Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეებთან კომუნიკაციის ახალი წესის ამოქმედების ინიციატივით გამოდის


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მზადდება კანონპროექტი, რომელმაც მოსამართლეებთან კომუნიკაციის ახალი წესი უნდა განსაზღვროს.

ახალ წესში იგულისხმება ის, რომ ამა თუ იმ საქმის წარმოებისას პროცესში ჩართულ მხარეებს და საქმით დაინტერესებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი მოსამართლესთან. ამას გარდა, იურიდიული კომიტეტის კიდევ ერთი ინიციატივაა, სისხლის სამართლის კოდექსში გაუქმდეს მუხლი, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებისთვის მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას
გულისხმობს. ოპოზიციას იურიდიული კომიტეტის ეს ახალი ინიციატივები არ მოსწონს.

სასამართლო პროცესში მონაწილე მხარეებს და სასამართლოს მიერ განსახილველი საქმით დაინტერესებულ პირებს მოსამართლესთან ყოველგვარი კომუნიკაცია მას შემდეგ აეკრძალებათ, რაც პარლამენტი მხარს დაუჭერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადებულ შესაბამის კანონპროექტს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს, რომ კანონპროექტი ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია და დაზუსტებული ჯერ მისი სახელწოდებაც კი არ არის. ჯერჯერობით კანონპროექტს ჰქვია ” მოსამართლესთან კომუნიკაციისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის შესახებ კანონპროექტი” და, ისევ ნინო კალანდაძის თქმით, მოსამართლის დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ არის მიმართული:

[ნინო კალანდაძის ხმა] ”ინიციატივის თანახმად, პროცესის მონაწილე მხარეებს და მესამე პირებს ეკრძალებათ მოსამართლესთან ნებისმიერი კომუნიკაცია.. და საქმესთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა, კავშირი მოსამართლესთან ან დაკავშირების მცდელობა; ასევე იკრძალება საქმეში მესამე პირის ჩარევა, პირის, რომელსაც შეუძლია მოსამართლეზე გავლენის მოხდენა სასურველი გადაწყვეტილების გამოსატანად...”(სტილი დაცულია)

კანონპროექტის თანახმად, მოსამართლესთან კომუნიკაციის ახალი წესის დამრღვევთ სანქციები დაუწესდებათ, სანქციები კი სხვადასხვაგვარი იქნება ეგრეთ წოდებული მესამე პირებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის,თავად მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის და ასე შემდეგ...
სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და, მათთან ერთად, სასამართლო წარმოებაში არსებული საქმით დაინტერესებული სხვადასხვა პირებისთვის მოსამართლესთან კონტაქტის აკრძალვა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, კახა კუკავას, თქმით, ვენეციის კომისიის მიერ არის ინიცირებული. კუკავა აღნიშნავს, რომ მოსამართლესთან კომუნიკაციის ახალი წესი, ერთი შეხედვით, სატელეფონო სამართლის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ეს ახალი წესი ვერ შეძლებს პრობლემასთან გამკლავებას:

[კახა კუკავას ხმა] ”ჩვენ როცა პროკურატურის გავლენაზე ვსაუბრობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურორი ადეიშვილი ურეკავს მოსამართლე კუბლაშვილს. არსებობს უამრავი სხვა ფორმაც, ეს ფორმები უნდა იქნეს გამოკვლეული და ამ ფორმებზე უნდა იყოს სანქციები....”

ყოველივე ამის გარეშე მოსამართლესთან პირდაპირი კომუნიკაციის აკრძალვა არაფრის მომტანი და სასაცილოაო, ამბობს კახა კუკავა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ნინო კალანდაძემ კი ჩვენთან საუბრისას განმარტა , რომ მოსამართლესთან კომუნიკაციის ახალი წესი სწორედ მოსამართლესთან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას კრძალავს: სატელეფონო კავშირს, კავშირის მცდელობას, მიმოწერას, მესამე პირის გამოყენებას და ასე შემდეგ. ნინო კალანდაძეს ეჭვი აქვს, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც იურიდიული კომიტეტის ახალ ინიციატივას იწუნებენ, კარგად არ იცნობენ მას, მით უფრო, რომ კანონპროექტის ტექსტი ჯერ არ გავრცელებულა. მოსამართლეებთან დაკავშირებით იგეგმება სხვა ცვლილებაც - ჩაფიქრებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის გაუქმება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუკი ის უკანონო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

აქამდე გამოითქმებოდა აზრი, რომ ეს მუხლი მოსამართლეზე პოლიტიკური გავლენის განხორციელების შესაძლებლობას ქმნიდა. იურიდიულ კომიტეტში გაიზიარეს ეს აზრი და მუხლის გაუქმებაზე დათანხმდნენ, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა მოსამართლის მხრიდან ისედაც ისჯება, დისციპლინარული გადაცდენისთვის კი არსებობს სპეციალურო საბჭო. საპარლამენტო ოპოზიციისთვის ასეთი არგუმენტი მისაღები არ არის. კახა კუკავა ფიქროს, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა მოსამართლეებს უკანონო განაჩენის გამოტანის უფლება კანონიერად მიანიჭოს. იურიდიული კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივებს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს.
XS
SM
MD
LG