Accessibility links

logo-print

უცხოელ ინვესტორებს საქართველოს ბაზარზე იმედით ელიან


საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ეპიდემიის არსებობა დაადასტურა. მიმდინარე კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე ღიად ითქვა, რომ ქვეყანაში ღორის დაცემამ უკვე დამაფიქრებელ მასშტაბებს მიაღწია.

მსგავსი ფაქტები ერთდროულად დაფიქსირდა რამდენიმე რეგიონში და ნელ-ნელა მთელ ქვეყანას მოედო. საბოლოო ანგარიშით, დაცემული პირუტყვის მოცულობა უკვე 20 ათას ერთეულს აჭარბებს.

საკითხი უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს და გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის - ფაოს -განხილვისა და შეშფოთების საგანიც გახდა. ფაოს ექსპერტების ვარაუდით, საქართველოში ღორის აფრიკული ჭირი, სავარაუდოდ, იმპორტირებული გაყინული ღორის ხორცით შემოვიდა, მოგვიანებით კი, ნარჩენების სახით, ღორების საკვებში მოხვდა და ამ სახით გავრცელდა. ფაო მიიჩნევს, რომ ამ დაავადების მეზობელ სახელმწიფოებში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რუსეთმა და სომხეთმა უკვე განაცხადეს საქართველოდან ღორის ხორცის იმპორტის აკრძალვის შესახებ. ანალოგიურად აპირებს მოიქცეს აზერბაიჯანიც.

ფაოში აცხადებენ, რომ ვირუსი ადამიანისთვის საშიში არ არის, მაგრამ ფერმერული მეურნეობებისთვის, რომლებიც მესაქონლეობას მისდევენ, შესაძლოა, სრული კატასტროფის მომტანი აღმოჩნდეს, ვინაიდან, იმის გამო, რომ ამ დაავადების ვაქცინა არ არსებობს, მას პირწმინდად განადგურებით ემუქრება.

ფაოში მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ღორების სრული განადგურება იქნებოდა, მაგრამ ეს უდიდესი ეკონომიკური ზარალის ტოლფასია და ამაზე არავინ წავა. შესაბამისად, ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ მოხერხდება კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვა იმ ვირუსის გავრცელების შედეგების დასაძლევად, რომელიც 1990 წლიდან აფრიკის რეგიონს არ გასცილებია.

ქვეყნის აგროსექტორში გავრცელებულ დაავადებებთან არასათანადო ბრძოლა მიმდინარე კვირას სერიოზული კვლევა-ძიების და დაპატიმრების მიზეზიც კი გახდა. ვეტერინარიის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჯამბულ მაღლაკელიძე სწორედ იმის გამო დააკავეს, რომ ცხოველების რამდენიმე დაავადებაზე ჩატარებული ვაქცინაციის რეალობა დადგა ეჭვქვეშ.

ზოგადადაც, მიმდინარე კვირა, მასობრივი და აფიშირებული დაპატიმრებების მხრივ, უხვი აღმოჩნდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის გზების მშენებელი კონტრაქტორი ფირმების 8 ხელმძღვანელი პირდაპირ დეპარტამენტში მიმდინარე თათბირზევე დააპატიმრეს, მათგან ქრთამის აღებაში ბრალდებული კონტროლის პალატის 3 თანამშრომელი კი კონტროლის პალატაში დააკავეს.

საყოველთაო კამპანიას არც თბილისის მერია ჩამორჩა და, დოკუმენტაციის გაყალბებისა და თაღლითობის ბრალდებით, 3 თანამშრომელი გაამწესა საპყრობილეში.

კორუფციასთან ბრძოლა ყველა საერთაშორისო სააგენტოს მიერ საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ მიღწევად მიიჩნევა. იმავდროულად, ბიზნესის წარმოების სიიოლის მიხედვით, საქართველო წლეულსაც მსოფლიოს მასშტაბით პირველ სამეულში იქნება. ასეთ წინასწარ განცხადებას აკეთებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის შესაბამისი კვლევის ავტორთა ჯგუფი. შარშან საქართველო ამ მაჩვენებლით სულაც უპირველესად იქნა მიჩნეული და მსოფლიო რეიტინგში 112-დან 37-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ახალი ანგარიში 2006 წლის აპრილიდან 2007 წლის 1 ივნისამდე განხორციელებულ რეფორმებს შეაფასებს. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში განსაკუთრებით გაკოტრების ახალი კანონი, კორპორატიული მართვის სრულყოფილი კანონმდებლობა და ლიცენზირების გამარტივებული სისტემა მოსწონებიათ.

ლიცენზირების გამარტივება სხვა სფეროებთან ერთად ავიაციასაც საგრძნობლად დაეტყო. დეკლარირებულმა "ღია ცის პოლიტიკამ" საქართველოს ავიასივრცე გაცილებით ლიბერალური გახადა. უახლოეს ხანებში შესაბამის ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც მოეწერება ხელი, რაც შესაძლებელს გახდის პირდაპირი რეისების ამოქმედებას. საამისოდ ვაშინგტონში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გაემგზავრება, რომელიც, საავიაციოს გარდა, ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულებებსაც გააფორმებს.

ახალი ინვესტიციების საჭიროება დაუდგა დღის წესრიგში ქართული ენერგეტიკის ფლაგმანს - ენგურჰესს, რომელიც პარასკევს ავარიულად გამოირთო და მთელი ქართული ენერგოსისტემა თან წაიყოლა. ამ დროისთვის შეწყვეტილია აზერბაიჯანში ენერგიის ექსპორტი, აღდგა თურქეთში გადადინება. აზერბაიჯანთან შემდგომი თანამშრომლობის გასაზრდელად საბოლოოდ შეთანხმდა ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე "მუხრანის" ხაზები აღდგება, საქართველოში კი 500 კილოვოლტის სიმძლავრის 3 ახალი ხაზი აშენდება. ამ პროექტის მიზანი ენერგოსისტემების სინქრონიზაცია და მათი თურქეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირებაა, რამაც ევროპული ელექტროენერგეტიკული ბაზრისკენ უნდა გახსნას გზა.

ევროპელებს საქართველოში სხვა ბაზრებზეც დიდი იმედით ელიან. წლის ბოლომდე ტურიზმის დეპარტამენტი 30 ახალ ტურს, მათ შორის, ღვინის, ეკოლოგიურ და სხვა ტურებს აამოქმედებს. განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ებრაული ტური, რომელიც ებრაელების საქართველოში ყოფნა-მოღვაწეობას მიეძღვნება.

მთლიანად ტურიზმზე იქნება ორიენტირებული დასაქმების ახალი პროგრამაც, რომელიც "პროკრედიტბანკის" მეშვეობით განხორციელდება. ეკონომიკის სამინისტრო, მიკრო და მცირე სესხებით ოპერირებაში დიდი გამოცდილების გამო, სწორედ ამ ბანკის მეშვეობით გასცემს 5 მილიონი ლარის სესხს, რომელიც ათასიდან 50 ათასამდე ლარის წილებად დაიყოფა და ისე გაიცემა კონკრეტულ ბიზნეს-პროექტებზე 12%-იანი წლიური სარგებლით.

ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას ცდილობენ ქართული აეროპორტებიც. ახლად გახსნილი ბათუმის ავიავაგზლიდან სტამბულის მიმართულებით კვირაში 3 რეისი სრულდება და მალე თურქეთის მიმართულებას უკრაინულიც დაემატება. გარდა ამისა, უკრაინისკენ ზაფხულის სეზონზე გააქტიურდება საკურორტო ფრენაც - მალე საქართველოდან თვითმფრინავებს სიმფეროპოლის აეროპორტიც მიიღებს.

რაც შეეხება კიდევ ერთ საავიაციო აქტივს - ერთ დროს ძლევამოსილ ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზებს", მას მალე გასაყიდად ორ ლოტად გაიტანენ: 4,1 მილიონ დოლარად 61 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 10 ათასი კვადრატული მეტრის სიდიდის შენობა-ნაგებობებია შეფასებული, 750 ათასად კი - ორი ამორტიზებული თვითმფრინავი.

საერთოდ, მიმდინარე კვირა პრივატიზების ფრონტზე განსაკუთრებით აქტიური იყო. 25 მილიონი დოლარის საწყის ფასად შეფასებული საქართველოს ყველაზე ძველი საერთაშორისო კატეგორიის სასტუმრო, "შერატონ მეტეხი პალასი", 67,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. არაბულმა კომპანია "რაკინ დეველოპმენტმა" უკვე განაცხადა, რომ სასტუმროს კვლავაც "შერატონის" ქსელის ბრენდით მართავს. ეს არ არის "რაკინ დეველოპმენტის" პირველი პროექტი საქართველოში: მან უკვე იყიდა მიწის დიდი ფართობი ტაბახმელაში, სადაც საერთაშორისო დონის გოლფის მოედნის აშენებას, ასევე თბილისში სასტუმროების ქსელის ჩამოყალიბებას გეგმავს, რაც, ჯამურად, 200 მილიონი დოლარი დაუჯდება.

მასშტაბური საინვესტიციო გეგმა აქვს ჩეხურ კომპანია "ბლოკი ჯორჯიასაც", რომელიც, ჰოსპიტალური რეფორმის პროექტის ფარგლებში, 5 ობიექტს პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღებს: კარდიოლოგიის ინსტიტუტს, მე-4 საავადმყოფოს, მე-5 სამშობიაროს, გურამიშვილის პედიატრიულ და რადიოლოგიის კლინიკებს. სანაცვლოდ, 17 თვეში სანზონის კლასტერში 190-ადგილიანი მრავალპროფილიანი ჰოსპიტალი უნდა ააშენოს. მანამდე "ბლოკი ჯორჯიას" უკვე გადაეცა სისხლის გადასხმის ცენტრი, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი, ასევე ხობის, ხელვაჩაურის, ბოლნისისა და საგარეჯოს ყველა სამკურნალო დაწესებულება და 3 საავადმყოფო ზუგდიდში. ამრიგად, ქართულ მედიცინაში ერთი ძალიან მსხვილი ოპერატორი კომპანია ჩამოყალიბდა.
XS
SM
MD
LG