Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა


12 ივნისს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (”ბისეკის”) გენერალური ასამბლეის სხდომა გაიხსნა.

მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გაემგზავრა. შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლეს ფორუმზე ამ ორგანიზაციის სამომავლო განვითარების გეგმებს განიხილავენ. ასამბლეა 13 ივნისს დასრულდება და ამის შემდეგ, 6 თვის მანძილზე, ”ბისეკის” მორიგე თავმჯდომარე, ბულგარეთის ნაცვლად, საქართველო იქნება.

საქართველოს შავი ზღვის რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოსთან, რუსეთის გარდა, ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული, ზოგიერთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიც კი მოქმედებს. სხვაგვარად იყო 1992 წელს, მაშინ, როდესაც ”ბისეკის” შექმნა გადაწყდა. თავდაპირველად შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი შეიქმნა. მასში საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, მოლდავეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და კიდევ რამდენიმე შავიზღვისპირა სახელმწიფო გაერთიანდა. შემდეგ ეს ფორუმი ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. იმ პერიოდს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იხსენებს:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”საქართველოს ინტერესი იყო იმ იზოლაციის გარღვევა, რომელშიც იმ პერიოდში საქართველო იყო აღმოჩენილი. რეალურად საქართველოში კანონიერი ხელისუფლება არ არსებობდა. ამ მძიმე მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად იყო იზოლირებული, ეს იყო, უდავოდ, გარღვევა საერთაშორისო და ჩვენს პირობებში მყოფი ყველა ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ამ ფორმატში ჩართვა.”(სტილი დაცულია)

ამ ფორმატში ჩართვამ, საერთაშორისო ტრიბუნის გარდა, საქართველოსა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ახალი ეკონომიკური პროექტების რეალიზების საშუალებაც მისცა ”ბისეკის” განვითარების ბანკის მეშვეობით. ირაკლი მენაღარიშვილი ”ბისეკის” ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე განსაკუთრებით გამოყოფს სატელეკომუნიკაციო და სატრანსპორტო პროექტებს:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ” უკვე დღის წესრიგში დგება, ჩნდება სულ უფრო და უფრო, შავი ზღვის წრიული ავტოსტრადის შესახებ...
...ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ”ბისეკი” არის საკმარისად მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც იყენებს თავის პოტენციალს.”(სტილი დაცულია)

საინტერესოა რა პოტენციალი შეიძლება გააჩნდეს ”ბისეკს” მაშინ, როდესაც საქართველოს რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანასთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა აქვს, საქართველოს საექსპორტო პროდუქცია შავი ზღვისპირა დიდ ქვეყნებში ”ჯი-ეს-პი პლუს” შეღავათიანი რეჟიმით ან თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობით სარგებლობს და როცა საქართველო ნატოს წევრობის რეალური კანდიდატი ხდება. ირაკლი მენაღარიშვილის კომენტარი:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება წამყვანი გლობალური მოთამაშეებისთვის. ვფიქრობ, სწორედ მათი დაინტერესება გახდება საფუძველი იმისა, რომ ”ბისეკი” უფრო აქტიური იქნება ახლო მომავალში. მით უმეტეს, რომ უკანასკნელ პერიოდში მისი საქმიანობის დღის წესრიგში პოლიტიკური საქმიანობის საკითხებიც გამოიკვეთა.”(სტილი დაცულია)

ამის მაგალითად გამოდგება ევროკავშირის დაინტერესება ”ბისეკთან”, როგორც რეგიონალურ ორგანიზაციასთან, თანამშრომლობით. შავი ზღვის სინერგია, ასე ჰქვია ევროკავშირის ახალ ინიციატივას, რომელიც ამ ერთი თვის წინ გამოქვეყნდა. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, ”ბისეკი”, ”სუამის” ორგანიზაციის მსგავსად, ახლო მომავალში კვლავ ახალ მნიშვნელობას შეიძენს.
XS
SM
MD
LG