Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპორტაჟი თანამედროვე სამხედრო ბაზიდან, რომელიც ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,

რომელიც ბიუჯეტიდან სულ მალე დამატებით 442 მილონი ლარის დაფინანსებას მიიღებს, საბიუჯეტო თანხებით ყველა სამხედრო ნაწილის განახლებას, კეთილმოწყობას და აღჭურვას გეგმავს. სტანდარტი უკვე არსებობს - სენაკში განლაგებული ნომერ მეორე ქვეითი ბრიგადა, რომლის აშენებაზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯა.

7 საცხოვრებელი კორპუსი ოფიცრებისა და სერჟანტებისათვის, 9 თანამედროვე ყაზარმა, დიდი სპორტული დარბაზი, თავისი საცურაო აუზით, შტაბი, სასადილო 3000 კაცზე, სამრეცხაო და საქვაბე - ეს არის არასრული ჩამონათვალი მე-2 ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურისა, რომელიც ქალაქ სენაკში მდებარეობს. სეპარატისტული სოხუმიდან ყველაზე ახლომდებარე სამხედრო ბაზას ოპერატიული მნიშვნელობა აქვს და სრულად არის დაკომპლექტებული როგორც საბრძოლო ტექნიკით, ისე პირადი შემადგენლობით. სამხედრო ბრიგადა მთლიანად საკონტრაქტო პრინციპზეა აგებული. ამასთან, ოფიცრებისა და სერჟანტების დიდი ნაწილი ნამყოფია სამშვიდობო მისიით ერაყში. ბაღდადში 6 თვე გაატარა სერჟანტმა ქალმა მანანა თოდაძემ, რომელიც ქართულ არმიაში იმ დროიდან მსახურობს, როცა სამხედრო სამსახურს პრესტიჟი დაკარგული ჰქონდა.

[მანანა თოდაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია

მანანა თოდაძე სამსახურის შემდეგ სენაკში ბრუნდება, სადაც 3 კოლეგასთან ერთად ბინა აქვს ნაქირავები. თუმცა სულ მალე ყველა სერჟანტი და ოფიცერი ოჯახთან ერთად შეძლებს იცხოვროს სპეციალურად ბაზაზე აშენებულ 5 სართულიან კორპუსებში, რომლის ავეჯით მოწყობა უახლოეს მომავალში დასრულდება, უთხრა რადიო ”თავისუფლებას” მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა მაიორმა ლაშა ბერიძემ.

[ლაშა ბერიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია

პროფესიონალი სამხედროებით დაკომპლექტებულ მეორე ბრიგადაში დღეგამოშვებით ტარდება თეორიული, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება პოლიგონზე, ტექნიკის ექსპლუატაცია, დიდი დრო ეთმობა პირადი შემადგენლობის ფიზიკურ ვარჯიშებს ნებისმიერ ამინდში. ოცეულის სერჟანტი ვალერი ჯღამაია თავის ოცეულთან მეცადინეობაში დიდ დროს ატარებს. 8 წლის სტაჟის მქონე სერჟანტს პროფესიონალ სამხედროდ ქცევის თავისი ოქროს წესი აქვს, რომელსაც ახალბედა ხელქვეითებს ხშირად შეახსენებს.

[ვალერი ჯღამაიას ხმა] იხ. აუდიოვერსია

მეორე ქვეითი ბრიგადა სენაკში ექსტერიტორიული პრინციპით არის დაკომპლექტებული. მასში საკონტრაქტო ვადით სამსახურს საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები გადიან. თუმცა არასამხედრო თანამდებობაზე, ლოგისტიკისა და მომარაგების კუთხით, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები მუშაობენ. სენაკში დიდი სამხედრო ბაზის აშენებას, მოზრდილი სახელფასო ფონდით და სამუშაო ადგილებით, მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტი ჰქონდა ქალაქისთვის, ამბობს ბრიგადის მეთაური ლაშა ბერიძე.

[ლაშა ბერიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია

თითქმის 3500 კაცისაგან შემდგარ ბრიგადაში წესრიგს მეთაურები იცავენ, მის ფარგლებს გარეთ კი - სამხედრო პოლიცია. როგორც სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ გვითხრა, პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეთა შორის თითქმის არ ხდება ისეთი დანაშაული, როგორიც იყო ყბადაღებული ”დედოვშინა”, რაც საკმაოდ დიდხანს გამოჰყვა მემკვიდრეობით ქართულ ჯარს. თუმცა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებობს ჰაუპტვახტი უდისციპლინო ჯარისკაცების იზოლირებისათვის. მაგრამ, როგორც ბრიგადის მეთაური ლაშა ბერიძე ამბობს, წესდების დამრღვევი პროფესიონალი სამხედროებისათვის ყველაზე მძიმე სასჯელი ხელფასის დაქვითვაა.

[ლაშა ბერიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია

ამასთან, სენაკში განლაგებულ ბრიგადაში დისციპლინას აძლიერებს ორი გარემოება. მეთაურების პროფესიონალიზმი და სამხედრო მოსამსახურეების მაღალი მოტივაცია. ბრიგადის მეთაური ლაშა ბერიძე რამდენიმე წელი იყო სამხედრო ატაშე ამერიკაში, განვლილი აქვს თითქმის ყველა თანამდებობა, იყო საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ”ტამპაში”. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო ნაწილს ხშირად სტუმრობენ საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები. თებერვლის ბოლოს სწორედ ამ ბრიგადაში გამოაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფოს ინიციატივა მომავალი ოფიცრების სახელმწიფო პრივილეგიების შესახებ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

7 ივნისს, ”ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ინიციატივით, სამხედრო ნაწილმა პირველად გააღო კარი ქართველი სამხედრო ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. მათ შორის იყო რადიო ”თავისუფლებაც”, რომლის მიერ საჩუქრად გადაცემული ”დღიურები” ბინას დაიდებს ჯერჯერობით ყველაზე ელიტური ქართული სამხედრო ბრიგადის ბიბლიოთეკაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG