Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


”ბრძოლა ალტერნატივისთვის გრძელდება” - ”24 საათი” ტრანსკასპიური გაზსადენის პერსპექტივაზე წერს.

”რუსული მხარის ეიფორიის მიუხედავად, კასპიისპირეთის მილსადენის პერსპექტივები ჯერ სულაც არ არის ნათელი - პროექტის სამართლებრივი სტატუსი ჯერ მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურების დეკლარაციით შემოიფარგლება. აშშ-ის აქტიურობა კი ადასტურებს, რომ პოლიტიკური ნება ევროპაში გაზის ტრანსპორტირების ალტერნატიული გზის ”გასაჭრელად” კვლავ არსებობს და ვაშინგტონში ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობენ. ეს კი დასავლეთისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია”, - წერს ”24 საათის” მიმომხილველი.

დღევანდელი პრესა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასაც აშუქებს. ”წყლის ომიდან ადამიანებით ვაჭრობამდე” - ”ახალი 7 დღე” წერს ვითარებაზე, როცა კონფლიქტის ზონაში წყლით მომარაგების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებას ადამიანთა გატაცების ფაქტებიც დაემატა. ”ცხინვალში პანიკაა. როგორც ”ახალი 7 დღისთვის” გახდა ცნობილი, ქალაქის მოსახლეობა ნელ-ნელა გადის ცხინვალიდან. ქალაქიდან გაჰყავთ ბავშვები, რომლებიც ორ კვირაზე მეტია, სასმელ წყალს მკაცრად განსაზღვრული ულუფებით სვამენ. ლიახვის წყალმა თავად ცხინვალელებს შორისაც გაიარა და ერთმანეთთან დააპირისპირა ისინი. ცხინვალის მერიამ განაცხადა, რომ შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთიდან მოაცილებენ წყლით სავსე ცისტერნებს, თავადვე აგრძელებენ ადგილზე წყლის საკუთარი სურვილის მიხედვით განაწილებას. არის შემთხვევები, როცა ქალაქის ზოგიერთი მიკრორაიონი მთელი დღის განმავლობაში წყლის გარეშე რჩება”, - წერს ”ახალი 7 დღის” ავტორი და განაგრძობს: ”რატომ არ აქვს ცხინვალს წყალი? ამ კითხვაზე ძალზე ბუნდოვნად და არადამაჯერებლად პასუხობენ თბილისში: იმიტომ, რომ კოკოითმა გადაკეტა იგი. არ ვიცი, სჯერა თუ არა ვინმეს ამ პასუხის. პირადად მე არ მჯერა. და არა იმიტომ, რომ კოკოითი კეთილი ”არაღიარებული” მგონია. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არანაირ, ყველაზე თეორიულ ლოგიკასაც კი არ ექვემდებარება საკუთარი ქალაქისა და თანაქალაქელებისთვის კოკოითის მიერ წყლის გადაკეტვა, შემდეგ კი ჩრდილოეთ ოსეთში სპეციალისტების დაქირავება არტეზიული ჭების გასათხრელად, როსტოვში სპეციალური, საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა-დანადგარის შეძენა, რომელიც ლიახვიდან აღებულ წყალს ფილტრავს და დასალევად ვარგის მდგომარეობაში აწვდის მოსახლეობას”, - წერს ”ახალი 7 დღე”.

კონფლიქტის თემას შეეხება ინტერვიუ რესპუბლიკური პარტიის წევრ, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, რომელსაც ”რეზონანსი” აქვეყნებს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას რუსეთის სურვილის რეალიზაცია - არ უნდა ჩაებას გრძელვადიან საომარ მოქმედებებში და როგორმე მცირემასშტაბიანი საომარი მოქმედებით უნდა დასაჯოს ოსი სეპარატისტები. ”საქართველოს კარგად არა აქვს გააზრებული ის ავანტიურა, რაშიც შეიძლება რუსეთმა ჩაითრიოს. შედარებით უწყინარ პროცესშიც კი საქართველო არაადეკვატურად იქცევა და ითხოვს იმას, რის შეუსრულებლობამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები - უფრო უარესი, ვიდრე დღეს არის. მე მგონია, რომ მერაბიშვილი არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს”, - ამბობს ზაქარეიშვილი ”რეზონანსთან” ინტერვიუში.

”ახალი თაობის” კორესპონდენტი ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილს კონტროლის პალატაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ესაუბრება. ექსპერტი ფიქრობს, რომ ”დაბალი ღობეები გაწირეს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო კონტროლის პალატის დისკრედიტაცია, რათა ის ორი საქმე, რომელსაც ძალიან ცუდი სუნი ასდიოდა, სასწრაფოდ მიჩქმალულიყო. ეს ორი საქმე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, განათლების სამინისტროს და თბილისის მერიას ეხებოდა”, - ამბობს გია ხუხაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ”ახალი თაობა” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG