Accessibility links

”ნულოვანი ტოლერანტობა” სიტყვიერ პროტესტს


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა ”თანასწორობის ინსტიტუტის” სამ წევრს,



რომლებიც გენერალური პროკურატურის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ. სიტყვიერი პროტესტის გამო ადმინისტრაციული პატიმრობის ფორმის მოხშირებული გამოყენება საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს აფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ”ნულოვანი ტოლერანტობა” სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებსა და ოპონენტებსაც გამოუცხადა. ასეა თუ არა ეს სინამდვილეში?

არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის ინსტიტუტის” სამი წევრი - დავით დალაქიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთ თვეს წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებენ იმის გამო, რომ ისინი, ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავდნენ გენერალური პროკურატურის წინ და წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს. ამჯერად დაპატიმრება ასცდა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრ ლაშა ჩხარტიშვილს, რომელსაც ორჯერ აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა მოხდილი შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში.

[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა] ”ის იზოლატორი, რომელსაც, როგორც წესი, იყენებენ ჩვენი პატიმრობის მოსახდელად, განთავსებულია პოლიციის ქალაქის სამმართველოს სარდაფში და ძალიან ცინიკური სახელწოდება აქვს. მას ეწოდება ”ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ნომერ მეორე იზოლატორი”. ანუ ჩვენი ხელისუფლება ესე ხედავს, როგორც ჩანს, ადამიანის უფლებების დაცვას.”(სტილი დაცულია)

ლაშა ჩხარტიშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ სულ მალე ხელისუფლება აპირებს გაზარდოს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე, რითაც ”ნულოვანი ტოლერანტობის” პრინციპს გაავრცელებს ყველა სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანზე, რათა შიში დანერგოს საზოგადოებაში:

[ლაშა ჩხარტიშვილი ხმა ] ”ანუ ხელისუფლება ცდილობს, მართლაც, ”ნულოვანი ტოლერანტობა” გამოიყენოს არა კრიმინალთან ბრძოლისათვის, არამედ რეალურად საზოგადოების დამორჩილებისა და დამონებისათვის. საბჭოთა პერიოდში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა იყო 15 დღე, შემდეგ ის გაიზარდა 30 დღემდე. ხოლო დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც აქვს შირმად - სამწუხაროდ, მხოლოდ შირმად - ამოფარებული დემოკრატია, აპირებს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე გაზარდოს.”(სტილი დაცულია)

კოლეგის მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფლების ინსტიტუტი”. ამ ორგანიზაციის წევრმა თეა თუთბერიძემ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიციასთან შეხლა-შემოხლით ცდილობს პოპულარობის მოხვეჭას:

[თეა თუთბერიძის ხმა] ”არის ხოლმე ძალიან ხშირად პროვოცირება ამ ადამიანების მიერ იმისათვის, რომ მათი დაკავება მოხდეს ან კიდევ, რეალურად, ამ აქციების დაშლა. ეხლა, როცა იცი, რომ აკრძალულია ქუჩაზე გაწოლა და მაინც აკეთებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაცია.”(სტილი დაცულია)

თეა თუთბერიძემ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ხშირად უწევდა ორგანიზებას სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს და არ გაურბოდა შეხლა-შემოხლას პოლიციასთან, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება სწორედ კანონის თანახმად და დემოკრატიის პრინციპებით მოქმედებს:

[თეა თუთბერიძის ხმა] ”იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ კანონს ვარღვევდით, მაგრამ იმდენად სუსტი იყო წინა ხელისუფლება, - ამაში, ალბათ, დამეთანხმებით, - რომ იმის უნარი არ ჰქონდა, რომ ამ კანონდარღვევისთვის ეპასუხა ისე, როგორც საჭირო იყო. აქედან გამომდინარე, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება უნდა იყოს ისეთივე უუნარო, როგორიც იყო შევარდნაძის ხელისუფლება.”(სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს თეა თუთბერიძე, ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი. რაც შეეხება ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრებს, ისინი გადაყვანილნი არიან უშიშროების სამინისტროს მოდულის შენობაში, სადაც ისინი პატიმრობაში გაატარებენ 25 დღეს.
XS
SM
MD
LG