Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ბუშს სენსაციურ კონტრწინადადებას სთავაზობს


გერმანიის საკურორტო ქალაქ ჰაილიგენდამში, "დიდი რვიანის" სამიტის ფარგლებში, 7 ივნისს ერთმანეთს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი. მათ ქვეყნებს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ "დიდი რვიანის" სამიტზე განსახილველი ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი თითქოს დაჩრდილა კიდეც. ყველა მოელოდა, რომ პრეზიდენტები სწორედ დაძაბულობის გამომწვევ მთავარ მიზეზზე – ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსების ამერიკულ გეგმაზე ისაუბრებდნენ. მოლოდინი ემოციური იყო. თუმცა შეხვედრის შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პუტინმა ბუშს ყველასათვის მოულოდნელი კონტრწინადადება გააცნო.

ერთ დროს თანამოაზრე პრეზიდენტები 7 ივნისს ერთმანეთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის ფონზე შეხვდნენ. უთანხმოების ძირითადი მიზეზი, ამერიკის გეგმა, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში (კერძოდ – ჩეხეთსა და პოლონეთში) განთავსებას გულისხმობს, რუსეთმა იმთავითვე მის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ნაბიჯად მიიჩნია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ, ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი ევროპას საკუთარი რაკეტების დამიზნებითაც კი დაემუქრა. პრეზიდენტი ბუში, სხვადასხვა ტრიბუნის გამოყენებით, სულ ამაოდ ცდილობდა დაემტკიცებინა რუსი კოლეგისთვის, რომ თავდაცვის სისტემა თავდასხმის სისტემა არ არის და რომ ის მხოლოდ მტრულად განწყობილი ქვეყნების მოსაგერიებლად არის აუცილებელი. ამ კონტექსტში ჯორჯ ბუში ხშირად აღნიშნავდა იმასაც, რომ ამერიკა რუსეთს მტრად არ განიხილავს და რომ პირიქით, მასთან თანამშრომლობა სურს. ამავე შინაარსის იყო განცხადება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა 7 ივნისს, გერმანიაში, ”დიდი რვიანის” სამიტის მასპინძელ საკურორტო ქალაქ ჰაილიგენდამში, მანამდე, ვიდრე ის პრეზიდენტ პუტინს შეხვდებოდა:

(ბუშის ხმა) "რუსეთი არ არის საფრთხე. ისინი სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენენ. ეს ჩვენი საფიქრალი და საზრუნავი არ არის. ჩვენი საზრუნავია თანამშრომლობის გზების გამონახვა."

"თანამშრომლობის გზების" ძიებას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა მას შემდეგ, რაც, ბევრი ექსპერტისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, პირისპირ შეხვედრისას, პუტინმა ბუშს, ჩეხეთისა და პოლონეთის ნაცვლად, ერთობლივი მუშაობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესთავაზა:

(პუტინის ხმა) "ყურადღებით განვიხილეთ ამერიკის მხარის წინადადებები, გვაქვს ჩვენი მოსაზრებებიც. მე ისინი დაწვრილებით განვმარტე. პირველი წინადადებაა, გამოვიყენოთ გაბალის რადიოსალოკაციო სადგური, რომელიც აზერბაიჯანში იჯარით გვაქვს აღებული. ამ საკითხზე გუშინ ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს. აზერბაიჯანთან ჩვენი ხელშეკრულება ამის უფლებას გვაძლევს, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდად მოხარული იქნება, თუ მისი ქვეყანა წვლილს შეიტანს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში."

ამ მოულოდნელი წინადადების შესახებ ჯორჯ ბუში კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს. ზოგადად კი იმას ამბობს, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრა "ძალიან კონსტრუქციული" იყო და რომ პუტინმა "საინტერესო წინადადებები" წამოაყენა:

(ბუშის ხმა) "დისკუსიის შედეგად შევთანხმდით, რომ გვექნება სტრატეგიული დიალოგი, შესაძლებლობა - იდეები და ინტერესები ჩვენი ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებებმა, თავდაცვის სამინისტროებმა და სამხედროებმა შეათანხმონ. ეს იქნება სტრატეგიულ მოლაპარაკებათა სერიოზული რაუნდი. ეს სერიოზული საკითხია... და ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ძალიან კარგად ვხედავთ ერთმანეთის პოზიციებს. ამ პროცესის შედეგად, მე მოველი ტექნოლოგიებისა და ერთად მუშაობის შესაძლებლობების უკეთ გაგებას."

ასეა თუ ისე, ვლადიმირ პუტინმა ჯორჯ ბუშს საკუთარი შეხედულებით შერჩეული ტერიტორია შესთავაზა და ასე გამოეხმაურა ამერიკელი კოლეგის მხრიდან ბოლო დღეებში განსაკუთრებით ხშირად გამოთქმულ მოწოდებას თანამშრომლობის შესახებ. არავინ იცის, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბუშმა და პუტინმა მძიმე საუბარი სამომავლოდ გადადეს, რათა "დიდი რვიანის" სამიტისთვის სხვა საკითხებზე კონცენტრირების საშუალება მიეცათ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG