Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იმალება რუსეთის პრეზიდენტის მოულოდნელი წინადადების მიღმა?


ბევრისთვის მოულოდნელმა წინადადებამ, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს პირისპირ შეხვედრისას მიმართა, ახალი კითხვები წარმოშვა.

ვლადიმირ პუტინი და ჯორჯ ბუში ერთმანეთს შეხვდნენ 7 ივნისს გერმანიის საკურორტო ქალაქ ჰაილიგენდამში, სადაც "დიდი რვიანის" სამიტი მიმდინარეობს. მაშინ, როცა პრეზიდენტ ბუშს განზრახული ჰქონდა შეურიგებელი ოპონენტი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსების გეგმაზე სათანამშრომლოდ დაეყოლიებინა, პრეზიდენტმა პუტინმა ამერიკელ კოლეგას კონტრინიციატივა შეაგება და თანამშრომლობისთვის სამხრეთ კავკასიაში მიიწვია. პუტინის გეგმის მიხედვით, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა უნდა განთავსდეს არა ჩეხეთსა და პოლონეთში, არამედ - აზერბაიჯანში, სადაც რუსეთს იჯარით აქვს აღებული გაბალის რადიოსალოკაციო სადგური. რას ფიქრობენ ექსპერტები – რა იმალება რუსეთის ახალი წინადადების მიღმა?

ანტისარაკეტო სისტემის ევროპაში განთავსების გეგმა რუსეთმა თავიდანვე დაგმო. მოსკოვი სასტიკად ეწინააღმდეგება სისტემის რადარის ჩეხეთში, ხოლო გადამტაცის – პოლონეთში განთავსების პერსპექტივას და, პრეზიდენტ ბუშის მიერ გამოხატული სურვილის მიუხედავად, არ აპირებს ჩაერთოს მისთვის მიუღებელ პროცესში. სამაგიეროდ, ერთობლივი თანამშრომლობისთვის ამერიკას ის საკუთარი ინტერესებით შერჩეულ აზერბაიჯანის ტერიტორიას სთავაზობს. რატომ შეარჩია ამერიკამ სისტემის განსათავსებლად მაინცდამაინც ჩეხეთი და პოლონეთი? რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში შეერთებული შტატების ელჩი ნატოში ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ ირანის მხრიდან შესაძლო საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად (რასაც ამერიკის გეგმა ისახავს მიზნად) გეოგრაფიულ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება:

(ნულანდის ხმა) "ეს მხოლოდ გეოგრაფიის საკითხია. რადარის საქმეა დროულად გამოსცეს სიგნალი, რათა გადამტაცმა აფრენილი რაკეტების შეჩერება მოახერხოს. თუკი ის თავდამსხმელი ქვეყნის ტერიტორიასთან ძალიან ახლოს არის განთავსებული - მაგალითად, განთავსებულია თურქეთსა ან ბულგარეთში, სისტემას არ ეყოფა დრო გამოსცეს სიგნალი მანამ, ვიდრე რაკეტები მას ჩაუფრენენ. ერთი სიტყვით, სისტემას გარკვეული დრო სჭირდება. ეს ყველაფერი წმინდა ფიზიკა და გეომეტრიაა."

თუკი ნულანდის მიერ ჩამოყალიბებული თეორიის ლოგიკას მივყვებით და თუ მიზანს ისევ და ისევ ირანისგან თავდასხმის მოგერიება წარმოადგენს, იმავე თურქეთისა და ბულგარეთის მსგავსად, გეოგრაფიული თვალსაზრისით, არც აზერბაიჯანია ის ქვეყანა, სადაც ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსება გაამართლებს.

ვაშინგტონის ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰაუარდი ამბობს, რომ მოულოდნელობის შოკი, რომელიც ამერიკამ 7 ივნისს მიიღო, რუსეთის მიერ კარგად იყო გათვლილი. მისი თქმით, პუტინმა ბუშს, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი ხნის წინათ დამუშავებული გეგმა წარმოუდგინა. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერში რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ევგენი პრიმაკოვის ხელიც ერიოს.

გეგმის დეტალების შესათანხმებლად მოსკოვი განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო პერიოდში. ნიშანდობლივია, რომ ბოლო ხანს ბაქოს არაერთი მაღალი რანგის რუსი ჩინოვნიკი სტუმრობდა. მათ შორის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

იმის გამო, რომ მოულოდნელობისგან პასუხიც არ ჰქონდა, პრეზიდენტმა ბუშმა რუსი კოლეგის წინადადებას "საინტერესო" უწოდა, თუმცა დასძინა, რომ საკითხი მეტად სერიოზულია და მრავალმხრივ ექსპერტიზას, განსჯას თუ შეთანხმებას მოითხოვს. ჰაუარდი დარწმუნებულია, რომ მოსკოვმა სათავისო ნაბიჯი გადადგა - ამერიკა დააბნია. ივლისის დასაწყისში პუტინი ბუშს მეინის შტატში, საკუთარ რანჩოზე, ეწვევა. ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ შეხვედრამდე ვაშინგტონის პასუხი მოსალოდნელი არ არის:

(ჰაუარდის ხმა) "არა, არა... ისინი, ალბათ, დაიცდიან შეხვედრამდე, რომელიც მეინის შტატში უნდა შედგეს. იქ გაირკვევა რა ეშმაკზეა საუბარი და მოსაზრებებიც იქ გადაიხედება. ისე, დარწმუნებული ვარ, რომ წინადადება ნამდვილი სიურპრიზი იყო. ეს იყო ძალიან ჭკვიანურად გათვლილი ნაბიჯი, ჩემთვისაც მოულოდნელი. კი, ეს ძალიან ჭკვიანურად გათვლილი სვლა იყო."

გლენ ჰაუარდი პუტინის ინიციატივის უკან რუსეთისთვის სასარგებლო და ამერიკისთვის საზიანო რამდენიმე ასპექტს ხედავს. როგორც ჩანს, რუსეთს, სულ მცირე, ორი კურდღლის დაჭერა აქვს გამიზნული:

(ჰაუარდის ხმა) "რუსეთის ბაზას, რომელიც აზერბაიჯანში, გაბალაშია განთავსებული, ლიცენზიის ვადა ეწურება. რუსები მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან და ამიტომ აწყობდნენ რადარის გადატანის გეგმებს რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. ახლა ისინი ცდილობენ აზერბაიჯანში მათი დარჩენა დააკანონონ. ამავე დროს, ისინი ამ გეგმით შეერთებულ შტატებს სამუდამოდ აქცევენ ირანელებისა და აზერბაიჯანელების სამიზნედ. გეგმა ამერიკისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებას ითვალისწინებს. რუსეთს კი იქ სამხედრო გავლენა ექნება. ეს არის ჩემი აზრი, თუკი სწორად მესმის ამ განცხადების შინაარსი."

ძნელი სათქმელია, მართლაც საინტერესოა თუ არა ვაშინგტონისთვის მოსკოვის ეს მოულოდნელი და შოკის მომგვრელი წინადადება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გადამწყვეტ სიტყვას ამ საქმეში ბუშის რანჩოზე დაგეგმილი, სავარაუდოდ, მეტად მეგობრული შეხვედრა იტყვის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG