Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ-ქართული პოეზიის ფესტივალი თბილისში


ამ კვირაში საქართველოში პოეზიის

დიდი ზეიმი დაიწყო: 4 ივნისს, კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის, ”რუსული კლუბისა” და რუსულენოვანი მწერლების საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით, თბილისში გაიხსნა რუსულ-ქართული პოეზიის ფესტივალი, რომელშიც ქართველ და რუს პოეტებთან ერთად მონაწილეობენ სტუმრები მსოფლიოს ათამდე ქვეყნიდან, მათ შორის, შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, - ხალხი, ვისაც ქართული და რუსული პოეზია აერთიანებს, ხალხი, ვისთვისაც ლექსის თარგმნა პროფესიაა, რომელიც ცხოვრების წესს, აზროვნების სტილს განსაზღვრავს - განსხვავებული ენების, კულტურების დიალოგზე აგებულ წესს... მაგალითად, ფესტივალის სტუმრებს შორისაა ბუკერისა და ანტიბუკერის პრემიების ლაურეატი სერგეი განდლევსკი, რომელმაც რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში თქვა, ლიბერალიზმი იდეოლოგია არ არის, ეს ”საზოგადოებრივი ჰიგიენის საშუალებააო”... ”როცა ჰიგიენის თვალსაზრისით პრობლემებია, ქვეყანაში ეპიდემია ვრცელდება”, - აღნიშნავს ცნობილი რუსი პოეტი.

[ხმა - განდლევსკი კითხულობს თავის ლექსს]

სერგეი განდლევსკი საკუთარ ლექსს კითხულობს. როგორ უნდა ითარგმნოს, თუნდაც ქართულად, ეს ლექსი, თუკი მთარგმნელს პოეტის ხმა არასდროს მოუსმენია, ე.ი. არ იცის, რაზე ამახვილებს ყურადღებას ავტორი, სად სვამს მახვილებს, სად აკეთებს პაუზებს, რომელ სიტყვას გამოყოფს და რომელი სახეა მისთვის მნიშვნელოვანი? ის 30 პოეტი, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, და მათი ქართველი კოლეგებიც დარწმუნებულები არიან, რომ ლექსის თარგმნის ხელოვნება მთარგმნელისა და პოეტის უშუალო კონტაქტსაც გულისხმობს. თუკი ავტორი ცოცხალია და თუკი თავის ლექსებს კითხულობს, რატომ არ უნდა გამოიყენო შანსი და რატომ არ უნდა მოუსმინო მას, თუკი მისი ლექსების თარგმნა გადაწყვიტე...უფრო მეტიც, რატომ არ უნდა გაიცნო ავტორი? პრესკონფერენციაზე, რომელიც ფესტივალის გახსნის დღეს გაიმართა, ჩვენ გავესაუბრეთ ქართველ პოეტსა და მთარგმნელს, ზურაბ რთველიაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით დათანხმდა პოეზიის რუსულ-ქართულ ფესტივალში მონაწილეობის მიღებაზე:

[ზურაბ რთველიაშვილის ხმა] ”მე ყოველთვის მაქვს პრობლემა, როცა ითარგმნება ჩემი ლექსი. იქ რჩება რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. იმიტომ რომ იმ ადამიანს ელემენტარულად არა აქვს მოსმენილი - ვინ კითხულობს, როგორ კითხულობს. ამ თანამედროვე ეტაპზე ეს ბარიერი რომ გადაილახოს, აუცილებელია ერთმანეთს მოვუსმინოთ, რომ ვიგრძნოთ ის ნერვი, ის ენერგეტიკა, რომლითაც მოაქვს ტექსტი ხელოვანს.”

თუმცა ზურაბ რთველიაშვილისთვის პოეზიის ფესტივალი მხოლოდ და მხოლოდ კოლეგებთან კონტაქტის საშუალება არ არის. პაციფისტური მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერს საქართველოში, ზურაბ რთველიაშვილს, სჯერა, რომ ასეთ ფესტივალებს იმ პრობლემების გადაჭრა შეუძლია, რომელსაც ვერაფრით აგვარებენ პოლიტიკოსები - კარგი პოეტისთვის ხომ კულტურათა დიალოგი, მართლაც, ”ჰიგიენაა”, რომლის გარეშეც სამყაროს გახრწნა ემუქრება:

[ზურაბ რთველიაშვილის ხმა] ”როგორი ასოციაცია გამიჩნდა და რისი სურვილი? მინდა შეიქმნას ”ინტერნაციონალი”. უამრავი ქვეყნიდანაა წარმომადგენელი. დავუახლოვდები კოლეგებს და შევთავაზებ, რომ ასეთი ერთობა შეიქმნას. აქ არაა ლაპარაკი მარტო მწერალზე, არტისტზე და მარტო რუსეთზე, მარტო ინდოეთზე და ა.შ. მთავარია მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივებს, რადგან ესაა მთავარი ბერკეტი, რაც დაგვრჩა ადამიანებს და შეგვიძლია ეფექტურად გამოვიყენოთ სხვადასხვა სფეროში, თუნდაც ამ სფეროში - ხელოვნების, კულტურის სფეროში.”

პრესკონფერენციის დაწყების წინ კიდევ ერთ ქართველ პოეტს, შოთა იათაშვილს, გავესაუბრეთ. შოთა აქტიურადაა ჩართული ქართველი და რუსი მწერლების დიალოგში და რამდენიმე ასეთი შეხვედრის ინიციატორიცაა:

[შოთა იათაშვილის ხმა] ”ამ შემთხვევაში როგორც მასპინძელი, ისე ვარ ჩართული, მაგრამ, საერთოდ, 7 წელია აქტიურად ვარ ჩართული ამ კონტაქტებში. ეს დაიწყო 2000 წელს, როცა ქართული თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართა მოსკოვში, ”არტგრუზი”. ამის შემდეგ რუსი პოეტები ჩამოვიდნენ საქართველოში. გაიმართა რუსების ფესტივალი ”რეარტგრუზი” და დაიწყო ინტენსიური გაცვლები.”

სწორედ შოთა იათაშვილისგან შევიტყვეთ, რომ ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოიცემა ორენოვანი კრებული, რომელშიც ფესტივალის მონაწილეთა ლექსები დაიბეჭდება. პოეტური თარგმნის ხელოვნებას მიეძღვნა სემინარი, რომელიც 7ივნისს გაიმართა ბათუმში, მას შემდეგ, რაც ფესტივალის სტუმრებმა აჭარაში პუშკინის დაბადების დღე აღნიშნეს.

[შოთა იათაშვილის ხმა] ”უფრო მეტად ხვდებიან ავტორები - ვინ ვისი ავტორია. გადარჩევის ეს პროცესი ძალზე ბუნებრივად მიმდინარეობს... პრინციპში, უკვე საკმაოდ ბევრი ლექსი ითარგმნა ქართულიდან ცნობილი რუსი პოეტების მიერ და მათ აქვთ ჩაფიქრებული თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის გამოცემა. სამუშაო ძალიან დიდია, თუმცა სამუშაოს 80 პროცენტი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შესრულებულია.” (სტილი დაცულია)

თბილისში გამართული პრესკონფერენციის დაწყებამდე შოთა იათაშვილმა ფესტივალის სტუმრებზე გვიამბო. შოთას თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი რუსი პოეტები საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულან. სასიხარულო ისაა, რომ თითქმის ყველა ეს პოეტი ასე თუ ისე დაკავშირებულია ქართულ ლიტერატურასთან - თითქმის ყველას აქვს ნათარგმნი ქართველი პოეტების ლექსები.

[შოთა იათაშვილის ხმა] ”როგორც კი შემოვედი, ერთი ავტორი ვიცანი - ალექსანდრა პეტროვა, რომელსაც ვიცნობდი მხოლოდ როგორც პოეტს. მოსკოვში ნაყიდი მქონდა მისი წიგნი და მაშინვე ვკითხე, თქვენ ალექსანდრა პეტროვა არ ბრძანდებით-მეთქი? და გავისაუბრეთ. ამ ჯგუფიდან, რომელიც აქაა ჩამოსული, ორი პოეტი, ლენა ესაევა და სერგეი განდლევსკი, ჩემი მეგობრები არიან. განდლევსკი დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება თანამედროვე რუსულ პოეზიაში.” (სტილი დაცულია)

ალექსანდრა პეტროვა რობერტ ბერნსის, შოტლანდიელი და ინგლისელი მეფეების ლექსების მთარგმნელია. ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პოეტს აქვს უფლება სვას არაყი და მთელი დღეები არაფერი აკეთოს, ლექსის წერის გარდა, მაგრამ მთარგმნელი პოეტიც უნდა იყოს, ლინგვისტიც, ლიტერატურის ისტორიკოსიც და, რაც მთავარია, შრომა უნდა უყვარდეს. შეიძლება ამიტომაცაა ასეთი საქმიანი პოეზიის რუსულ-ქართული ფესტივალი, რომლის მონაწილეებმა უკვე მოიარეს აჭარა, კახეთის რეგიონი. 12 ივნისს გრიბოედოვის სახელობის თეატრში ისინი მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში - ”რუსული ენის მნიშვნელობა თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში”... ამ დისკუსიის დროს საბოლოოდ გაირკვევა, რამდენად წარმატებული, რამდენად ეფექტური იყო პოეზიის ფესტივალი საქართველოში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG