Accessibility links

სტიქიური უბედურება საქართველოს რეგიონებში


კლიმატური ცვლილებების წყალობით, მთელ მსოფლიოში გახშირდა წყალდიდობები, ქარიშხლები და სხვა სახის სტიქიური უბედურებები.

ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. 12 ივნისს გამთენიისას მოსულმა ძლიერმა წვიმამ ონის რაიონში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა რაიონი გარესამყაროს მოსწყვიტა. ონთან დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი ორ ადგილას დაზიანდა და, როგორც საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, მის აღდგენას, სულ ცოტა, ორი დღე-ღამე მაინც დასჭირდება. ერთი ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას ლეჩხუმში. ძლიერი წვიმების შედეგად მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა 50 წლის მამაკაცი მოიყოლა. 12 ივნისს სტიქია ასევე მძვინვარებდა თელავის რაიონშიც, სადაც წყალდიდობას ძლიერი ქარიშხალიც დაერთო. რამდენიმე წუთის განმავლობაში ქარბორბალამ მოგლიჯა ხეები, ახადა სახლებს სახურავები, დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები და გაანადგურა ნათესები.

ზაფხულობით, ძლიერი წვიმების დროს, კახელი გლეხების ნათესებსა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს, ძირითადად, ადიდებული მდინარეები უქმნიან, თუმცა 12 ივნისს, გამთენიისას, თელაველებს სულ სხვა სახის სტიქიამ შეუტია:

[მამაკაცის ხმა] „ქარი წამოვიდა და ახადა სახურავები სახლებს. კედლები დაანგრია, ხეები დათხარა და ჰაერში აიტაცა...“

ერთი დღით ადრე კი ძლიერმა წვიმამ პანკისის ხეობისა და ლაგოდეხის რაიონის სოფლებიც დააზიანა, თუმცა მოსახლეობა ყველაზე მეტად სწორედ რომ მოულოდნელად გაჩენილმა ქარბორბალამ დააფრთხო. შესაძლებელია თუ არა ქარბორბალას პროგნოზირება? გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სვეტლანა ნიორაძე ამბობს, რომ ამ სახის მეტეომოვლენის პროგნოზირება რთულზე რთული საქმეა:

[სვეტლანა ნიორაძის ხმა] „ანომალია არ არის. უბრალოდ, ადგილობრივი მოვლენაა. უცბად დავარდება წნევა, გარშემო კი მაღალი წნევაა... ადგილი აქვს ტემპერატურათა კონტრასტებს... ძალიან რთული მოვლენაა ქარბორბალა და, შესაბამისად, ძალიან რთულად პროგნოზირებადია. მსოფლიო მეტეოცენტრებში შეიძლება ხდება კიდევ მისი პროგნოზირება, მაგრამ, როგორც წესი, 24 საათით ადრე მისი პროგნოზირება შეუძლებელია.“

სვეტლანა ნიორაძის თქმით, სამაგიეროდ, შესაძლებელია წვიმის მაღალი ალბათობით პროგნოზირება. თუმცა, ამის მიუხედავად, 12 ივნისს, გამთენიისას მოსულმა ძლიერმა წვიმამ კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მხარეებს მაინც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ოთარ სირაძის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, კომენტარი:

[ოთარ სირაძის ხმა] „ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში დაიტბორა 6 ოჯახი. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა იმდენად მასშტაბურია ზარალი, რომ გზის აღდგენა სამი დღის განმავლობაში თუ მოხერხდება.“

ოთარ სირაძის მსგავსად, გზების მდგომარეობით შეშფოთებულია საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი წერეთელს იმ დროს დავურეკეთ, როცა იგი სტიქიისგან დაზარალებული რაიონებიდან დედაქალაქში ბრუნდებოდა.

[გიორგი წერეთლის ხმა] „დაზიანებულია ამბროლაური-ონის მონაკვეთზე, სოფელ სორსა და შარდმეთს შორის, ორი მონაკვეთი. ერთგან სწრაფად აღდგება, მაგრამ მეორე ადგილზე წარეცხილია მიწა, ამიტომ იქ სერიოზული საინჟინრო ნაგებობა დასჭირდება. გზის გახსნას ხვალ საღამოსათვის ვგეგმავთ.“

გიორგი წერეთლის თქმით, ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა. სპეციალისტების განმარტებით, მეწყერის წარმოშობას თავად ადამიანები უწყობენ ხელს. პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ხე-ტყის უკონტროლო ჭრა სტიქიურ უბუდურებათა მასშტაბებს ერთიორად ზრდის:

[ნოდარ ელიზბარაშვილის ხმა] „ეს წვიმები ადრეც მოდიოდა, მაგრამ ბუნება მზად იყო შეხვედროდა და გაეკეთებინა თვითრეგულირება. ახლა რომ გახვიდეთ და ნებისმიერი ხეობა ნახოთ, არის კატასტროფული სიტუაცია: გზის პირას არის ტყე, შეხვალ, 20 მეტრს გაივლი და ტყე აღარ არსებობს.“

ასეთ გარემოში მცხოვრებ ადამიანებს კი ისღა დარჩენიათ, რომ კარგი ამინდის იმედად იყვნენ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სვეტლანა ნიორაძე ამბობს, რომ გამოდარებამდე ორი დღე-ღამეა დარჩენილი:

[სვეტლანა ნიორაძის ხმა] „ჩვენ ამაღამ ისევ ველოდებით წვიმებს საქართველოს უმეტეს რაიონებში. აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლოა, ძლიერი წვიმაც მოვიდეს, მაგრამ ხვალიდან უკვე გამოიდარებს. თუმცა ცალკეულ რაიონებში შეიძლება დარჩეს ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 14 ივნისიდან კი მთელ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.“
XS
SM
MD
LG