Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ალგორითმი''


სამეცნიერო-პოპულარული პროგრამა



შეიძლება თუ არა მიეცენ ადამიანიანები ზამთრის ძილს?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზამთრობით ზოგიერთი ცხოველი ძილს ეძლევა და მხოლოდ გაზაფხულის დადგომისას იღვიძებს. ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ზამთრის ძილს ადამიანიც შეიძლება მიეცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში და ეს მას სერიოზული პრობლემებისგან დაიცავს.

მაგრამ ამერიკელ მედიკოსებს სურთ თავიანთ პაციენტებს დროებით შეუჩერონ სასიცოცხლო ფუნქციები არა იმისთვის, რომ მათ ზამთრის გადატანაში შეუწყონ ხელი, არამედ იმისთვის, რათა დაეხმარონ მათ სერიოზული ტრავმისა თუ გულის შეტევის შედეგების დაძლევაში.

როცა დათვები ან ზღარბები ზამთრის ძილს ეძლევიან, მათი გულის მოქმედება და სუნთქვა მკვეთრად ეცემა და მათი სხეული ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლებ ჟანგბადს ან ჟანგბადით მდიდარ სისხლს მოიხმარს.

პაციენტს, რომელსაც სერიოზული ტრავმა აქვს, შეიძლება გაუჭირდეს სუნთქვა და სისხლის გადატუმბვა. არადა, თუკი თავის ტვინს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება, იგი შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს, ვინაიდან ჟანგბადის გარეშე დარჩენილი ტვინი დაახლოებით ექვსი წუთის შემდეგ მოქმედებას წყვეტს.

თუკი მოხერხდა პაციენტის როგორმე გადაყვანა ზამთრის ძილის მდგომარეობაში, მაშინ მას ბევრად მეტი დრო ექნებოდა ტრავმის მოსაშუშებლად ისე, რომ საფრთხე არ შეექმნებოდა მის სხვა ორგანოებს. ამასთან, ექიმებს მეტი დრო ექნებოდათ მის საოპერაციოდ, ანდა გადანერგვისთვის საჭირო ორგანოს საშოვნელად.

სიეტლში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო ღრმა ძილის მდგომარეობაში გადაეყვანა თაგვები, რომლებიც ჩვეულებრივ არ ეძლევიან ზამთრის ძილს. საამისოდ თაგვები მოათავსეს საკანში, რომელშიც ჰაერი გოგირდწყალბადის გაზით იყო გაჯერებული. საკანში ყოფნისას თაგვების სუნთქვის სიხშირე წუთში 120-დან ათამდე ეცემა. გოგირდწყალბადი, ეს უკიდურესად ძლიერი და უსიამოვნო სუნის მქონე გაზი, შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. მაგრამ ჩვეულებრივ ჰაერზე დაბრუნების შემდეგ თაგვების სხეულის ფუნქციები კვლავ ნორმალიზდება.

სხვა მეცნიერები სხვა მეთოდებს ხმარობენ ცხოველებში ზამთრის ძილის მდგომარეობის მისაღწევად. ერთ-ერთი მათგანია სხეულის ტემპერატურის ხელოვნურად შემცირება. მაგალითად, ბოსტონში მომუშავე ერთ-ერთმა ჯგუფმა ორასზე მეტი ოპერაცია ჩაუტარა ღორებს. ამ პროცესში ღორს ართმევენ სისხლის დაახლოებით ნახევარს და მის ნაცვლად სპეციალურ გაციებულ სითხეს უსხამენ. 90 პროცენტის შემთხვევაში მეცნიერებმა შეძლეს ღორების კვლავ გაცოცხლება მას მერე, რაც მათგან აღებულ სისხლს ათბობდნენ და კვლავ უსხამდნენ. ადამიანებზე მსგავსი გამოკვლევები ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

როგორც მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტი, დოქტორი თომას სკეილი წერს, სასიცოცხლო ფუნქციების დროებით შეჩერება შესაძლოა ყველა დროის ყველაზე დიდ წარმატებად იქცეს მძიმედ დაშავებული ადამიანების მკურნალობის საქმეში.

70-80 წლის წინ ადამიანის ზამთრის ძილში გადაყვანა სამეცნიერო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა. მაგრამ დღეს მეცნიერები სულ უფრო უახლოვდებიან ამ მიზანს.



მომავლის მობილური ტელეფონები

პირველი მობილური ტელეფონები მძიმე, მოეხეშავი იყო და ზოგჯერ ზომით მამაკაცის ფეხსაცმელს უტოლდებოდა. 21-ე საუკუნეში კი ზოგიერთი მოდელი თითქმის საკრედიტო ბარათივით თხელია და ბევრად უფრო მეტ ფუნქციას მოიცავს, ვიდრე ტრადიციულ ტელეფონებს აქვთ. მომხმარებელს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დარეკოს, გადაიღოს ფოტოები, ვიდეოფირი, შევიდეს ინტერნეტში, დაუკრას მუსიკა, ითამაშოს კომპიუტერული თამაშები, ანდა ტელეგადაცემებსა თუ ვიდეოფილმებს უყუროს ერთი და იმავე ხელსაწყოს მეშვეობით. როგორც ექსპერტები გვპირდებიან, მომავალში მობილურ ტელეფონებს კიდევ უფრო ბევრად მეტი შეეძლებათ.

მაისის ბოლოს მობილური ტელეფონების მწარმოებელმა კომპანია “ნოკიამ” გამოაცხადა, რომ შექმნა ახალი ტელეფონი, რომელიც მის მომხმარებელს ელვის საშიშროებას ამცნობს. ასეთი ტელეფონი დიდ დახმარებას გაუწევს გოლფის მოთამაშეებს, გარეთ ხეტიალის მოყვარულებს და ყველას, ვინც ყოველთვის დროზე ვერ ხვდება, რომ წვიმიან ამინდში სახლს შეაფაროს თავი.

მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე სხვებიც ზრუნავენ. მაგალითად, იაპონიის კომპანია “ნიკეი” მუშაობს ტელეფონზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლისთვის სიცხის, წნევისა და პულსის გაზომვა. ტელეფონი შემდეგ ამ ინფორმაციას შეინახავდა და დიაგრამის სახით წარმოადგენდა. პაციენტი შეძლებს დროის გარკვეულ მონაკვეთში დააკვირდეს თავისი მაჩვენებლების ცვლას.

მობილურ ტელეფონებს არა მხოლოდ ახალი ფუნქციები ექნებათ, არამედ გარეგნობითაც საგრძნობლად განსხვავებული იქნება დღევანდელი თანამოძმეებისგან. უკვე დღესვე არსებობს ტელეფონები, რომლებიც მაჯის საათივით შეგიძლიათ ხელზე ატაროთ. სავარაუდოდ კიდევ ერთი ახალი ასპექტი იქნება ფერის ცვლა იმის მიხედვით, თუ ვინ დარეკავს. მაგალითად, როცა შეყვარებული დაგირეკავთ, თქვენი ტელეფონი შეიძლება გაწითლდეს.

დიზაინერები არც ძველი ტელეფონების მოყვარულებს არ ივიწყებენ. მაგალიათად, ამერიკის ერთ-ერთმა კომპანიამ შექმნა მობილური ტელეფონი, რომელიც 50-იანი წლების ვეებერთელა, მძიმე შავ სატელეფონო აპარატს ჩამოჰგავს. მას ზარიც კი პროტოტიპის მსგავსი აქვს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მისი თან ტარება შეგიძლია.

ხოლო იმათთვის, ვინც შხაფის ქვეშაც კი ვერ ელევა თავის ძმობილ მობილს, უკვე არსებობს წყალგამძლე ტელეფონები.
XS
SM
MD
LG