Accessibility links

logo-print

შეიცვალა თუ არა საქართველოს პოზიცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების საკითხთან დაკავშირებით


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია არ შეცვლილა,

- ნათქვამია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ეს განცხადება პასუხია რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებისა, თითქოს საქართველოს პოზიცია შეიცვალა და ის აღარ ეწინააღმდეგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღებას. რა გახდა ასეთი ცნობების საფუძველი და მართლაც უცვლელი რჩება თუ არა საქართველოს პოზიცია?

სანკტ-პეტერბურგში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ ექსპერტები როგორც რუსეთში ასევე საქართველოში ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების თანდათანობით მოგვარებას ვარაუდობენ. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველო უკვე აღარ ეწინააღმდეგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, თბილისში კი ვარაუდობენ, რომ საქართველოს პოზიცია შეიძლება დასავლეთის ზეგავლენით შეიცვალოს. ჰოლდინგ ”ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის” ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის კომენტარი:

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] ”რუსეთი დასავლეთისთვის საკმაოდ დიდი ბაზარია. ამიტომ ამ ინტერესების გაცვლა შეიძლება მოხდეს...დათმობა გაკეთდება იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი ჩაერევა და რჩევას მისცემს საქართველოს მთავრობას, რომ ეს ასე განახორციელოს.” (სტილი დაცულია)

ექსპერტების აზრით, რუსეთი ცდილობს დასავლეთს დაანახვოს, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ამის სადემონსტრაციოდ, 11 ივნისს, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და მას ბრალი დასდო დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებაში. პუტინი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ალტერნატივის შექმნის იდეითაც კი გამოვიდა.

რუს პოლიტიკოსებს მანამდეც არაერთხელ განუცხადებიათ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღებით უფრო მეტად დაინტერესებული ამ ორგანიზაციის წევრები უნდა იყვნენო.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პოზიცია ჯერჯერობით უცვლელია. თბილისი არ აპირებს მხარი დაუჭიროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლას, სანამ მოსკოვი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს და ლეგალურ სტატუსს არ მიანიჭებს როკისა და ფსოუს საბაჟო გამშვებ პუნქტებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კომენტარი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”გამშვები პუნქტების საკითხი, ანუ ლეგიტიმაცია ვაჭრობისა ორ ქვეყანას შორის, იქნება ერთადერთი პირობა ჩვენი რუსეთის გაწევრიანების გზაზე.”(სტილი დაცულია)

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს თამარ კოვზირიძეს მოვუსმინოთ:

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”რუსეთმა დღეს აღიარა ის ფაქტი, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტები ფუნქციონირებენ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე.”

მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასა და არალეგალური საბაჟო პუნქტების არსებობას ერთმანეთს არ უკავშირებს. მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მაქსიმ მედვედკოვის პოზიციას შეგახსენებთ:

[მაქსიმ მედვედკოვის ხმა] ”რუსეთის მხარე თვლის და ჩვენი ექსპერტიზაც ამას აჩვენებს, რომ ეს ორი სხვადასხვა საკითხია და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის იურისპრუდენცია არ ეხება საბაჟო პუნქტების არსებობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, გავცვლით მოსაზრებებს წერილობით და თვე-ნახევარში ერთმანეთს ისევ შევხვდებით.”

14 ივნისს კი თბილისს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი ეწვევა. მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების პრობლემატიკის გარდა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისადმი საქართველოს მხარდაჭერის საკითხიც იქნება.
XS
SM
MD
LG