Accessibility links

logo-print

ვენაში დაიწყო კონფერენცია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების საკითხებზე


ვენაში დაიწყო 4-დღიანი კონფერენცია, რომელზეც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაზე მსჯელობენ.

საქმე ეხება ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს, რა რაოდენობით შეიძლება იყოს განთავსებული ევროპის კონტინენტზე კონვენციური, ანუ ჩვეულებრივი სამხედრო აღჭურვილობა, როგორიცაა, მაგალითად, ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავები.

ვენაში დაწყებული შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს, საგანგებოა და იმართება რუსეთის მოთხოვნით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა შეწყვეტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

პრეზიდენტ პუტინის განცხადებამ, რომელიც მან 26 აპრილს გააკეთა, საყოველთაო ყურადღება მიიპყრო: [პუტინის ხმა] “ნატოს ისეთი ახალი ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, სლოვაკეთი, ან ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ალიანსთან წინასწარი შეთანხმებების მიუხედავად, საერთოდ არ არიან მიერთებული ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებასთან, რაც ჩვენთვის ქმნის მოულოდნელი სიურპრიზების რეალურ სარფთხეებს. ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიმაჩნია მორატორიუმის გამოცხადება რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულების შესრულებაზე - ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ის ნატოს უკლებლივ ყველა წევრ ქვეყანაში იქნება რატიფიცირებული”.

მაგრამ პუტინის ამ განცხადების შემდეგ რუსეთმა პოზიცია შეარბილა. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვენის კონფერენციაზე, ანატოლი ანტონოვმა საინფორმაციო სააგენტო “როიტერსს” უთხრა, რომ მოსკოვს მორატორიუმი კი არ გამოუცხადებია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაზე, არამედ ამ ხელშეკრულების შესრულების შეჩერებაზე ლაპარაკობს.

ახლა ისევ თვით ხელშეკრულებაზე - ის 1990 წელს არის ხელმოწერილი და ლიმიტს აწესებს არა-ბირთვულ მძიმე იარაღზე, რომელიც განთავსებულია ტერიტორიაზე ატლანტის ოკეანის ნაპირიდან ურალამდე. 1999 წელს სტამბულში გამართულ კონფერენციაზე ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა - მასთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერთებასთან დაკავშირებით. მაგრამ აშშ და ნატოს სხვა წევრები უარს ამბობენ ხელშეკრულების ახალი ვარიანტის რატიფიცირებაზე, ვიდრე რუსეთს ჯარები არ გაუყვანია მოლდავეთიდან და საქართველოდან. საქართველოს შემთვხევაში რუსული ბაზების გაყვანის პროცესი, გეგმის მიხედვით, მომამავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ნატოს პოზიციით რუსეთის გაღიზიანებას ამწვავებს აშშ-ის გეგმა, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსებას ითვალისწინებს. მოსკოვი კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა აპრილში განაცხადა, რუსეთის მხარე ვერ ხედავს ვერანაირ არგუმენტს ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების სასარგებლოდ.

გასულ კვირაში გერმანიაში “დიდი რვიანის” სამიტზე პუტინმა ამერიკელ კოლეგას შესთავაზა აზერბაიჯანში განთავსებული სარადარო სადგურით ერთად სარგებლობა შესაძლო სარაკეტო იერიშების მოსაგერიებლად. როგორც ვენაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით გაირკვა, კონფერენციაზე არ აპირებენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ამ წინადადების განხილვას. [ანატოლი ანტონოვის ხმა] “რაიმე ვადა არ დაწესებულა, გამოითქვა წინადადება. ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატები მას ძალიან მალე განიხილავს და ვიმედოვნებთ, რომ განვაგრძობთ კონსულტაციებს ექსპერტთა დონეზე. და იმედი მაქვს, რომ იქნება გარკვეული იდეები რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების მოახლოებულ სამიტამდე”.
XS
SM
MD
LG