Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ატაშეების ასოციაციის ორი მისია საქართველოში


საქართველოში აღარავის უკვირს სამხედრო ხასიათის ღონისძიებებზე საზღვარგარეთის სამხედრო ატაშეების სიმრავლე.

რაც უფრო ძლიერდება საქართველოს სამხედრო პოტენციალი და კავშირები დასავლეთის ქვეყნებთან, მით უფრო მეტ სახელმწიფოს უჩნდება სურვილი ფლობდეს გადამოწმებულ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სისტემის შესახებ. თუმცა უცხოელი სამხედრო ატაშეები საქართველოში მხოლოდ ინფორმაციის მიღებით როდი არიან დაკავებულნი. ივნისის დასაწყისში სამხედრო ატაშეების ასოციაციამ, რომელიც 24 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს, საქველმოქმედო პრეზენტაცია მოაწყო. სამხედრო ატაშეთა ამ ორი მისიის შესახებ მე ასოციაციის საპატიო თავმჯდომარეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ რაინჰარდ რიდელს ვესაუბრე.


თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ საქართველო არ არის გამონაკლისი, სადაც სამხედრო ატაშეთა ასოციაცია არსებობს. ასეთი ფორმალური გაერთიანება იქმნებოდა აღმოსავლეთ ევროპის ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვოდა. 2 წლის წინ საქართველოში შექმნილი ასოციაციის მიზანია, მიიღოს ინფორმაცია ლეგალური წყაროებიდან და საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას მიაწოდოს გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. სამხედრო ატაშეთა ასოციაციას საქართველოში ხელმძღვანელობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი რაინერ რიდელი, რომელიც კოლეგებს შორის ყველაზე სტაჟიანი სამხედროა. სამხედრო ატაშეები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქათველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რომელიც მათთვის დროგამოშვებით ეგრეთ წოდებულ ღია კარის დღეებს აწყობს. რაინჰარდ რიდელის თქმით, ბოლო ხანს შთაბეჭდილება სულ უფრო დადებითია, რაც მის მიერ ბერლინში გაგზავნილ ინფორმაციებშიც აისახება:

[რაინჰარდ რიდელის ხმა] ”რა თქმა უნდა, ჩემთვის საიდუმლოა, თუ რა წერია სხვა სამხედრო ატაშეების მოხსენებაში, მაგრამ ჩემს მოხსენებაში საიდუმლო არაფერი არ არის. მე ვუყვები გერმანიის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სამხედრო სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. უკვე ორწელიწად-ნახევარია საქართველოში ვარ და ძალიან სასიამოვნო აღსანიშნავია ის, რომ საქართველოში მხოლოდ პოზიტიური ძვრები აღინიშნება თავდაცვის სფეროში და განვითარების ხაზი დადებითია.”

ლეგალური წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვების გარდა, სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან უშუალოდ თანამშრომლობენ ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ღონისძიებების განსახორციელებლად. ცხადია, ამ შემთხვევაში უფრო მეტი სამუშაო აქვთ ნატოს წევრი სახელმწიფოების ატაშეებს, რომლებთან მჭიდრო ურთიერთობაც საქართველოს ევროატლანტიკური მიზნების რეალიზებაში ეხმარება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ამ მხრივ საქმე ბევრი აქვს, რადგან საქართველოსთვის ბუნდესვერი წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს.

[რაინჰარდ რიდელის ხმა] ”დღესდღეობით მიმდინარეობს საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებისა და მათი მატერიალური უზრუნველყოფის პროგრამა. ყოველწლიურად გერმანიის სამხედრო სასწავლებლებში 15 პირი იღებს სამხედრო განათლებას. ეს არიან სხვადასხვა სპეციალობისა და რანგის ოფიცრები. წელიწადში ერთხელ კი ერთ-ერთი რომელიმე ქართველი ოფიცერი იღებს კომპლექსურ განათლებას გერმანიის გენერალური შტაბის აკადემიაში.”

ცალკე აღსანიშნავია გერმანიის სამხედრო დახმარება კოსოვოში, ქალაქ პრეზრენში, განლაგებული ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფისათვის, რომლის ერთთვიან მომზადებას და ადგილზე ოპერატიულ უზრუნველყოფას ასევე გერმანია ახორციელებს. სხვათა შორის, გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში რაინჰარდ რიდელი ბალკანეთზე, კოსოვოში, სწორედ მაშინ იმყოფებოდა, როდესაც იქ ეთნიკური შუღლის ნიადაგზე მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები იღუპებოდნენ. საქართველოში მყოფი გერმანელი სამხედრო დიპლომატი აქ საქველმოქმედო ღონისძიებებსაც ატარებს და მასზე საკუთარ კოლეგებსაც ეპატიჟება ხოლმე.

[რაინჰარდ რიდელის ხმა] ”სამწუხაროდ, საქართველოში არ არის საჭირო ბევრი ეძებო ის ბავშვები, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. და ჩვენ ამ წუთისათვის ვეხმარებით 5 ბავშვს, რომლებიც აღვჭურვეთ სასმენი აპარატებით და ამით მათ შეუძლიათ სკოლაში სიარული და ნორმალური განვითარება.”

ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი რაინჰარდ რიდელი, რომელიც საქართველოში არსებულ სამხედრო ატაშეთა ასოციაციის თავმჯდომარეა. ამ ასოციაციაში, ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო წარმომადგენლების გარდა, შედიან უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთისა და ირანის სამხედრო ატაშეებიც. რუსეთი ასოციაციაში წარმოდგენილი არ არის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს ჩრდილოეთის მეზობელი არ ჩქარობს თბილისში საკუთარი ატაშეს გამოგზავნას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG