Accessibility links

logo-print

“დიდი 8”-ის სამიტი: საპროტესტო გამოსვლები და მზადება გერმანიაში


6-8 ივნისს ჩრდილოეთ გერმანიის ბალტიისპირა კურორტ ჰაილიგენდამში “დიდი 8”-ის სამიტი გაიმართება.

“დიდი 8”-ის წევრი ქვეყნეები არიან აშშ, კანადა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, გერმანია და რუსეთი.

რაც უნდა საყურადღებო იყოს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების შეხვედრა, ჰაილიგენდამში სამიტის დაწყებამდე ყურადღების ცეტრში საპროტესტო გამოსვლები მოექცა.

[დემონსტრაციის ხმაური]
გასული კვირის მიწურულს გერმანიის ქალაქ როსტოკის ქუჩები ძალადობამ მოიცვა. “დიდი 8”-ის პოლიტიკის და გლობალიზაციის რადიკალურ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას 1000-მდე ადამიანი დაშავდა. პოლიციის პრეს-მდივან ახიმ რიდერის განმარტებით, რადიკალური ელემენტები 20 000-მდე მონაწილისაგან შემდგარი დემონსტრაციის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდნენ. და მაინც, შეტაკება როსტოკში ბევრი ადამიანისთვის ფრიად სახიფათო აღმოჩნდა.

[რიდერის ხმა] “სულ დაჭრილია 433 პოლიციელი, მათგან 30 პოლიციელი - მძიმედ. მოძალადეებიდან 125 იქნა დაკავებული, მათგან 52 უკვე გათავისუფლებულია. დღეს დილას კიდევ 2 ავტომაქანას წაუკიდეს ცეცხლი, ამდენად დღეს 3 ავტომანქანა იწვოდა. ვითარების ასეთ გამწვავებას არც მოველოდით და არც ვშიშობდით”, - აღიარა როსტოკის პოლიციის პრეს-მდივანმა. ახლა, როსტოკში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების მერე, თვით პოლიციამაც და “დიდი 8”-ის სამიტის მონაწილეებმაც უკეთ იციან, რას შეიძლება მოელოდნენ სამიტის დღეებში, 6-8 ივნისამდე.

რაც შეეხება სამიტის დღის წესრიგს, ასახელებენ ევროპაში უშიშროების საკითხებს, კოსოვოს სტატუსს, გლობალურ ვაჭრობასა და გლობალურ კლიმატს. ამ უკანასკნელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამიტის მასპინძელი, გერმანია. გერმანიის მიზანი იყო მოახლოებულ სამიტზე ერთსულოვნების მიღწევა სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შემცირებაზე (საქმე ეხება 2020 წლისთვის გამონაბოლქვის შემცირებას 20 პროცენტით - 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, უფრო გრძელვადიანი გეგმით კი, 2050 წლისთვის, გლობალური საშუალო ტემპერატურის შემცირებას 2 გრადუსით).

ამასთან, არასდროს იყო ნათელი, მიემხრობოდა თუ არა აშშ გერმანიის - ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფოს - გეგმას. ახლა კი ამ გაურკვევლობას ერთი მოულოდნელობა დაემატა: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ აშშ გლობალურ კლიმატზე შეთანხმებას შეუერთდება მას შემდეგ, რაც 2012 წელს ჩაივლის კიოტოს ოქმის პირველი ეტაპი.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “აშშ ითანამშრომლებს სხვა ქვეყნებთან სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზის შემცირების ახალი შეთანხმების შესადგენად, როცა 2012 წელს ამოიწურება კიოტოს ოქმის მოქმედების ვადა. ამიტომ ჩემი წინადადებაა, მომავალი წლის ბოლოს ამერიკამ და სხვა ქვეყნებმა ჩამოვაყალიბოთ სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შემცირების გრძელვადიანი გლობალური მიზანი”.

ჯორჯ ბუშის ამ ინიციატივას სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა: ზოგი მას აკრიტიკებს, რადგან პრეზიდენტმა მომავალი წლის ბოლოსთვის გადადო აშშ ჩართვა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში. მაგრამ გამოხმაურების ნაწილი პოზიტიურია: გერმანიის კანცლერის შეფასებით, მისასალმებელია, რომ აშშ, რომელიც დიდხანს ამბობდა უარს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში მონაწილეობაზე, ახლა აღიარებს, რომ “ვერავინ უგულებელყოფს კლიმატური ცვლილებების საკითხს”.
XS
SM
MD
LG