Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო ქვეყანა, საკუთარი გავლენის გაზრდას ცდილობს


კასპიის ზღვის აუზის ენერგომატარებლების დასავლეთისკენ ტრანსპორტირების საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თურქეთისთვის,

როგორც ერთ-ერთი უმთავრესი სატრანზიტო ქვეყნისთვის. ბოლო ხანს აშკარად შეინიშნება თურქეთის ძალისხმევის გააქტიურება შუა აზიის გაზითა და ნავთობით მდიდარ ქვეყნებში საკუთარი გავლენის გაზრდის თვალსაზრისით. მიმომხილველები საუბრობენ ანკარის სწრაფვაზე, თავისი ტერიტორიით გაატაროს ევროპის კავშირის სახელმწიფოებისთვის განკუთვნილი ენერგომატარებლები, რასაც ავტომატურად მოჰყვებოდა მისი გავლენის ზრდა თვით ევროკავშირის სახელმწიფოებშიც.

ევროპის კავშირი ენერგომატარებლების უდიდესი იმპორტიორია მსოფლიოში და მეორე ადგილზეა - აშშ-ის შემდეგ - ენერგომატარებლების მოხმარების თვალსაზრისით. თურქეთი, რომელიც ბუნებრივი რესურსებით მდიდარ რამდენიმე ქვეყანასა და დასავლეთი ევროპის სახელმწიფოებს შორის მდებარეობს, ყოველ ღონეს ხმარობს ამ გეოგრაფიული პრივილეგიის გამოსაყენებლად და საკუთარ ტერიტორიას მხარეებს ერთგვარ ენერგეტიკულ ხიდად სთავაზობს.

წმინდა ეკონომიკური ხეირის გარდა ანკარა იმედოვნებს, რომ ამ "ხიდის" როლი მას პოლიტიკურადაც გააძლიერებს და მკვეთრად გაუზრდის ევროპის კავშირში გაწევრიანების შანსს. ჯერჯერობით ეს შანსი მცირეა. კავშირში თურქეთის სრულ წევრობას გადაჭრით ეწინააღმდეგებიან გერმანია და საფრანგეთი, ასეთი გავლენიანი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე კი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფიქრი ზედმეტია.

იმავე ევროკავშირის ნებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს თურქეთი, ენერგეტიკული ხიდის ფუნქცია იტვირთოს. თურქეთის სატრანზიტო შესაძლებლობების ასამოქმედებლად ევროკავშირს "ნაბუქოს" სახელით ცნობილი პროექტის განხორციელება მოუხდება, რაც - როგორც ლოგისტიკურად, ისე ფინანსურად - იოლი საქმე არ არის. ევროპის მხარდაჭერა ანკარას შუა აზიის ენერგობაზარზე თავისი გავლენის განსამტკიცებლადაც სჭირდება.

ამ რამდენიმე დღის წინათ სტამბოლში გამართული კონფერენცია სწორედ ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნა. ფორუმზე გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა გეორგ ბოომგარდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის, თურქეთის გავლით დაიწყოს შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბუნებრივი აირის იმპორტირება.

[გეორგ ბოომგარდენის ხმა]: "იმედი გვაქვს, რომ ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენი მალე ამოქმედდება. სხვა ახალი მნიშვნელოვანი პროექტებია "ნაბუქო" - ბულგარეთის, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით ავსტრიისკენ - და სამხრეთევროპული "გაზის რგოლი" - საბერძნეთის გავლით იტალიისკენ. ყველა ამ პროექტზე მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად არაერთი სამართლებრივი თუ ეკონომიკური სირთულისა."

გეორგ ბოომგარდენმა "ნაბუქოს" პროექტი ახსენა. როგორც ამ პროექტში ჩაბმული კომპანიების ხელმძღვანელები ფიქრობენ, მიმდინარე წლის ბოლომდე ევროპის კავშირისგან ისინი მწვანე შუქს ვერ მიიღებენ. "ნაბუქოს" პროექტით გათვალისწინებული 3000-კილომეტრიანი მილსადენის გაყვანისადმი ევროკავშირის ენთუზიაზმი აშკარად ჩააქრო რუსეთის კომპანია "გაზპრომის" გეგმამ, მეტოქე მილსადენი გაიყვანოს.

რუსეთი ცდილობს, ევროპას რაც შეიძლება მეტი მოცულობით მიაწოდოს გაზი. ამ მიზანს ემსახურებოდა მაისში, ყაზახეთთან და თურქმენეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა ხელმოსაწერად შუა აზიაში თავად პრეზიდენტი პუტინი გაემგზავრა.

მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც თურქეთია გულხელდაკრეფილი. ის სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული კასპიის ზღვის ფსკერზე გაყვანილ იქნეს მილსადენი, რომელიც თურქმენეთისა და ყაზახეთის გაზს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისკენ გადაქაჩავდა. ამ გეგმის მომხრეთათვის გამამხნევებელი განცხადება გაისმა იმავე სტამბოლის კონფერენციაზე. აი, რა თქვა ევროკავშირის კომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიებალგსმა:

[ანდრის პიებალგსის ხმა]: "ბუნებრივი გაზის ტრანსკასპიური მარშრუტი ჩვენი შემდგომი ერთობლივი ნაბიჯია. თურქეთმა და ევროპის კავშირმა მკაფიოდ უნდა გამოხატონ მზადყოფნა ამ პროექტების განხორციელებისა და შეთანხმებულად მოქმედების თვალსაზრისით."

სხვათა შორის, აპრილის მიწურულს, ბრიუსელში, ანდრის პიებალგსს ტრანსკასპიური მარშრუტის თემაზე ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილიც. ევროკომისარმა მაშინაც აღნიშნა ამ მარშრუტის მნიშვნელობა.

[ანდრის პიებალგსის ხმა] "ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩემთვის და ბატონი მინისტრისთვის ყველაზე უფრო საყურადღებო საკითხია ტრანსკასპიის მარშრუტი. ჩვენ ვსწავლობთ, რამდენად რეალურია ენერგომომარაგების ტრანსკასპიური მარტშრუტების განხორციელება. ეს პირდაპირ არ ეხება საქართველოს, მაგრამ არაპირდაპირ ძალიან დიდი ურთიერთკავშირია. თუკი ბაქოზე მეტი ენერგომატარებელი გაივლის, ცხადია, აუცილებლად დაგვჭირდება საქართველოში გამტარუნარიანობის გაზრდა."
XS
SM
MD
LG