Accessibility links

logo-print

რუსეთი კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის


დიდი რვიანის სამიტის წინ რუსეთის პრეზიდენტმა

ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში ვრცელი ინტერვიუ მისცა ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებს. ბევრ სხვა საკითხთან ერთად ვლადიმირ პუტინმა კოსოვოს მომავალ სტატუსზეც ილაპარაკა. რუსეთის პრეზიდენტს დამაჯერებლად არ ეჩვენება ის არგუმენტები, რომლებიც კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებული შემთხვევის უნიკალურობას დაადასტურებდნენ. მეტიც, პუტინი მიიჩნევს, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომელიც სერბეთის შემადგენლობაში შემავალი მხარის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს, არაფრით განსხვავდება სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში შექმნილი ვითარებისგან. რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენციას გამოეხმაურნენ თვითაღიარებული რესპუბლიკების პრეზიდენტები, რომლებმაც 4 ივნისს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ეუთოსა და ევროპის საბჭოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდეს.

ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ერთა თვითგამორკვევის უფლებას ევროპის ერთ რეგიონში და იხელმძღვანელოს განსხვავებული პრინციპებით ევროპის სხვა ნაწილში, მაგალითად კავკასიაში. რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ კოსოვო და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული თვითაღიარებული რესპუბლიკები ერთმანეთისგან თვისებრივად არ განსხვავდებიან:

„ერთ შემთხვევაში დაიშალა იუგოსლავიის კომუნისტური იმპერია, სხვა შემთხვევაში - საბჭოთა. ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეთნიკურ კონფლიქტს, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში. იქაც და იქაც ომი იყო. იქაც და იქაც იყვნენ დამნაშავეები. სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთი 15 წელია დამოუკიდებლად არსებობენ - ირჩევენ პარლამენტებს, პრეზიდენტებს, იღებენ კონსტიტუციებს. ასე რომ, კოსოვოსა და მათ შორის განსხვავება არ არის“, - ამბობს ვლადიმირ პუტინი და იქვე დასძენს, რომ რუსეთი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლით, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეფუძნება.

ნათქვამიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთს ხელს არ აძლევს კოსოვოს საკითხზე შემუშავებული ახალი რეზოლუციის პროექტი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. ძირითად საკითხებში გეგმა უცვლელია: კოსოვოს მიენიჭოს დამოუკიდებლობა, ოღონდ საწყის ეტაპზე მას გაერო გააკონტროლებს. რეზოლუციის პროექტის კომენტირებისას, გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა:

[ვიტალი ჩურკინის ხმა] "სიტყვა "ვეტოს" არ წარმოვთქვამ, სანამ კენჭისყრის წინ ოფიციალურ ინსტრუქციას არ მივიღებ. მაგრამ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რით დამთავრდება კენჭისყრაზე დაყენება კოსოვოს საკითხზე რეზოლუციის ისეთი პროექტისა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის მიუღებელი იქნება. ამ მხრივ, უშიშროების საბჭოში ჩვენი კოლეგებისთვის, ვფიქრობ, ყველაფერი დღესავით ნათელია."

რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ პრობლემა ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკების გზით მოგვარდეს. კოსოვოს სტატუსის გარკვევას ელოდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თვითაღიარებული რესპუბლიკების პრეზიდენტები. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითიმ განაცხადეს, რომ „კოსოვოს პრეცედენტის“ დაშვების შემთხვევაში უფრო მეტი დაჯერებით იმოქმედებენ და მოითხოვენ ერთიანი სტანდარტების დაცვას. და მართლაც, არსებობს თუ არა, ეგრეთ წოდებული, ერთიანი სტანდარტის შემოღების საფრთხე? ამ კითხვას პოლიტოლოგი გია ნოდია ასე უპასუხებს:

[გია ნოდიას ხმა] „რა თქმა უნდა, კოსოვოსა და აფხაზეთს შორის გარკვეული პარალელები არის, მაგრამ განსხვავებაც სახეზეა და უკვე პოლიტიკური მოთამაშეების ნების ამბავია გაუსვან ხაზი განსხვავებას თუ გაუსვან ხაზი მსგავსებას. პუტინის აზრია, რომ ეს კონფლიქტები ერთ კატეგორიაში უნდა იყვნენ შეყვანილი და კოსოვოს შესაძლო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს პრეცედენტი აფხაზეთისთვის, მაგრამ დასავლეთი ჯერჯერობით ამას არ იზიარებს. ჩვენთვის ეს არის იმედის საფუძველი.“

გია ნოდია ამბობს, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას შეცდომები და თავისი ქცევით დასავლეთს არ უნდა მისცეს პოზიციის შეცვლის საბაბი. პოლიტოლოგებისაგან განსხვავებით, ქართველი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კოსოვოს პრეცედენტი, რაზეც რუსეთი აპელირებს, საქართველოსთვის ხიფათს არ შეიცავს. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კომენტარი:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „მე მგონი, რომ ეს არ არის რუსეთის გადასაწყვეტი. მე მგონი კი არა, დარწმუნებული ვარ... თუ სურს რუსეთს, შეუძლია კოსოვოს მოდელი საკუთარ ტერიტორიაზე გამოსცადოს.“

XS
SM
MD
LG