Accessibility links

logo-print

პირველი ქართველი მოსწავლე, რომელმაც ”ვესტ-პოინტის” საგზური მოიპოვა


საქართველოში სამხედრო ოფიცრის პროფესიისადმი სიყვარული



ბევრ ყმაწვილს სკოლის მერხიდან უღვივდება, თუმცა სურვილის რეალიზებას დიდი დრო სჭირდება. საქართველოში დღემდე მხოლოდ ერთადერთი სამხედრო სასწავლებელი არსებობს და ისიც სტუდენტების ან გარკვეული სტაჟის მქონე სამხედრო მოსამსახურეების გადამზადებას ემსახურება. ამიტომ თორნიკე თოდრიამ, თბილისის ამერიკული კოლეჯის მოსწავლემ, სულ სხვა გზა აირჩია. მან ურთულეს საკონკურსო ასპარეზობაში ამერიკის ”ვესტ-პოინტის” სამხედრო აკადემიის საგზური მოიპოვა და ამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლის პირველი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მსმენელი გახდა. მინდა დღევანდელ პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” ”ვესტ-პოინტის” მომავალი ქართველი კადეტი გაგაცნოთ და იმაზეც გესაუბროთ, თუ რატომ არ შეუძლიათ ქართველ ყმაწვილებს, საქართველოში სკოლის დასრულების შემდეგ, ოფიცრის დაწყებითი სამხედრო განათლება მიიღონ.

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ”ვესტ-პოინტის” სამხედრო აკადემიაში 18 წლის თორნიკე თოდრიას სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დაახლოებით 210 ათასი დოლარით დააფინანსებს. ამ თანხაში, უმაღლესი დონის სწავლების ხარჯების გარდა, შედის კვება, განთავსება და დღიური ფული. ასეთი პრესტიჟული საგზური რომ მოეპოვებინა, თორნიკე თოდრიამ, თბილისში არსებული ამერიკული აკადემიის მსმენელმა, უშეღავათო კონკურსში გაიმარჯვა და 9 იღბლიან უცხოელს შორის მოხვდა. კარგი ფიზიკური და თეორიული მომზადების გარდა, როგორც თორნიკე მიიჩნევს, ”ვესტ-პოინტში” მოხვედრაში მას საქართველოს მიმართ ამერიკის მზადრი ინტერესიც დაეხმარა.

[თორნიკე თოდრიას ხმა]

თორნიკე თოდრია ამბობს, რომ საქართველოთი შეერთებული შტატების დაინტერესება შემდგომში უფრო მეტ მის თანატოლს გაუხსნის გზას პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლებისკენ, სადაც ადრე საქართველოდან, უმთავრესად, მხოლოდ სტაჟიანი ქართველი სამხედროები იგზავნებოდნენ, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საფუძველზე. ახლა კი თორნიკე თავის ქართველ თანატოლებში პირველია, რომელიც ამერიკის 200 წლოვანი ისტორიის მქონე აკადემიის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს და მას ძალიან კარგად ესმის, რომ იქ უმკაცრესი სამხედრო რეჟიმი და რთული ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა ელოდება.

[თორნიკე თოდრიას ხმა]

კონტრაქტის გაფორმების წინ თორნიკე თოდრიამ უკვე მიიღო მოზრდილი ინსტრუქცია, რაც ”ვესტ-პოინტის” აკადემიის მომავალ კურსანტს უფლებებს და მოვალეობებს განუმარტავს. ბრძანებებისადმი უსიტყვოდ დამორჩილების გარდა, ინსტრუქციაში შავით თეთრზე წერია, რომ სწავლების პერიოდში მსმენელს კატეგორიულად ეკრძალება ქორწინება.

[თორნიკე თოდრიას ხმა]

თუმცა, როგორც თორნიკე თოდრიამ გვითხრა, მის გეგმებში არ შედის ამერიკაში ცოლის მოყვანა და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ მიიღოს მაქსიმალური ცოდნა, რასაც საქართველოში 4 წლის შემდეგ დაბრუნებისას გამოიყენებს. სხვათა შორის, ”ვესტ-პოინტში” მოხვედრის პირობა იმასაც ითვალისწინებს, რომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კურსდამთავრებულმა გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყებაში იმუშაოს.

[თორნიკე თოდრიას ხმა]

ოთხი წლის შემდეგ, როდესაც თორნიკე თოდრია ”ვესტ-პოინტიდან” სამშობლოში დაბრუნდება, საქართველოც შეცვლილი იქნება და მისი სამხედრო ძალებიც. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული 5 წლიანი რეფორმების გეგმით, არმიის დაკომპლექტება, ბიუჯეტირება, რესურსების მართვა და საკადრო პოლიტიკა მთლიანად იქნება გადასული ნატოს სტანდარტზე. შესაძლოა, იმ დროისთვის საქართველოს სამხედრო აკადემიაშიც აღდგეს ”ვესტ-პოინტის” მსგავსი 4 წლიანი სწავლების კურსები, რომელზეც სამხედრო უწყების წინა ხელმძღვანელობამ ერთპიროვნულად თქვა უარი. მით უფრო, რომ საქართველში არ არსებობს არც სამხედრო კოლეჯი, რომლის წინამორბედი კადეტთა კორპუსი, ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან ”ნუცას სკოლად” მოხსენიებული, ერთ დღეში დაიხურა და აღიგავა პირისაგან მიწისა.
XS
SM
MD
LG