Accessibility links

logo-print

როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო


ამ ბოლო დროს როგორც საქართველოს ხელისუფლება ასევე საერთაშორისო ექსპერტები ბევრს საუბრობენ საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესახებ.

ასეთი განცხადებების საფუძველი კი ბიზნეს
გარემოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება და გადასახადების, ნებართვებისა და ლიცენზიების შემცირებაა. შედეგად, წელს საქართველოში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მოელიან. ალბათ, საინტერესო უნდა იყოს როგორ ასახვას პოვებს შეცვლილი საინვესტიციო გარემო საქართველოს ეკონომიკაზე.

12 ივნისს საქართველოს ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესმენთა 15 კაციანი დელეგაცია. მათი საქართველოში ჩამოყვანა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორგანიზებულია და, შესაბამისად, ბიზნესმენები საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ ვითარებას გაეცნობიან, შემდგომში ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელების მიზნით.

ასევე ამ დღეებში შედგება საქართველოში ვიზიტი მსოფლიოში ცნობილი კორპორაციის, ”სონის”, წარმომადგენლებისა, რომლებიც ფოთის პორტის სატრანზიტო პოტენციალით არიან დაინტერესებულნი.

ეს, რაც შეეხება მომავალ დღეებს, თორემ გასულ დღეებში საქართველოში უამრავი საქმიანი გარიგება დაიდო უცხოური ინვესტიციის განხორციელების შესახებ. ერთ-ერთი უკანასკნელი სასტუმრო შერეტონ მეტეხი პალასის 67 მილიონ აშშ დოლარად გაყიდვის ფაქტი იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის დევიდ ოუენის აზრით, გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემო კარგ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე:

[დევიდ ოუენის ხმა] ”ხაზი მინდა გავუსვა საქართველოს. ბოლო 4 წლის განმავლობაში აქ ზრდა იყო 9 პროცენტი და წელს მოსალოდნელია 10 პროცენტით ზრდა, თუ მეტი არა. ეს მონაცემი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ მოვლენების ფონზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში, კერძოდ, იგულისხმება რუსეთის სავაჭრო ემბარგო.”

ეკონომიკის ზრდას აღიარებს, თუმცა ამ ზრდის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”მისასალმებელია, მაგრამ თვითონ ბაზა ეკონომიკური ზრდის არის ძალიან პატარა...”

ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, ნიკო ორველაშვილი კი, საქართველოში საინვესტიციო გარემოს რეალური გაუმჯობესებისთვის აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო რეფორმის განხორციელებას.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ათი კომპონენტით ფასდება ხოლმე, როგორც წესი, გარემოს მიმზიდველობა. პირველი, როგორც წესი, გახლავთ საკუთრების უფლების დაცულობის ხარისხი, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლოს არსებობას.”

საკუთრების უფლების დაცულობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას ერთმანეთთან არ აკავშირებს ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი, რომლის აზრითაც, ინვესტიციის დასაბანდებლად ბიზნესმენები ყველაზე დიდ ყურადღებას სტაბილურ გარემოს აქცევენ. მაგალითისათვის მას სწორედ ორიოდე დღის წინ გაყიდული მეტეხი პალასი მოჰყავს, რომელიც, 90 მილიონ დოლარიანი ავსტრიული ინვესტიციიით, ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში აშენდა.

მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ექსპერტთა მოსაზრებები, სტატისტიკა საქართველოში ინვესტიციების არნახულ ზრდაზე მიუთითებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდს კი დღემდე განხორციელებული ინვესტიციების ერთფეროვნება აწუხებს. უცხოური ინვესტიციების დიდი წილი ცენტრალურ აზიაზე, კერძოდ კი, ყაზახეთზე მოდის. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორიოდე დღის წინ სანკტ-პეტერბურგის სამიტზე საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად კიდევ ერთი შუააზიური სახელმწიფო, თურქმენეთი, მიიპატიჟა.
XS
SM
MD
LG