Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობს თუ არა ესკალაციის საფრთხე გალის რაიონში


საქართველოს ცენტრალურ და თვითაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის წელიწადზე მეტია შეწყვეტილია ყოველგვარი დიალოგი.

შესაბამისად, ისედაც მყიფე მშვიდობა ამ ტერიტორიაზე სულ უფრო მეტად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სოხუმში, რომელიც კოდორის ხეობიდან ქართული უსაფრთხოების ძალებისა და ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების გაყვანას ითხოვს, შიშობენ, რომ კოდორის მსგავსი მოვლენები, შესაძლოა, გალის რაიონშიც განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება გალში რაიმე სპეციალური ოპერაციის ჩატარებას არ გეგმავს, ისტორიულ სამურზაყანოში სიტუაციის ესკალაცია, შესაძლოა, რამდენიმე სოციალურმა და ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა სტიქიურად გამოიწვიოს.

საქართველოს ხელისუფლება სულ მალე კოდორის ხეობაში პატრიოტულა ბანაკს გახსნის, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩაიყვანს სკოლის მოსწავლეებს. საინფორმაციო სტრატეგიის გათვლა მკაფიო და ნათელია: მომავალი თაობა, აფხაზებიც და ქართველებიც, უნდა დარწმუნდნენ, რომ ზემო აფხაზეთში, სადაც ცენტრალური ხელისუფლების გავლენა და კონსტიტუციური წესრიგი წლების განმავლობაში თითქმის არ არსებობდა, დაიწყო აღმშენებლობა და უფრო ბევრი რამ გაკეთდა, ვიდრე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მთელი 14 წლის განმავლობაში.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”დანარჩენმა აფხაზეთმა დაინახოს, რომ ის, რაც მათ ვერ გააკეთეს ომის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილზე გააკეთა ერთ თვეში. ეს იქნება გაკვეთილი ყველასათვის, მათ შორის, სეპარატისტებისა და მათი მფარველებისთვის.”

სეპარატისტებმა და მათმა მფარველებმა ”გაკვეთილიდან” თავისებური დასკვნა გამოიტანეს: 12 მარტის ღამეს ზემო აფხაზეთი დაიბომბა, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რუსული და აფხაზური ავიაციის მიერ. დაზიანდა ლეგიტიმური ხელისუფლების ადმინისტრაცია და პოლიციის ქვეგანყოფილება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას სამშენებლო პროექტები არ შეუჩერებია. მეტიც, ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკი გაიხსნა სოფელ განმუხურში, რომელიც ენგურს იქით, ანაკლიასთან მდებარეობს, თუმცა ადმინისტრაციულად ზუგდიდის რაიონს ეკუთვნის.

სოხუმს ეს ფაქტი მოსვენებას უკარგავს. აფხაზეთის პრეზიდენტი ბაღაფში დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გალში იმასვე გაიმეორებს, რაც გააკეთა კოდორის ხეობაში. ამის შესახებ 11 ივნისს რამდენიმე საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა დე ფაქტო ხელისუფლების მიმართვა. ცხადია, ამას მოჰყვა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების საპასუხო განცხადება, რომ პროვოკაციას სწორედ სოხუმი გეგმავს, რისთვისაც სოფელ პრიმორსკში სამხედრო ბაზაც შენდება.

მაგრამ პოლიტიკური ქცევის სტერეოტიპის გარდა, არსებობს საშიში სოციალური ასპექტიც. გალის რაიონში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ქართველმა სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ იქ ე.წ. აფხაზეთის არჩევნების ჩაშლა სცადეს. ამ ფონზე, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის განმუხურის პატრიოტული ბანაკის ამოქმედება, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისს გახსნა. ცხადია, ამ ბანაკში ”პატრიოტულ დასვენებას” დაექვემდებარებიან გალის რაიონიდან გადასული ქართველი ბავშვები, რომლებმაც, შესაძლოა, მძლავრი ქართული ვირუსი შეიტანონ ტერიტორიაზე, სადაც, სხვდასხვა მასშტაბით, მთელი 14 წლის განმავლობაში აქვს ადგილი ფარულ თუ აშკარა ანტისეპარატისტულ მოძრაობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG