Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აკრიტიკებენ ადამიანის უფლებათა დამცველები „პატიმრობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს?


ცვლილებები, რომელიც „პატიმრობის შესახებ კანონში“ მეორე მოსმენით უნდა შევიდეს, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების გულისწყრომას იწვევს.

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულები, რომლებიც უხეშად დაარღვევენ ციხის შინაგანაწესს, არ დაემორჩილებიან ციხის თანამშრომლის მოთხოვნას ან შეურაცხყოფას მიაყენებენ ადმინისტრაციის წარმომადგენელს, დაექვემდებარებიან სასჯელს, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობის სახით დღეების დამატებას, ეგრეთ წოდებულ „ადმინისტრაციულ პატიმრობას“, ვადით ათიდან ას დღემდე. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე ავტორიტეტული ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს ვოჩი“ მიიჩნევს, რომ „პატიმრობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძირითად მოთხოვნებს და ციხის ადმინისტრაციას სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. რატომ აკრიტიკებენ ადამიანის უფლებათა დამცველები „პატიმრობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს და როგორია ცვლილებების ინიციატორთა კონტრარგუმენტები?


”პატიმრობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების მიხედვით, ციხის დირექტორი, რომელიც მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა დაარღვია შინაგანაწესი, უფლებამოსილია გამოსცეს განკარგულება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ, რომელიც მოგვიანებით სასამართლოში უნდა გადაიგზავნოს. გიორგი გოგია, „ჰიუმან რაიტს ვოჩის“ წარმომადგენელი კავკასიაში, ამბობს, რომ ცვლილების ეს ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან:

[გიორგი გოგიას ხმა] „ის სასჯელი, რომელიც მიესჯება პატიმარს ადმინისტრაციული სასჯელის სახით, უნდა მოიხადოს დამატებით, გარდა იმისა, რაც მისჯილი აქვს სასამართლოს მიერ. ესე იგი ეს არის თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან ეს არის თავისუფლების აღკვეთა, მას მიესადაგება მეხუთე მუხლი, რომელიც მოითხოვს, რომ აკრძალულია თავისუფლების აღკვეთა, გარდა გარკვეული პირობებისა.“(სტილი დაცულია)

გიორგი გოგიას თქმით, დაუშვებელია თავისუფლების აღკვეთა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, „ადმინისტრაციული პატიმრობა“ კი არ შეიძლება იყოს კანონიერი თუნდაც იმის გამო, რომ მას არ აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი თავდაპირველ სასჯელთან. ნანა კაკაბაძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, ამბობს, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლება „ადმინისტრაციულ პატიმრობას“ ბოროტად გამოიყენებს:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „ვთქვათ, მისჯილ პატიმარს, რომელსაც სასამართლომ განუსაზღვრა ვადა 7 წლით პატიმრობა, ასეთი ცვლილებების წყალობით, ადმინისტრაციის დაინტერესების შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გახდეს აბსოლუტურად განუსაზღვრელი და უსაფუძვლო.“(სტილი დაცულია)

მაგრამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამგვარი საფრთხის არსებობას გამორიცხავს. ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ გაეცნო „ჰიუმან რაიტს ვოჩის“ შენიშვნებს და წერილში ისეთი ვერაფერი აღმოაჩინა, რაც პატიმრობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდეს:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „საერთაშორისო პრაქტიკაც ითვალისწინებს, ციხეში ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. გარკვეული შეზღუდვები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით ამ კანონში გამოყენებულია, რომ წელიწადში პატიმრობა არ უნდა აღემატებოდეს 100 დღეს, რაც მნიშვნელოვანი შეზღუდვაა იმისათვის, რომ სახდელი არ იქნას გამოყენებული ბოროტად ციხის ადმინისტრაციის ან მოსამართლეების მხრიდან.“(სტილი დაცულია)

ცვლილებათა ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ ადმინისტრაციული დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებული სასამართლოში კანონით მინიჭებული ყველა უფლებით ისარგებლებს. გია ხუროშვილის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, კომენტარი:

[გია ხუროშვილის ხმა] „ყველა შემთხვევაში გაიმართება სასამართლო პროცესი. ეს იქნება ჩვეულებრივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, პატიმრის დაცვის უფლებით გარანტირებული კი არადა, სავალდებულო.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ, მართლმსაჯულების სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესები ფორმალურად გაიმართება. კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ საქართველოში ციხის ადმინისტრაციას პატიმარი საქმეს ვერ მოუგებს:

[კახა კუკავას ხმა] „ბაჩო ახალაია დაწერს განკარგულებას, რომ პატიმარი ირაკლი ბათიაშვილი 60 დღით გაიგზავნოს კარცერში. სასამართლოში ეს დადგენილება იგზავნება შესამოწმებლად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ კონკრეტული ხელისუფლების პირობებში, ბაჩო ახალაიას განკარგულებებს სასამართლო არ გააუქმებს. ეს ვიცით ისე, როგორც ორჯერ ორი რომ ოთხია.“

კახა კუკავამ ისიც იცის, რომ, ოპონენტთა არგუმენტების მიუხედავად, ”პატიმრობის შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებს ხელისუფლება მაინც მიიღებს. მოვლენების ამგვარად განვითარებას ვარაუდობს ნანა კაკაბაძეც, რომელიც, „ჰიუმან რაიტს ვოჩის“ ანალიზის საფუძველზე, ასკვნის:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს და მაინც იქნება მიღებული, ვინაიდან ის არის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებთან, ყოველი საქმე, რომელიც ამ მუხლებით იქნება წარდგენილი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იქნება მოგებული და ხელისუფლება ამისთვის გადაიხდის კომპენსაციას.“(სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG