Accessibility links

რა პირობებში იხდიან პატიმრები სასჯელს


გასულ კვირაში მკაცრი და საერთო რეჟიმის რუსთავის მეორე დაწესებულების პატიმრებმა განცხადება გაავრცელეს

სახალხო დამცველის, იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტისა და ოპოზიციური პარტიების სახელზე. მსჯავრდებულების ინფორმაციით, საპატიმროში სისტემატურად ირღვევა კანონი პატიმრების შესახებ; ადმინისტრაცია თვითნებურად მართავს დაწესებულებას და პატიმრებისათვის რეჟიმის გამკაცრების გადაწყვეტილებას კანონის დარღვევით იღებს. წერილის თანახმად, პატიმრები ასევე მოითხოვენ დაწესებულების შინაგანაწესისა და დებულების გაცნობას, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებას და ამანათების გადაცემის მექანიზმის გამარტივებას. მე შევეცადე გამერკვია, თუ რა პირობებში იხდიან სასჯელს რუსთავის მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პატიმრები.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის მეორე დაწესებულებაში სასჯელს ათასამდე მსჯავრდებული იხდის. იუსტიციის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ საპატიმრო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა წერილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიიღეს და რომელსაც ხელს რუსთავის კოლონიის სამასზე მეტი პატიმარი აწერს, გააჩინა ეჭვი, რომ პატიმრებს კვლავ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. დეპუტატ დავით გამყრელიძის კომენტარი:

[დავით გამყრელიძის ხმა] „თვეების განმავლობაში გაურეცხავი ტანსაცმლით სიარული, თვეების განმავლობაში გაურეცხავ თეთრეულში ძილი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის არაჰუმანური, არაადამიანური მოქცევა და აუცილებელია შესაბამისი გამოხმაურება.“

ვითარებაში გასარკვევად დავით გამყრელიძესთან ერთად 6 ივნისს რუსთავის კოლონიას სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც ეწვივნენ. დავით ზურაბიშვილი შენიშნავს, რომ ერთი ნახვით ძნელია დახურულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შეფასება. პატიმრებთან გასაუბრების შემდეგ დეპუტატი ამბობს:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] „ჯერჯერობით რაღაც ნაბიჯები იდგმება, რაღაც შვება არის, მაგრამ იმის თქმა, თუ რასთან გვაქვს საქმე, - ეს არის რეაქცია წერილზე თუ პოლიტიკური ნება, - ძნელი სათქმელია. ეს გაირკვევა ერთ თვეში. ჩვენ ვაპირებთ ერთი თვის შემდეგ ისევ შესვლას კოლონიაში და ვითარების შემოწმებას. მივიღეთ დაპირება, რომ პატიმრები გაეცნობიან შინაგანაწესს, საბოლოოდ მოგვარდება თეთრეულისა და პაემნების პრობლემა... დაველოდოთ, როგორ შეასრულებენ ამ დაპირებას.“

რუსთავის კოლონიაში შექმნილი მდგომარეობით წერილის კიდევ ერთი ადრესატი - პარლამენტის თავმჯდომარე - დაინტერესდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „მას შემდეგ, რაც სამინისტროს უფრო მაღალი რანგის ხელმძღვანელობამ დააფიქსირა, რომ კოლონიის ხელმძღვანელის უნიათობის გამო მართლაც რთული პირობები აქვთ პატიმრებს, შეიცვალა ხელმძღვანელობა. რეალობა და ვითარება დღეისათვის სწორდება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ის დანაშაული, რისთვისაც ადამიანები სასჯელს იხდიან, პატიმრებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები უნდა ჰქონდეთ.“

ნინო ბურჯანაძის ამ სიტყვებს ეთანხმებიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და ამბობენ, რომ მსჯავრდებულები სასჯელს ნორმალურ პირობებში იხდიან. დეპარტამენტის წარმომადგენლის სალომე მახარაძის თქმით, წერილში მოტანილი ფაქტების დიდი ნაწილი არ ასახავს რეალობას:

[სალომე მახარაძის ხმა] „არ არის ასეთი საგანგაშო ვითარება, თუმცა იყო გარკვეული პრობლემები. კოლონიის ტერიტორიაზე დგას რეზერვუარები, საიდანაც პატიმრებს მიეწოდებათ წყალი. ასე რომ, არ არის იქ საგანგაშო სიტუაცია. შეიძლება ითქვას, რომ რუსთავის კოლონიაში შედარებით უკეთესი მდგომარეობაც კია იმის გამო, რომ რემონტი ახალი დასრულებულია. წერილი - ეს არის, უბრალოდ, გაღიზიანებული ადამიანების რეაქცია.“

ძნელი სათქმელია, იგულისხმება თუ არა გაღიზიანებულ და დაინტერესებულ ადამიანთა შორის სახალხო დამცველი, რომელმაც პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგომისას განაცხადა:

[სოზარ სუბარის ხმა] „არ შეიძლება ადამიანის აბუჩად აგდება, ადამიანის ღირსების და პატივის შელახვა იქცეს სტანდარტად. პენიტენციურ სისტემაში ასეთი მდგომარეობაა შექმნილი.“

დაბოლოს, იმ სტატისტიკის შესახებ, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს. შარშან საქართველოში 92 პატიმარი გარდაიცვალა, წელს კი, პირველი ივნისის მდგომარებით, უკვე 48 მსჯავრდებულია გარდაცვლილი.
XS
SM
MD
LG