Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა ერაყში ერთი თვის შემდეგ გადაწყდა


საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ პარასკევს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს მთავრობის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ერაყში ქართული კონტინგენტის გაორმაგებას

და დისლოკაციის ადგილის შეცვლას. მაგრამ, როგორც გაირკვა, ახალი, 2000 კაციანი, ქართული კონტინგენტი ერაყში, ივნისის ნაცვლად, ივლისის შუა რიცხვებში გაემგზავრება, რაც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ალ კუდში ყაზარმის მშენებლობის ვადის გადაწევამ გამოიწვია. კოალიციის სარდლობის გადაწყვეტილებით, ქართული კონტინგენტი ირან-ერაყის საზღვრაზე მდებარე ვასიტის პროვინციაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას ჩაუდგება სათავეში.

საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, საქართველო ანტიერაყულ კოალიციაში შემავალი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ორჯერ მეტად ზრიდს სამშვიდობო სამხედრო ქვედანაყოფს. 2000 ქართველი ჯარისკაცი, ნაცვლად 850-ისა, ბაღდადიდან და ბაყუბადან ვასიტის პროვინციაში გადავა. ორი კვირის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი დანიშნულების ადგილზე ქართველ მშვიდობისდამცველებს ახალ გამოწვევებთან მოუწევთ შეჭიდება:

[დავით კეზერაშვილის ხმა] ”არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეული შეიარაღება გადმოდის ირანის ტერიტორიიდან ერაყში, რაზეც დღესდღეობით რეაგირება ვერ ხდება. და გადმოდის ამ პროვინციის გავლით. ბუნებრივია, რაზეც ქართველ ჯარისკაცებს მოუწევთ რეაგირება, რაც გულისხმობს, რომ გარკვეულწილად დაძაბულობა იქ გაჩნდება.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტში პარასკევს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ თითქმის უპირობო მხარდაჭერა მიიღო. 2 მოწინააღმდეგის გარდა, გადაწყვეტილება ყველა - ანუ 145-მა - დეპუტატმა მოიწონა. რადიკალურად საპირისპირო დამოკიდებულება დააფიქსირა დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ.

[გოჩა ჯოჯუას ხმა] ”ერაყში არის სამოქალაქო ომი დღეს. ერაყი სამოქალოქო ომის წინაშეა.”

[მიხეილ მაჭავარიანი] ”მალადეც!”

[გოჩა ჯოჯუას ხმა] ”ანუ რეალურად მე გეუბნებით იმას, რაც ჩანს. და, ალბათ, ადევნებთ თვალს, როდესაც თურქეთისა და ირანის დამოკიდებულება არ არის ცალსახა, ჩვენ ამ დროს დემონსტრაციულად შევდივართ და ვერთვებით ამ კონფლიქტში. შეიძლება ეს გაკეთდეს, მაგრამ კიდევ ერთელ ვიძახი - რის ფასად?” (სტილი დაცულია)

უფრო თავდაჭერით შეხვდა უმრავლესობა ივლიანე ხაინდრავას განცხადებას, რომ ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი” თავისუფალი კენჭისყრის პრინციპით მიუდგებოდა გადაწყვეტილებას. თავად მას კი დადებითი ხმის მიცემა მხოლოდ იმან გადააწყვეტინა, რომ ქართველი სამხედროები ერაყში ”ნებაყოფლობით მიდიან”.

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ”რა თქმა უნდა, აქაც არსებობს ეჭვები. როდესაც ადამიანს არაფერი არ აქვს და მის ოჯახს საარსებო საშუალება არა აქვს, - კი, კაცი გარისკავს საკუთარი თავით, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რისკის ქვეშ დააყენოს თავისი ცხოვრება, ოღონდ ოჯახი, საკუთარი თავი რაღაცა ვადით უზრუნველყოს. მაგრამ მაინც მას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ეს გადაწყვეტილება ან თქვას ამ გადაწყვეტილებაზე უარი.” (სტილი დაცულია)

მესამე ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთმა ქართველმა კაპრალმა, მამუკა ბანძელაძემ, რომელიც ერაყში გამგზავრებას ელოდება, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ სამხედროებმა იცოდნენ ერაყში მივლინების შესახებ და ეს მათი შეგნებული არჩევანი იყო:

[მამუკა ბანძელაძის ხმა] ”შეეგუა ოჯახი. სხვა გზა არც იყო და, რა ვიცი. და არაფერს არ ამბობენ ისეთს, რომ აი, ვთქვათ, საშიშროებას წარმოადგენს ან რაღაც. შეეგუა ოჯახი. იციან, რომ მივდივარ და დამილოცავენ გზას.” (სტილი დაცულია)


2000 კაციანი ქართული კონტინგენტი, რომელიც ამერიკელმა სპეციალისტებმა ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის პროგრამით” კრწანისის პოლიგონზე გაწვრთნეს, ერაყში გამგზავრებას თავდაპირველად ივნისის შუა რიცხვებისთვის ელოდა. მაგრამ იმის გამო, რომ ალ კუდში მათი ყაზარმის მშენებლობა დროში ოდნავ გაჭიანურდა, გაზრდილი კონტინგენტი ერაყში ივლისის შუა რიცხვებში გაემგზავრება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG