Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი “საპასუხო ნაბიჯებით” იმუქრება აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის გეგმასთან დაკავშირებით


აშშ-ის გეგმა, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს ცენტრალურ ევროპაში, რუსეთის სულ უფრო მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლელ ჟურნალისტებთან ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული იქნება “საპასუხო ნაბიჯებით” მოახდინოს რეაგირება აშშ-ის გეგმაზე.

6 ივნისს გერმანიაში “დიდი 8”-ის სამიტი იწყება. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პუტინმა “დიდი 8”-ის წევრი ქვეყნების ჟურნალისტები მიიღო და, ჩანს, ისარგებლა ამ შემთხვევით არაორაზროვანი გაფრთხილების გამოსათქმელად: თუ დასავლეთი აგრესიული იქნება რუსეთის მიმართ, რუსეთი მას აგრესიულობითვე უპასუხებს.

[პუტინის ხმა] “ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების შემთხვევაში, დღესაც გამოვთქვამთ გაფრთხილებას, იქნება საპაუხო ზომები. ჩვენ იძულებული ვართ, უზრუნველვყოთ საუკთარი უსაფრთხოება. და ამ პროცესის ინიციატორები ჩვენ არა ვართ”.

პუტინის ეს განცხადება, რომლის ტექსტური ვერსიაც კრემლის ვებსაიტზე გამოაქვეყნეს, ვაშინგტონთან სიტყვიერი დაპირისპირების ჯერ-ჯერობით ბოლო გამოვლენაა, ნიშანი რუსეთის მკვეთრი უკმაყოფილებისა, რომელსაც იწვევს აშშ-ის გეგმა პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების განთავსების შესახებ.

დასავლელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პუტინს მოუწია ლაპარაკი რუსეთში რამდენიმე დღის წინ, 29 მაისს, ახალი ტიპის რაკეტების გამოცდაზე. ამ ნაბიჯს რუსული მხარე ამართლებს, როგორც პასუხს აშშ-ის გეგმაზე, რომელიც ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას ითვალისწინებს - მეტიც, რუსული მხარე ვაშინგტონს ადანაშაულებს იმ პროცესის განახლებაში, რომელსაც ცივი ომის წლებში “გამალებულ შეიარაღებას” უწოდებდნენ. ცნებამ “გამალებული შეიერაღება” გაიჟღერა “დიდი 8”-ის ჟურნალისტებთან ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზეც:

[პუტინის ხმა] “ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს საპასუხო ნაბიჯებზე - რადგან ჩვენ არა ვართ ინიციატორები ევროპაში აშკარად მოახლოებული ახალი გამალებული შეიარაღებისა. ირღვევა სტრატეგიული ბალანსი მსოფლიოში! ამ ბალანსის აღსადგენად - საკუთარი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის გარეშე - ჩვენ იძულებული ვიქნებით, შევიმუშავოთ ისეთი სისტემა, რომელიც ანტისარაკეტო ამგვარ სისტემას გადალახავს”.

აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, რომლის განთავსების გეგმაც რუსეთის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს, პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ჯორჯ ბუში ისაუბრებენ გერმანიაშიც - ბალტიის ზღვისპირა კურორტ ჰაილიგენდამში, სადაც 6 ივნისს, ოთხშაბათს იწყება “დიდი 8”-ის სამიტი.
XS
SM
MD
LG