Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი პრაღაში


“ცივი ომი დამთავრებულია”, - ეს სიტყვები აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წარმოთქვა პრაღაში,

სადაც მისი დღევანდელი ვიზიტის მთავარ თემად ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ითვლებოდა. ეს სისტემა - გეგმის მიხედვით - ნაწილობრივ ჩეხეთის ტერიტორიაზეც უნდა განთავსდეს, რაც თვით ჩეხეთში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. თუმცა, პრაღაში ჯორჯ ბუშის ვიზიტისას საუბარი არა მარტო ჩეხეთის პოზიციას შეეხო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის საყურადღებოდ განაცხადა, რომ ანტისარაკეტო სისტემა მხოლოდდამხოლოდ თავდაცვას ემსახურება: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ერთი მიზანია თავისუფალი ქვეყნების დაცვა სახიფათო რეჟიმების შესაძლო სარაკეტო თავდასხმებისაგან. ეს არის ნამდვილი საფრთხე, რომელიც მშვიდობას ემუქრება. პრეზიდენტ პუტინს როგორც ვუთხარი, რუსეთი ჩვენი მტერი არ არის. ისეთი თავისუფალი საზოგადოების მტერი, როგორიც ჩვენი საზოგადოებაა, იქნებოდა რადიკალური, ან ექსტრემისტული, ან ავაზაკი რეჟიმი, რომელიც შეეცდებოდა თავისუფალი ქვეყნების დაშანტაჟებას საკუთარი იედოლოგიური მიზნების მისაღწევად”.

ეს სიტყვები ჯორჯ ბუშმა სამშაბათს ჩეხეთის დედაქალაქში პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსთან და პრემიერ-მინისტრ მირეკ ტოპოლანეკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე წარმოთქვა. ამასობაში ჩეხეთში მისი ვიზიტი დასრულდა - აშშ-ის პრეზიდენტი უკვე გერმანიაშია “დიდი 8”-ის სამიტთან დაკავშირებით. თუმცა, პრაღაში ვიზიტისას ჯორჯ ბუში მოხსენებით გამოვიდა პრაღის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიისა და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.

კონფერენციაში - პოლიტიკური მოღვაწეების გარდა - ცნობილი მეცნიერები, ყოფილი და ამჟამინდელი დისიდენტებიც მონაწილეობენ. მათ შორის არიან გარი კასპაროვი და ალექსანდრ მილინკევიჩი, ოპოზიციის ლიდერები რუსეთსა და ბელორუსიაში. აშშ-ის პრეზიდენტმა კი შეკრებილებს ის დისიდენტები შეახსენა, ვისაც არ მიეცა პრაღის კონფერენციაზე ჩასვლის საშუალება:

[ჯორჯ ბუშის ხმა] “არის კიდევ ბევრი დისიდენტი, რომელთაც ვერ შეძლეს ამ კონფერენციაზე ჩამოსვლა, რადგან უსამართლოდ არიან დაპატიმრებული, ან შინაურ პატიმრობას იხდიან. მოველი იმ დღეს, როცა ასეთ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსი ალექსანდრ კოზულინი, ბირმელი აუნ სან სუ ჩი, კუბელი ოსკარ ელიას ბისკეტი, ვიეტნამელი მამა ნგუენ ვან ლი, ეგვიპტელი იმან ნური”.

ამის შემდეგ ბუშმა ისაუბრა კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის ისტორიაზე - იმ პერიოდზე, როცა ჩეხეთის კომინისტური რეჟიმი ცდილობდა ოპოზიციური ხმების ჩახშობას. მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა და, მართლია, დღეს მსოფლიოს კიდევ ბევრ კუთხეში გრძელდება დისიდენტების შევიწროვება, არის ოპტიმიზმის საფუძველიც: [ჯორჯ ბუშის ხმა] “აშშ-მა თითქმის გააორმაგა დემოკრატიული პროექტების დაფინანსება. ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან “დიდ 8”-ში, რათა ხელი შევუწყოთ სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო საზოგადოების აღმოცენებას ახლო აღმოსავლეთში ისეთი ინციაიტივებით, როგორიც არის “ფორუმი მომავლისთვის”. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ახალ დემოკრატიებთან უკრაინაში, საქართველოსა და ყირგიზეთში” .

მაშ ასე, ჯორჯ ბუშმა პრაღის კონფერენციაზე საქართველოც ახსენა, თუმცა განსაკუთრებული ადგილი პრაღის კონფერენციაზე მის გამოსვლაში სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას დაეთმო: რუსეთს. ბუშის თქმით, აშშ-ს მრავალმხრივი ურთიერთობა აქვს მოსკოვთან, დაფუძნებული საერთო ინტერესებზე, თუმცა არის მნიშვნელოვანი უთანხმოებებიც.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “რუსეთში რეფორმები, რომლებიც ერთ დროს მოქალაქეთა უფლებების განმტკიცებას მოასწავებდა, დასახული გზიდან გადავიდა, რასაც შემაშფოთებელი შედეგები აქვს დემოკრატიული განვითარებისთვის. კარგი ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია უნარი, ღიად ვილაპარაკოთ აშშ გააგრძელებს ამ ქვეყნებთან (რუსეთთან და ჩინეთთან) ურთიერთობის განვითარებას და ამას გავაკეთებთ ისე, რომ უარს არ ვიტყვით ჩვენს პრინციპებზე, ან ჩვენს ფასეულობებზე.”

ეს გახლდათ ნაწყვეტი პრაღის კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლიდან. აქვე ვიტყვი, რომ რუსეთში მიმდინარე პროცესების კრიტიკას მოგვიანებით დავუბრუნდებით.

ზოგადად, მსოფლიოში დემოკრატიზაციის პროცესზე საუბრისას კონფერენციის მონაწილეები განსაკუთრებული ოპტიმიზმით არ გამოირჩეოდნენ - დიდი ადგილი დაეთმო უკვე დაშვებული შეცდომების ჩამოთვლას.

[ქანან მაკიას ხმა] “დემოკრატიას არ სჩვევია აღმოცენება როგორც ფენიქსს ფერფლიდან - ჩვენ კი დღეს ერაყში ამის გაკეთებას ვცდილობთ”.

ერაყელი პროფესორი ქანან მაკია კონფერენციის იმ მონაწილეებს მიეკუთვნება, ვინც ფიქრობს, რომ დემოკრატიზაციის ერთგან წარმატებულმა მოდელმა, სხვაგან შესაძლოა არ გაამართლოს. თვით კანან მაკია, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს, მხარს უჭერდა ერაყში საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შეჭრას. ის გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ერაყის მომავალი დემოკრატიზაცია შესაძლებელი იქნებოდა წარიმართოს იმ პროცესის მსგავსად, რომელსაც აშშ გაუძღვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიასა და იაპონიაში. მაგრამ დღეს ერაყელი პროფესორი დარწმუნებულია, რომ ამ ანალოგიამ ვერ გაამართლა, რაც, მისივე თქმით, არ ნიშნავს, თითქოს ერაყში დემოკრატია წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყოს.

ამერიკელი მკვლევარი ბრუს ჯეკსონიც - ის გარდამავალი პერიოდის დემოკრატიათა პროექტს ხელმძღვანელობს - საფრთხილო საქმედ მიიჩნევს ანალოგიებს.

[ბრუს ჯეკსონის ხმა] "საქართველო ესტონეთის მზიური ვარიანტი არ არის. ეს ანალოგია სრულიად მიუღებელია. ვფიქრობ, თითოეული ქვეყანა, ყოველი ცალკეული დემოკრატია ცალკე უნდა განვიხილოთ და დავაფასოთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც მზად იყო თანამშრომლობისთვის. უკლებლივ ყველა დემოკრატიაზე ინდივიდუალურად უნდა ვმსჯელობდეთ და საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოვლენები იქ თავისთავად განვითარდება სასიკეთოდ. ჩემი აზრით, დემოკრატიის შეფასებისას ბოლო წლებში დაშვებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში შეცდომა ამ პროცესების ისტორიული დეტერმინიზმის ჭრილში განხილვაა; რომ ქვეყნები დემოკრატიის გზას დაადგნენ, ვთქვათ, 9 თუ 11 წლის წინ და ამიერიდან სულ ამ გზით ივლიან. ასე არ არის."

ბრუს ჯეკსონს, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს დემოკრატიზაციის პროცესის, თუ მის წინაშე მდგომი საფრთხეების თავისებურებათა გათვალისწინებას თითოეულ ქვეყანაში, როგორც მოისმინეთ, საქართველო და ესტონეთი ახსენა. ქართველი მსმენელისთვის კი, ალბათ, განსაკუთრებით საინტერესოა პრაღის კონფერენციის სწორედ ესტონელი მონაწილის, პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესის გამოსვლა.

ილვესმა პრაღის კონფერენციის მონაწილეთათვის გამართულ საზეიმო ვახშამზე გამოსვლისას, მკაცრი კრიტიკა გამოთქვა რუსეთის მისამართით: [ტოომას ჰენდრიკ ილვესის ხმა] “ევროპის მოქალაქეებს წამლავენ, ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ საინტერნეტო ომს აწარმოებენ, ქვეყნებს ენერგიით მომარაგება უწყდებათ, მათ შანტაჟს უწყობენ და ქრთამავენ. ახლა კი რაკეტებისთვის ახალი მიზნების შერჩევით იმუქრებიან. ჩვენი კი ვამბობთ - “არა, რუსეთს იზოლაციაში ვერ მოვაქცევთო”.

ესტონეთის პრეზიდენტის აზრით კი დღის წესრიგში უნდა იდგეს რუსეთის იზოლირების შესაძლებლობა: [ტოომას ჰენდრიკ ილვესის ხმა] “ცალსახა, პრინციპული, შერჩევითი იზოლაცია უნდა იქნეს განხილული ერთ-ერთ შესაძლო ზომად. რატომ უნდა იყო რუსეთი, რომელიც არ არის დემოკრატიული ქვეყანა, თავსაც კი არ იწუხებს (ევროსაბჭოს) წევრისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულებით, რატომ უნდა იყოს ის კვლავაც - ის კი არა დომინანტურ როლს ასრულებდეს ევროპული დემოკრატიების ორგანიზაციაში, ევროპის საბჭოში? რატომ უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც ემუქრება მეზობლებს, იარაღის დამიზნებით ემუქრება ევროპას, “დიდი 8”-ის წევრი?”

ესტონეთის პრეზიდენტის ეს რიტორიკული შეკითხვა განსაკუთრებული მნიშვნელობით არის დატვირთული ახლა, როცა გერმანიაში “დიდი 8”-ის სამიტი იწყება - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით. პრაღაში დემოკრატიისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეებისთვის გამართულ ვახშამზე გამოსვლისას ესტონელმა ლიდერმა რამდენჯერმე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ “დიდ 8”-ში რუსეთის ყოფნის მიზანშეწონილობა.

[ტოომას ჰენდრიკ ილვესის ხმა] “თუ მართალია, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთს არ ეომებიან, მაშინ რა ჯანდაბა ესაქმება “დიდ 8”-ში -მრეწველობაგანვითარებული დემოკრატიული ქვეყნების კლუბში - ქვეყანას, რომელიც ევროპას ატომური რაკეტების დამიზნებით ემუქრება?”

[ტაშის ხმა]

ასეთი ტაში იყო რეაქცია, რომელიც ესტონეთის პრეზიდენტის გამოსვლას - რუსეთისადმი უაღრესად კრიტიკულ გამოსვლას - მოჰყვა პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისაგან. კონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლებისადმი მკაცრი კრიტიკა გამოთქვა გარი კასპაროვმაც - ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, რომელიც სათავეში უდგას რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე უფრო აქტიურ ოპოზიციურ ორგანიზაციას. კასპაროვის სიტყვებით, პუტინის რუსეთი არის “პოლიციური სახელმწიფო” და ის მხოლოდ შენიღბულია დემოკრატიად.
XS
SM
MD
LG