Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება დეპორტირებული მესხების რეპატრიაციას იწყებს


1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მესხების სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1999 წელს აიღო,

თუმცა პარლამენტი მხოლოდ ახლა, ვალდებულების აღებიდან რვა წლის შემდეგ, განიხილავს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც, ხელისუფლების მტკიცებით, ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგეს. კანონპროექტი, რომლის სრული დასახელებაა „საბჭოთა კავშირის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”, განსაზღვრავს განაცხადის წარდგენის წესსა და იმ დოკუმენტთა ნუსხას, რომელთა გარეშეც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მსურველი პირი ვერ მიიღებს რეპატრიანტის სტატუსს. რა სჭირდებათ დეპორტირებულ მესხებს საქართველოში დასაბრუნებლად და რატომ ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია რეპატრიაციის პროცესს?

63 წლის წინ საბჭოთა კავშირის თავდაცვის კომიტეტის მიერ საქართველოდან იძულებით გასახლებული ადამიანების შთამომავლები ამჟამად რვა ქვეყანაში - ყირგიზეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. მათი სამშობლოში დაბრუნება ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე აიღო. რეპატრიაციის პროცესის დაწყებას ელოდება საზოგადოება „ვათანის“ პრეზიდენტი სულეიმან ბარბაქაძე:

[სულეიმან ბარბაქაძის ხმა] „ერთი რამ ვიცი: ადამიანს შეუძლია იცხოვროს ნებისმიერ ადგილას, იმუშაოს და გამდიდრდეს კიდეც, მაგრამ სამშობლოს გარეშე მაინც არარაობად დარჩება. სამაგალითოდ თუნდაც ჩვენი ბედი გამოდგება: ჩემი თანამემამულეები სამართლიანი შრომით შოულობენ ლუკმაპურს და ირჩენენ თავს, მაგრამ, ამის მიუხედავად, უამრავი დამცირებისა და ტანჯვის ატანა უწევთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მუდმივად სტუმრის როლში ვერ ვიქნებით, რომ დროულად უნდა დავბრუნდეთ შინ. ამიტომ ჩემთვის სამშობლო ყველაფერია. სამშობლოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.“

იმას, ვისაც სამშობლოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, უდავოდ გაახარებს კანოპროექტი „საბჭოთა კავშირის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში აპირებს. პავლე კუბლაშვილი, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებამდე დეპორტირებულთა შთამომავლებმა რეპატრიანტის სტატუსი უნდა მიიღონ. ამისთვის კი საჭიროა: გადასახლების დამადასტურებელი საბუთი, პირადობისა და მუდმივი ბინადრობის დოკუმენტი, ცნობა ნასამართლობის შესახებ, ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი და ცნობა ჯანმრთელობის შესახებ:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ასეთი დოკუმენტების და განაცხადის წარდგენის უფლება სტატუსის მაძიებელ პირს ექნება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2009 წლის პირველ იანვრამდე. წარდგენა უნდა მოხდეს საქართველოს საკონსულოებში, ასევე შეიძლება მიმართონ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. ამის შემდეგ საკითხს განიხილავს სხვადასხვა უწყება (შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო), რათა რეპატრიანტის სტატუსი შემთხვევით პირს არ მიენიჭოს.“

რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებისა და ზოგადად რეპატრიაციის პროცესის წინააღმდეგ გამოდის ფრაქცია ”კონსერვატორები”. დეპუტატი ზვიად ძიძიგური იმ საფრთხის შესახებ ლაპარაკობს, რომელსაც, მისი აზრით, ასობით ათასი ადამიანის ჩამოსახლება შეუქმნის საქართველოს.

და მართლაც, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ და რეპატრიანტის სტატუსის მიღებას შეეცდებიან? სულეიმან ბარბაქაძე ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა არც ისე მცირეა:

[სულიემან ბარბაქაძის ხმა] „მთლიანობაში, არ მეგულება ადამიანი, სამშობლო რომ არ უყვარდეს. დიახ, გვიყვარდა ჩვენი სამშობლო, ჩვენი მეზობლები, ჩვენი ძმები და მომავალშიც ასე იქნება: კიდევაც გვეყვარება ერთმანეთი და ერთადაც ვიცხოვრებთ.“

იმისათვის, რომ ერთად იცხოვრონ და საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ, დეპორტირებული მესხების შთამომავლებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერია განმარტავს:

[გიგა ბოკერიას ხმა] „ყველა ახალგაზრდა, ვინც ჩამოვა, იგივე პროცედურა უნდა გაიაროს, რაც ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაშია მოქალაქეობის მისაღებად საჭირო: ენის ცოდნა, კონსტიტუციისა და ისტორიის ცოდნა იქნება ერთ-ერთი ტესტი, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს შერჩევის პროცესში.“

გიგა ბოკერიას თქმით, ტესტების ჩაბარება არ მოუწევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ დეპორტაცია. სულ, ოფიციალური ინფორმაციით, 63 წლის წინ საქართველო იძულებით 86 ათასმა ადამიანმა დატოვა. ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ რეპატრიაციის შესახებ კანონი 2011 წლამდე უნდა მიიღოს, თუმცა, პავლე კუბლაშვილის თქმით, სხვა სახის ვალდებულებისგან საქართველო თავისუფალია:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „არანაირ ქონებრივ ვალდებულებას ჩვენი სახელმწიფო ამ კანონპროექტით არ იღებს. ჩვენ არ ვიღებთ ვალდებულებას უზრუნველვყოთ საცხოვრებელი ბინით ესა თუ ის პირი, არ ვიღებთ ვალდებულებას გავცეთ ფინანსური კომპენსაცია იმ პირზე, ვისაც მიენიჭება რეპატრიანტის სტატუსი.“
XS
SM
MD
LG