Accessibility links

რატომ შეჩერდა მოლაპარაკებათა პროცესი ქართველებსა და აფხაზებს შორის


ამ რამდენიმე თვის წინ ჟენევაში აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით შემდგარ მოლაპარაკებაზე მიღწეულ შეთანხმებას თბილისსა და სოხუმს შორის

პირდაპირი დიალოგის განახლებისა და განვითარების თაობაზე შედეგი ჯერჯერობით არ მოუტანია - ქართულ-აფხაზური დიალოგი არ განახლებულა. თუ რატომ, ამის შესახებ მხარეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ და, ამ არგუმენტების არსებობის პირობებში, თბილისსა და სოხუმს შორის არსებული გაუგებრობა გაუგებრობად რჩება. რატომ ვერ ხერხდება ქართველებსა და აფხაზებს შორის მოლაპარაკების განახლება?

აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშემწყობ ღონისძიებებად ექსპერტები მიიჩნევენ: გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ამოქმედებას, ჟენევის პროცესის გააქტიურებას, ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ხელშეწყობას, გაეროს მანდატში გარკვეული ცვლილებების შეტანას და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ღონისძიებების განხორციელება სხვადასხვა მიზეზით - და მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგობის გამო - ვერ ხერხდება. არადა, ექსპერტთა აზრით, დაკონსერვებული კონფლიქტის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდა ( რაც გამორიცხული არ არის) არც რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში კონფლიქტი, შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებსაც გადასწვდეს. არსებობს აზრი, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა, პირდაპირ თუ ირიბად, პრობლემის მოწესრიგების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს უნდა აინტერესებდეს, მათ შორის - რუსეთს, თუმცა რუსეთის ქმედებებში არ იკვეთება აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების და, შესაბამისად, არც თბილისსა და სოხუმს - გნებავთ, თბილისსა და ცხინვალს -შორის პირდაპირი დიალოგის განვითარების ინტერესი.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თვმჯდომარე შოთა მალაშხიაც რუსეთის ფაქტორით ხსნის ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში წარმოქმნილ პაუზას და ამბობს, რომ თბილისთან დიალოგის გაწყვეტა ბაღაფშსაც და კოკოითსაც მოსკოვმა უკარნახა:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ჩვენი პოზიციაა ორივე კონფლიქტის ზონაში იყოს მოლაპარაკება, მაგრამ, ცხადია, რომ დე ფაქტო ლიდერებს არ მიუღიათ სანქცია მოლაპარაკებების განახლებაზე. ”

” საქართველოს ხელისუფლებამ მეგობარი ქვეყნების დახმარებით უნდა მოახდინოს ზეწოლა მოსკოვზე, რადგან მოსკოვის ნეგატიური როლის შესუსტება გაუხსნის საქართველოს ხელ-ფეხს აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამოსანახავად”, - ასე ფიქრობს მალაშხია.
საქართველოს ხელისუფლება სწორედ ასეთი გეგმით მოქმედებს. გასული კვირის მიწურულს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოუწოდა გაეროს მეგობართა ჯგუფის წევრ ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე მიიღონ ზომები ”ჟენევის ფორმატში” შეხვედრის ჩასატარებლად - შეხვედრისა, რომელზეც კონფლიქტის მხარეების უშუალო მონაწილეობით უნდა იქნეს განხილული აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესის გაგრძელების გზები. საქართველოს მზადყოფნა, აწარმოოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან (მისი მხრიდან ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე), მეგობართა ჯგუფის წევრი სახელმწიფოების ელჩებს დაუდასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემაც. მაგრამ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი დიალოგის განახლების მომხრე არ არის. ”ქართველის სტუდენტების გათავისუფლება ჩვენი კეთილი ნების გამოვლენა იყო, სანაცვლოდ თბილისმა უარი არ თქვა პროვოკაციულ მოქმედებებზე, ამიტომ სოხუმი თბილისთან ამის შემდეგ კომპრომისზე აღარ წავა”, - აცხადებს სერგეი ბაღაფში. როდის მიიღებს ის მოსკოვიდან თბილისთან დიალოგზე წასვლის ინსტრუქციას და რამდენად შეძლებენ საქართველოს მეგობარი ქვეყნები აფხაზეთთან მიმართებით მოსკოვის პოლიტიკის შეცვლას, ძნელი სათქმელია. ამიტომ არსებობს აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ძალებით მაქსიმალური უნდა გააკეთოს აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად. ამ აზრს ემხრობა რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილიც . ის ხელისუფლებას ურჩევს გაითვალისწინოს, რომ ბაღაფშის ზედმეტად პრორუსული პოლიტიკა დიდ აღფრთოვანებას არ იწვევს საკუთრივ აფხაზეთში:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”ამ ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო და საჭიროა ურთიერთობები როგორც საქართველოს ხელისუფლების სახელით, ისე საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან.”
XS
SM
MD
LG