Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოხერხდა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ქორწინების სახლის აღდგენა?


თბილისში, უზნაძის 2 ნომერში, ქორწინების სახლი 1991 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა, თუმცა თბილისელთა უმრავლესობა შენობას მაინც ”ქორწინების სახლად” მოიხსენიებდა.

უზნაძის 2 ნომერში 1964 წლიდან 125 ათას 430-მდე ქორწინებაა რეგისტრირებული და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა გადაწყვიტა. 8 ივნისს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტომ ქორწინების სახლის ესკიზური პროექტის კონკურსი გამოაცხადა. რატომ გადაწყდა თბილისში, უზნაძის 2 ნომერში, ქორწინების სახლის აღდგენა?

თბილისში, უზნაძის 2 ნომერში მდებარე ქორწინების სახლი 1964 წლიდან 1991 წლამდე ემსახურებოდა ოჯახის შექმნის მსურველებს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს არა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ დაიხურა ქორწინების სახლი 16-ოდე წლის წინ.

[გიორგი ვაშაძის ხმა] ”91 წელს, მთავრობის დადგენილებით, ეს შენობა გადაეცა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას დროებით სარგებლობაში, როგორც ჩვენ ვიცით. რა იყო მოტივაცია თავის დროზე, ძნელი სათქმელია ჩემთვის...”

ქორწინების სახლის 600 კვადრატულ მეტრამდე ფართი 1991 წელს საქართველოში პირველ არასამთავრობო ორგანიზაციას, ”მსოფლიო ლაბორატორიას”, მთავრობის დადგენილებით გადაეცა. მაშინ თბილისში უკვე მწყობრში იყო შესული ქორწინებათა ახალი სასახლე, რომელიც ახლა ცნობილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის, საკუთრებას წარმოადგენს, და კიდევ ფუნქციონირებდა რამდენიმე მსგავსი დაწესებულება. ამჟამად თბილისში მხოლოდ 3 ქორწინების სახლი მუშაობს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს საკმარისი არ არის:

[გიორგი ვაშაძის ხმა] ”პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სამი სახლი ვეღარ აუდის დატვირთვას...”

გიორგი ვაშაძის მიერ მოყვანილ არგუმენტს არ ეთანხმება ქორწინების სახლის ყოფილი მფლობელი, მსოფლიო ლაბორატორიის ხელმძღვანელი თბილისში, სოსო ცისკარიშვილი. მისი განცხადებით, მსოფლიო ლაბორატორიის ოფისში, უზნაძის 2-ში, ქორწინების სახლის აღდგენით მაღალი რანგის ჩინოვნიკები პირადად არიან დაინტერესებულნი:

[სოსო ცისკარიშვილის ხმა] ”კაპრიზი გახლდათ აქ ქორწინების სახლის გახსნა...”

სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ უზნაძის 2 ნომერში განთავსებული 600 კვადრატული მეტრი მისი ორგანიზაციის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და, ამის შესაბამისად, ორგანიზაცია ქონების გადასახადსაც იხდიდა:

[სოსო ცისკარიშვილის ხმა] ”ჩვენ ვიხდიდით ქონების გადასახადს...”

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მსოფლიო ლაბორატორიას ქორწინების სახლი დროებით სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, თუმცა ამ ორგანიზაციის მიერ გადახდილი ქონების გადასახადის უკან დაბრუნებაზე ხელისუფლებაში არავის უფიქრია. არასამთავრობო ორგანიზაციისთვის არც ალტერნატიული ფართი შეუთავაზებიათ.

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ კი 2000 ლარიანი პრიზი დააწესა ქორწინების სასახლის ესკიზური პროექტის კონკურსში გამარჯვებულის დასაჯილდოებლად. ერთი თვის შემდეგ გამოვლენილ გამარჯვებულთან იუსტიციის სამინისტრო გააფორმებს ხელშეკრულებას სრულყოფილი პროექტის შექმნის შესახებ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში იმედოვნებენ, რომ მომავალი წლისთვის ძველი ქორწინებათა სახლი უზნაძის 2 ნომერში კვლავ ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG