყო ისტორიები პიკასოსთან, დალისთან, რენესთან შეხვედრებზე. საოცარი მთხრობელი იყო – ბუნებრივი, უშუალო და ხალისიანი. თავის საყვარელ ნამცხვარზე დაგვპატიჟა, თანაც გაგვაფრთხილა, გალინას არ უთხრათო. დამშვიდობებისას მითხრა, დააკვირდი, რა მოსდით მესაზღვრეებს ჩემი პასპორტის ნახვის დროსო. მსოფლიო მოქალაქის პასპორტი ჰქონდა და ამ დილასაც მსოფლიოს არხები იყო სავსე მისი მუსიკით და მოგონებებით...
ფოსტა შევამოწმე. მეილი დამხვდა PRIM-იდან. ეს ახალგაზრდული PR ორგანიზაციაა. კარგები არიან, ჩემი ყოფილი სტუდენტები. დროა, კვირეულისთვის დავიწყოთ მზადებაო. მომავალი კვირაც დაიგეგმა.
მშვენიერი კვირა იყო. სხვადასხვანაირი, ჭრელი და თოვლიანიც კი – მე რომ მიყვარს, ისეთი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG