Accessibility links

logo-print

ადვოკატები ადვოკატების უფლებებს იცავენ


უკანასკნელ ხანს საქართველოში ადვოკატთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა, თუმცა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება.

არაზუსტი ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ადვოკატთა დაპატიმრების 10–ზე მეტი შემთხვევა გახმაურდა. დაკავებულებს ბრალი რამდენიმე ძირითადი პუნქტით წაუყენეს–თაღლითობა, თანხის მითვისება და ქრთამის მიცემის წაქეზება. ადვოკატთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავები და მედია დაკავებულთა უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ, ეკა ბესელიას საადვოკატო კომპანიაში კი შენიშნავენ, რომ ადვოკატთა დისკრედიტაცია მიზანდასახულად ხორციელდება.

ბოლო ხანს საქართველოში ადვოკატთა დანაშაულის ფაქტების მომრავლებისა და ამ ტენდენციაში გარკვეული სიმპტომატიკის გამოკვეთის შესახებ 11 ივნისს, ერთდროულად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორი პრესკონფერენცია გაიმართა. ადვოკატთა ასოციაცია გახდება ტრიბუნა ყველა ადვოკატისთვის იმ შემთხვევებზე სალაპარაკოდ, როცა სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და მხარი არ დაუჭირა მას, აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა ასლანიშვილმა, რომლის თქმითაც, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის არც ერთი ფაქტი არ უნდა იქნეს დატოვებული, საერთოდ, და, განსაკუთრებით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რეაგირების გარეშე.

[კახა ასლანიშვილის ხმა]“ არ შეიძლება მისცენ ტენდენციის ხასიათი ნებისმიერი პირის დაკავებას - მით უმეტეს, ადვოკატის დაკავებას - იმგვარად, რომ გამოაცხადონ მის მიერ ჩადენილი დანაშაული უკვე დანაშაულად, მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულება ამ საქმეებზე ჯერ არ განხორციელებულა.“(სტილი დაცულია)

ადვოკატების უდანაშაულობის პრეზუმფციასთან ერთად, დაცული უნდა იყოს ყველა პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც სამართალწარმოებისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპი, მიიჩნევენ ადვოკატთა დაცვის ასოციაციაში. ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეკა ბესელია შენიშნავს, რომ ადვოკატთა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა სულ ახლო პერსპექტივაში ადვოკატის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ეს დისკრედიტაციის პროცესი დაახლოებით ერთი წლის წინათ დაიწყო და ეფექტურად იმართება, მათ შორის - საკანონმდებლო ორგანოს ხელშეწყობით.

[ეკა ბესელიას ხმა]“ ყველა ხელშემშლელი გარემოება არსებობს იმისთვის, რომ ადვოკატებმა ვერ შეძლონ თავიანთი კლიენტების დაცვა ეფექტურად. პირველ რიგში, საკნონმდებლო ორგანოს საყურადღებოდ ვამბობ, რომ ისეთ უმეცარ და უგუნურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ, ისეთი დისკრიმინაციული ცვლილებები შეაქვთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომ ადვოკატისა და ბრალმდებლის პოზიციები აშკარად არათანაბარ პირობებში ჩააყენეს. ანუ აშკარად პრივილეგირებულ მდგომარეობაშია ჩაყენებული ბრალდების მხარე.“(სტილი დაცულია)

ამბობს ადვოკატი ეკა ბესელია. იგი არამართებულად მიიჩნევს ამ ეტაპზე რომელიმე დაკავებული ადვოკატის საქმეზე საუბარს, რადგან ზუსტი და დეტალური ინფორმაცია, მისი თქმით, მხოლოდ მხარეებს აქვთ. პრობლემა ამ ეტაპზე ამა თუ იმ დანაშაულში ეჭვმიტანილი ადვოკატების დაკავება კი არა, ადვოკატთა ნდობის მანდატის დაცვაა, შენიშნავს ეკა ბესელია. ადვოკატი დავით მოდებაძე კი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოსა და პროკურატურის მისამართით საზოგადოების გულისწყრომა არაერთხელ ხმამაღლა გამოითქვა, კონტრშეტევის ერთ–ერთ საშუალებად ადვოკატურაც იქცა:

[დავით მოდებაძის ხმა]“ ერთი და ორი ადვოკატის არაეთიკური ქცევა არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ადვოკატთა კორპუსი საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის მასშტაბით დაადანაშაულო თაღლითობაში. მე წინააღმდეგი ვარ იმ ფორმებით დაჭერების, რა ფორმითაც ხორციელდება დღეს ადვოკატის დაჭერები.“(სტილი დაცულია)

დავით მოდებაძე, თავის მხრივ, მიუთითებს კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც ობიექტურ სამართალწარმოებას საგრძნობლად უშლის ხელს. მისი თქმით, ბოლო ხანს პროკურატურა და სასამართლო ეჭვმიტანილებზე ხშირად მანიპულირებენ და არაპირდაპირი გზით ადვოკატის შეცვლას აიძულებენ, არწმუნებენ რა მათ, რომ ამა თუ იმ ადვოკატის დახმარებით მათი საქმის მოგების შანსები მცირეა. ადვოკატისადმი ნდობის მანდატის ხელოვნურად დაკნინების ერთ–ერთ ფორმად დავით მოდებაძე პროკურატურის მხრიდან ადვოკატთა ჩასმის პრაქტიკასაც ასახელებს.


XS
SM
MD
LG