Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელ მიმოხილვაში თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ზოგიერთი გახმაურებული საქმის გამოძიების

შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, რამდენადაც დღეს გამოსული რამდენიმე გაზეთი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზთა გამოძიების მიმდინარეობას ეხება. ”მთელი კვირის” პირველ გვერდზე - სათაურით ”რატომ დააწინაურეს ზურაბ ჟვანიას დაცვის თანამშრომლები?” - ქვეყნდება ინტერვიუ ზურაბ ჟვანიას ძმასთან - გოგა ჟვანიასთან. ”როგორ ფიქრობთ, რატომ დააწინაურეს პრემიერის დაცვის წევრები?” - ეკითხება მას ჟურნლისტი. გოგა ჟვანიას პასუხი: ”კარგი იქნება, თუ ამ კითხვებს დაუსვამთ იმათ, ვისაც მათი დაკითხვა ევალება და ვინც ისინი დააწინაურა. საუბარია კობა ხარშილაძეზე, რომელიც ძველი თბილისის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა. ჰკითხეთ მაგ უბნის ხელმძღვანელს ან ქალაქის ხელმძღვანელობას, რა მოტივაციით დააწინაურეს ეს ადამიანი, რითი გამოიჩინა თავი? როგორც ვიცი, დაწინაურება, საერთოდ, დაფასებას ნიშნავს. ეტყობა, რაღაცა დაუფასეს”,- ამბობს გოგა ჟვანია. ძმის სიკვდილის მიზეზს კი ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პრივატიზაციას უკავშირებს: ”თვალნათლივ ვხედავთ ყველანი, რომ დღეს საქართველოში რეალურად მიმდინარეობს დიდი ქონების გადანაწილება, ერთი კლანის მეორეთი ჩანაცვლება. დიდ ქონებასა და დიდ თანხებზეა საუბარი. ზურა ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ან, თუნდაც, ცოცხალი ყოფილიყო და არ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დიდი ქონების გადანაწილების პროცესების ასე წარმართვა ნამდვილად გაჭირდებოდა. ეს პროცესები ძალიან ინტენსიურად დაიწყო ზურას გარდაცვალების შემდეგ. უცნაურად ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს”, - ამბობს გოგა ჟვანია.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხება ”კვირის პალიტრის” კორესპონდენტი სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან ინტერვიუშიც. ბარამიძე აცხადებს: ”არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო ზურას ოჯახის წევრების ნათქვამზე, რომელიც ხშირად პოლიტიკური განცხადების სახეს იღებს. ჩვენ ყველა ზურას გულშემატკივრები და ჭირისუფლები ვართ. ძმას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება. სანამ გამოძიება მიდის, ნაადრევია გადაჭრით რაიმეს თქმა”, - აცხადებს ბარამიძე და დასძენს: ”კარგად მესმის მათი, რომელთათვისაც მიუღებელია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გაზით გაგუდვა. ემოციურად მეც მათი თანამოაზრე ვარ, მაგრამ ფაქტებით უნდა ვიმსჯელოთ. ხელს ვერავის დავადებთ, მკვლელი ხარო (რაც ხშირად ხდება). ნათქვამია, დანაშაულის ჩამდენმა ერთი ცოდვა ქნა, დამბრალებელმა - ათიო”, - გიორგი ბარამიძესთან ინტერვიუს ”კვირის პალიტრა” აქვეყნებს.

”ასავალ-დასავალი” კი მკითხველს სთავაზობს საგაზეთო პრემიერას გოგა ხაინდრავას მიერ ზურაბ ჟვანიაზე გადაღებული ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმისა - ”აღსარებანი”. ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან, რომელიც ჰყვება, როგორ ჩაწერა ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ზურაბ ჟვანიასთან სამსაათნახევრიანი ინტერვიუ, სადაც ის საქართველოს ისტორიის ბოლო ათწლეულს აფასებს. ახალი ფილმის ხანგრძლივობა საათი და ათი წუთია. ვრცელ ინტერვიუში ხაინდრავა დიდ სიმპათიას გამოხატავს ზურაბ ჟვანიას მიმართ, დასასრულს კი დასძენს: ”არ მინდა ზურას გაიდეალება. იგი საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო. მის მიმართ არსებობდა ბევრი პრეტენზია. მთავარი შეკითხვა იყო - რატომ ედგა გვერდით ედუარდ შევარდნაძეს, ვერ ხვდებოდა, რას წარმოადგენდა ის და მისი გუნდი? ამ შეკითხვაზე ზურას თავისი ახსნა-განმარტება აქვს (რაც ფილმში ჩანს) და რომ არა მისი ასეთი პოზიცია, მე ამ ფილმს ვერ გავაკეთებდი”, - ამბობს გოგა ხაინდრავა ”ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში და იქვე შენიშნავს, მიხეილ სააკაშვილის სურვილი რომ ყოფილიყო, ჟვანიას გარდაცვალების საქმე დღეს გახსნილი იქნებოდაო.

დღევანდელ პრესაში საკმაოდ აქტიურად იხილება - არის თუ არა გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი. ამ თემაზე გურამ შარაძის პირად იურისტ ნინო ნიშნიანიძესთან ინტერვიუებს აქვეყნებენ ”ასავალ-დასავალი” და ”კვირის ქრონიკა”. ”კვირის ქრონიკა” მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს გურამ შარაძის შვილ რუსუდან შარაძესთანაც, რომელიც, თვითმხილველის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაზეთს სავარაუდო მკვლელის აღწერილობას აცნობს: ”მაღალი, ოდნავ შემელოტებული, ქერა და არა - ღია ფერის, უწვერო, ეცვა ჯინსის ქურთუკი და ასეთივე ჯინსის შარვალი. აი, ასე გამოიყურება მამაჩემის ნამდვილი მკვლელი. ამ ფაქტს, ”ალდაგის” თანამშრომლის გარდა, სხვა თვითმხილველებიც ჰყავს”, - ამბობს რუსუდან შარაძე ”კვირის ქრონიკის” კორესპონდენტთან საუბარში.




XS
SM
MD
LG