Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესა


„ჰუმანიტარული საფრთხე დუმილის ფონზე“ - გაზეთ ”24 საათის” ეს პუბლიკაცია ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში

ეგრეთ წოდებული წყლის კრიზისის განსამუხტავად საერთაშორისო ორგანიზაციათა საქმიანობის ერთგვარი ანგარიშია. მწვავეა შეფასება: „კრიზისის გამწვავების შემთხვევაში ეს პრობლემა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აუცილებლად მოექცევა, მაგრამ ამ დრომდე არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამ შემთხვევაში სიტუაციის ობიექტურ შეფასებას უნდა ახდენდეს, ადეკვატური განცხადება არ გაუკეთებია“, – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორის აზრითაც, სანამ საერთაშორისო ორგანიზაციები დუმან, რუსეთი წყლის გადაკეტვაში, რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს და საკუთარი პროპაგანდის მექანიზმებსაც იყენებს ამ ვერსიის გასავრცელებლად.
ამავე გაზეთის ცნობით, ცხინვალის უწყლოდ დარჩენის გამო, ოსმა სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა „ეგრა–ცხინვალის“ წყალსადენის პროექტის შედგენაზე, რომელიც ქართული სოფლების გვერდის ავლით უნდა აშენდეს. „ცხინვალში, ჩრდილოეთ ოსეთის სპეციალისტთა დახმარებით, ჭების ბურღვითი სამუშაოები დაიწყო. ჩრდილოეთ ოსეთიდან ასევე ჩამოყვანილია ჭების მბურღავი სპეციალური ტექნიკა. მდინარე ლიახვის ნაპირზე დამონტაჟებულია მობილური წყალგამწმენდი, რომელიც დღე–ღამეში 100 ტონა წყალს ფილტრავს, იუწყება გაზეთი „24 საათი“, ოსურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით.

გაზეთ „რეზონანსის“ მოწინავე სტატია კი არის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს. წერილი, რომელიც გაზეთმა რუსთავის ნომერ მეორე მკაცრი რეჟიმის სასჯელ–აღსრულებითი დაწესებულებიდან მიიღო, ტელეკომპანია ”202”–ის ერთ–ერთ დამფუძნებელს, შალვა რამიშვილს, ეკუთვნის. დღევანდელი საქართველო ძალზედ მაგონებს მხატვრულ ფილმ „მატრიცაში“ განსახიერებულ აპოკალიპტურ სურათს, ნათქვამია წერილში, როდესაც პლანეტაზე ძალაუფლება ხელთ იგდეს მანქანებმა და ადამიანები ღრმა ძილის მდგომარეობაში გადაიყვანეს.ფერად–ფერადი ნაირ–ნაირი ზმანებით გაბრუებულ ადამიანებს მონსტრი მანქანები სასიცოცხლო ენერგიას ართმევენ და ასე იკვებებიან. აპოკალიპტური სურათის დახატვის შემდეგ კი შალვა რამიშვილი ასე მიმართავს პრეზიდენტს: „ შინაგანად ვარ შეგუებული, რომ სანამ შენ იქნები ტახტზე, ციხიდან, ალბათ, ვერ გამოვალ. მაგრამ, როგორც ვატყობ, მაინც მოგიწევს ჩემთვის პატიმრობის გაგრძელების და ამ პატიმრობის პირობების გაუარესების ე.წ. იურიდიული დასაბუთება. ძალიან გთხოვ, ნუ შეურაცხყოფ ჩემს ინტელექტს, არ „ჩამიგდო“ ნარში არც ცივი და არც ცეცხლსასროლი იარაღი, ნურც ამბოხების ორგანიზებაში დამდებ ბრალს. თავად მოიფიქრე რაიმე ორიგინალური, ნუ მიანდობ ამ საქმეს ვანოს.“ შეგახსენებ, რომ ეს იყო ნაწყვეტი ღია წერილიდან, რომელიც მსჯავრდებულმა შალვა რამიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გაუგზავნა. წერილი გაზეთ „რეზონანსში“ დაიბეჭდა.

„ბოლო–ბოლო, რა ჯანდაბაა ეს ლოტოტრონი“, - კითხულობს გაზეთი „ალია“ და ამ კითხვით მიმართავს ”ახალი მემარჯვენეების” წევრს მანანა ნაჭყებიას. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პასუხობს ქალბატონი დეპუტატი, ასეთი მოდელი არც ერთ ქვეყანაში არ არის. პრობლემის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაგალითი არ გაითვალისწინეს, სადაც საჯარო სკოლები არის ადგილობრივი მმართველობისა და მუნიციპალიტეტის პრეროგატივა და ისინი წყვეტენ სკოლებში დირექტორების დანიშვნის საკითხს. ჩვენ გვაქვს უკიდურესი ცენტრალიზაცია, რომელიც ემსგავსება საბჭოთა სისტემას, როდესაც სამი ათასი სკოლის დირექტორს არჩევს და ნიშნავს განათლების სამინისტრო“, - შენიშნავს მანანა ნაჭყებია გაზეთ „ალიასთან“ საუბარში.
XS
SM
MD
LG